„მთელი ეს პერიოდი ყოველღამე დავდიოდი ტაძარში, მხოლოდ ღმერთმა გადაგვალახინა ეს მძიმე პერიოდი”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი “პოსტ ალიონის” ეთერში სტუმრობისას აცხადებს, რომ წარმატებული ექიმი ღვთის გარეშე არ არსებობს.

მისი თქმით, პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა ღმერთის დამსახურებაა.

„არსებობს ასეთი ორი განმარტება: შეიძლება ადამიანმა მიიღო სამედიცინო განათლება, მაგრამ ვერ გახდე ექიმი და აქედან გამომდინარე, არ არსებობს წარმატებული ექიმი ღმერთის გარეშე, რადგან სულ დგას ის შენს უკან. თუ არ გიყვარს ღმერთი და პაციენტი, ვერ აჯობებ ბოროტებას და ბოროტება, ხშირ შემთხვევაში, დაავადებაა. ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ დიდ მხარდაჭერას, რასაც ღვთიური ძალა ჰქვია, რადგან ვერ მოვერევით ვერც ერთ პათოლოგიას, რომ არა ღმერთის ძალა. პირველად ვამბობ ახლა – როდესაც იყო მოწოდებები „არ შეიკრიბოთ“, თითქმის, ყოველდღე დავდიოდი ღამღამობით ეკლესიაში… არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა, ძალიან ძნელი იყო და ღმერთი არასდროს გვტოვებდა. მე პირადად შეიძლება მარხვას არ ვიცავდე, ეკლესიურ ცხოვრებას არ მივყვებოდე, მაგრამ მწამს ღმერთის და ეს პერიოდი, პირადად მე, მან გადამალახინა და მისმა დიდმა ძალამ. არ არსებობს უფლისა და განგების გარეშე არაფერი“ – განაცხადა ლევან რატიანმა „პოსტ ალიონის“ ეთერში.