“წერილს გწერთ ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი ლელა თოლორდავა”

ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი ლელა თოლორდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ღია წერილი კლინიკა ბომონდი-ის რეანიმაციური განყოფილების უფროსს, ტარიელ კუხიანიძეს
Tato Kuxianize
თქვენ მე არ მიცნობთ, გუშინდელი დღემდე არც მე ვიცოდი თქვენი არსებობა. მაგრამ , გუშინ, იმდენი კარგი რამ მოვისმინე თქვენზე, გადავწყვიტე წერილი მომეწერა.
წერილს გწერთ ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი ლელა თოლორდავა. ოდესღაც ექიმობაზე რომ ოცნებობდა და ბოლოს,არჩევანის დრო რომ დადგა, ჟურნალისტობა არჩია…მაგრამ ექიმებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული მუდამ გულით დააქვს…
ჩემს გულში ბევრი კარგი ექიმი სახლობს, გუშინ თქვენც დაიდეთ ბინა. ამაში კი მთავარი დამნაშავე დეიდაჩემი , ციალა სალდაძეა , რომელიც თქვენი პაციენტების რიცხვში კოვიდმა ჩაწერა…
იმ დღეს , სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ათიოდე წუთით ადრე ვესაუბრე დეიდას და ვანუგეშე, რომ ის გმირია და კოვიდსაც დაამარცხებდა, ისევე როგორც დაამარცხა ფილტვის სიმსივნე…
დეიდა ვანუგეშე, მაგრამ თავად უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდი. ბევრი რამ წამიკითხავს კოვიდის ვერაგობაზე, ვიცი , როგორ იმონებს ქრონიკული დაავადებებით დასნეულებულ პაციენტებს და…
არ არსებობდა წუთი ჩემს მონატრებულ დეიდაზე არ მეფიქრა, როგორც შემეძლო ვლოცულობდი მისთვის. დედა მანუგეშებდა, რომ უკეთესად იყო. კარგი ექიმის ხელში არის და აღარ იდარდოო…
დეტალებს აღარ მოვყვები, რა იყო და როგორ, ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით. მხოლოდ დეიდასთან გუშინდელი საუბარი მინდა სიტყვა- სიტყვით გადმოგცეთ:
,, ლელიკო, დეიდამ გენაცვალოს, უნდა მცე პატივი და ტარიელ ექიმზე სამადლობელი წერილი დამიწერო. თუ შენი დეიდა ახლა ცოცხალია , ეს იმ უკარგესი ბიჭის დამსახურებაა. ჩემს შვილებზე უმცროსია და ბიჭს ვეტყვი. მე არ ვიცი , რა დედამ შობა ,ასეთი ყურადღებიანი და თავმდაბალი, დიდთან დიდი და პატარასთან პატარა, თავისი საქმის ზეპროფესიონალი . ბევრ ექიმთან მქონია შეხება, მაგრამ მასავეთ ექიმად დაბადებული,არავინ მინახავს. ჩემი ღმერთია, მან მაჩუქა სიცოცხლე… უნდა გენახა, როგორ დაგვტრიალებდა თავზე პაციენტებს, ერთი წუთით არ გვტოვებდა უყურადღებოდ. გუნდიც საუკეთესო ჰყავს… გამოგიტყდები და არ მეგონა , ასეთი დონის კლინიკა თუ იყო ,,ბომონდი”. დირექტორიც
Mamuka Mikadze
იყო შემოსული , არ ვიცოდი ვინ იყო და ტარიელ ექიმის ქება დავიწყე, ქება კი არა, სინამდვილეში როგორიც იყო ის ავღნიშნე… გაგიჟებული ვარ , ლელიკო, სხვას რომ მოეყოლა არ დავიჯერებდი. დეიდამ გენაცვალოს , შენ რომ იცი, ისე გადაუხადე მადლობა ჩემი სახელით… მარინაზე
Marina Margvelashvili
და თაკოზეც
თაკო მარგველაშვილი
( დეიდას შვილი და შვილიშვილი. მთელს ოჯახს ჰქონდა კორონა) ვთხოვე , მოვიდნენ და ყველაფერს გავუკეთებო, მათაც თან გადაჰყვა. არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება , მთელი სიცოცხლე ვილოცებ მასზე. იმედიანად ვარ , ლელიკო, უკვე აღარ მეშინია არაფრის”…
თან ამ ყველაფერს მეუბნება საწოლში მყოფი დეიდა კი არა, სამზარეულოში სადილის კეთებაში გართული დეიდა… დაუძლურებული , ფარ-ხმალდაყრილი დეიდა კი არა ,იმედიანი და შემართებით აღსავსე, ისეთი , როგორიც იტალიაში წამოსვლამდე დავტოვე…
ბატონო ტარიელ, თქვენ მარტო კოვიდი კი არ განდევნეთ დეიდას სხეულიდან, არამედ ის დეპრესია და უიმედობა, რომელიც მას იმ დღიდან ჩაუსახლდა, როცა უმძიმესი დიაგნოზი, ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე დაუსვეს…
თქვენ სასწაული მოახდინეთ, ცხოვრების ხალისი დაუბრუნეთ ქალს, რომელიც ყველაზე ქოთქოთა და საქმიანია დედამიწის გულზე…
ბევრი სამადლობელი წერილი დამიწერია, მაგრამ ამ წერილში მადლობასთან ერთად უდიდეს პატივისცემას ვაქსოვ.
მადლობა, ციალა სალდაძის( დეიდაჩემი) და ყველა იმ პაციენტის სახელით, რომლებსაც მეორედ აჩუქეთ სიცოცხლე და რწმენა გაუმყარეთ, რომ კოვიდი განაჩენი არ არის.
მადლობა , პირადად ჩემგან , სამშობლოსგან შორს მყოფი დედისგან, შვილისგან, თანაქალაქელისგან , რომელსაც საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გულში ლახვარს სცემს.
დამერწმუნეთ, როცა შორს ხარ, ასმაგად განიცდი ცუდსაც და კარგსაც… აქ ზომიერების გრძნობა დაკარგული გაქვს, გიჟდები უბრალოდ კბილიც რომ წამოსტკივდეს ახლობელს…
თქვენ წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებით ემიგრანტები ამ პანდემიის დროს…
თქვენ შეუძლებელი შეძელით, გუშინს მერე დარდის გუდა შემიმსუბუქდა, დეიდაჩემის იმედიანმა მდგომარეობამ, მეც დამამშვიდა.
მადლობა ამ სიმშვიდისთვის, ამ იმედითსთვის, რომ საქართველოში არც ისე კატასტროფულად ყოფილა სამედიცინო სფერო, როგორც ამას წარმოაჩენენ ჩემი კოლეგები.
ხალხს იმედი სჭირდება , რაც შეიძლება ბევრმა უნდა გაიგოს ტარიელ კუხიანიძის მსგავს ექიმებზე.
P.S. მეგობრებო, ეს სამადლობელი წერილი იმედია ბევრი პაციენტისთვის , ვინც დათრგუნულია ქრონიკული დაავადებებით და კოვიდის შეყრა სასიკვდილო განაჩენი ჰგონია.რაც შეიძლება ბევრს უნდა გავაგებინოთ, ეს ამბავი.
გააზიარეთ, გთხოვთ !!!”