“ვერ ვასრულებ პირობას, რამდენი რამე გამოვტოვე…”

325

თინა ხიდაშელი საავადმყოფოდან ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ადამიანებს მოუწოდებს, ნუ გადადებენ ზეიმს და მხიარულებას.

მისი თქმით, მანდ ბევრი რამ გამოტოვა:

“როგორ მეზარებოდა ახალ წელს ნაძვის ხის დადგმა, ზეიმი, მწვანე-წითელი ბრჭყვიალი, სანტა-კლაუსები და თოვლის ბაბუები.
მაინც მოვინდომე, მოვრთე და მოვკაზმე, კოვიდ დეპრესიას ბრძოლა გამოვუცხადე და ელავდა და ბზრიალებდა ჩემი სახლი.
ჩემს თავს პირობა მივეცი არ დავიზარებდი და არანაკლებ დროს და ენერგიას მოვანდომებდი სააღდგომო სამზადისს.
არ გამოვიდა. ვერ ვასრულებ პირობას.
რამდენი რამე გამოვტოვე …
– თოვლი თბილისში;
– გაზაფხულის მოსვლა;
– ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები;
– ბზობა;
– აღდგომა…..
ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატებს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს, უგუნებობას… ვერ დავიბრუნე ხალისი.
არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, არასოდეს უთხრათ არა კარგ განწყობას! სულ მუდამ გამაღიზიანებელ კლიშედ მიმაჩნდა “იცხოვრე ყოველი დღე ისე როგორც უკანასკნელი”. არ ყოფილა კლიშე, ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ყოფილა!
რამდენიმე წლის წინ, 2016-ში დავწერე სიცილი დავკარგე და სიცილის დაბრუნებამდე გემშვიდობებითთქო. რა უღიმღამოდ მოჩანს ეხლა მაშინდელი ტრაგედია და დარდი, ისიც კი აღარ მახსოვს საერთოდ რა იყო ის ტრაგედია და დარდი. წინ იმხელა განსაცდელი მელოდა თურმე, ნამდვილი გამოცდა ნერვებზე, გამძლეობაზე, მობილიზების უნარზე, ხალისის აღმოჩენასა და მოხმობაზე და ალბათ მაინც ყველაზე მთავარზე შენი დარდით და განსაცდელით არ დატანჯო სხვები …
არ ვიცი როგორ ჩავაბარებ ამ გამოცდას, ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს წინ, მაგრამ, ამდენი პრობლემის, სრულ საგიჟეთში ცხოვრების, ირგვლივ უდიდესი გაჭირვებისა და დეპრესიის ფონზე, ყოველდღიულად ამდენ ადამიანს რომ ვახსენდები, მკითხულობს, წარმოუდგენელ სიყვარულს და ენერგიას მიგზავნის, უკვე ზუსტად ვიცი რომ სამი თვის შემდეგ იქნება თუ ექვსი თვის შემდეგ აუცილებლად ფეხზე დავდგები და იმაზე უფრო რკინის ვიქნები ვიდრე მანამდე ჩემი, შენი, ჩვენი უკეთესი ყოფისთვის.

PS აქვე ძალიან დიდი ბოდიში ყველას როდესაც უცებ ვერ გპასუხობთ, ერთი მხრივ ძალიან სუსტად ვარ, უამრავ პროცედურას მიტარებენ, და თუ პროცედურებზე არ ვარ ისეთი დაღლილი ვარ პრაქტიკულად სულ მძინავს და ამასობაში გადის დღე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა ყველას მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ ამას, როგორც ჩანს, ხშირად ვერ ვახერხებ.”- წერს თინა ხიდაშელი.