ნაქსოვი თოჯინა ბერნი სანდერსის გამოსახულებით აუქციონზე გაიტანეს

ტეხასის მცხოვრებმა ტობი კინგმა ამერიკელი სენატორის, ბერნი სანდერსის თოჯინა მოქსოვა და პოლიტიკოსის ის ჩაცმულობა გაიმეორა, რომლითაც ის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე მივიდა. ამის შესახებ Insider-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალმა თოჯინა ონლაინ-აუქციონზე eBay გაიტანა და ამ მომენტისთვის მისი ღირებულება 5,5 ათასი დოლარიდან $17 ათასამდე გაიზარდა. აუქციონის დასრულებამდე რამდენიმე საათი დარჩა.

კინგის თქმით, მიღებულ თანხას საქველმოქმედო ორგანიზაციას Meals on Wheels გადასცემს, რომელიც გაჭირვებულებს საკვებით ამარაგებს.

ინაუგურაციაზე გადაღებული ბერნი სანდერსის ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა და არაერთი მიმად იქცა. ეს ფაქტი თვითონ პოლიტიკოსმაც გამოიყენა – მისმა ოფისმა ფოტოს გამოსახულებიანი მაისურები დაბეჭდა, გაყიდა და მიღებული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა.