იტალიელმა შეფმზარეულმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის 21 კერძი შექმნა

860

იტალიელი შეფმზარეული, ენცო ნერი, 3 წელია საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. 48 წლის ენცო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული შეფმზარეულია, რომელსაც მილიარდერები ოჯახური მენიუს შედგენას ანდობენ.

ენცომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვისაც შეიმუშავა რეცეპტები და მისმა შექმნილმა კერძებმა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

– საქართველოში დროებით ხართ თუ შეიძლება აქ სამუდამოდ დარჩენაზეც იფიქროთ?

– მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი, არასდროს მიფიქრია, რომ დროებით ვარ. ხმელთაშუა ზღვის რესტორნის გახსნის შემდეგ ვმუშაობდი სასტუმრო „რედისონის“ ჯგუფში, „ბიოლში“… ახლა ვარ „დაინჰოლის“ ბრენდშეფი.

მე მქონდა შესაძლებლობა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის რამდენიმე დიეტური კერძი შემემუშავებინა და პირადი შეფმზარეულები  მომემზადებინა.

– როგორ დაგიკავშირდათ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და რა უნდა გესწავლებინათ შეფმზარეულებისთვის?

– ოჯახი ცდილობდა, ეპოვა ადამიანი, რომელსაც შეეძლო, გარკვეული პერსონალური ტრენინგები ჩაეტარებინა პირად მზარეულებთან და ასევე მათთვის წარედგინა განსხვავებული კერძები.

ერთ-ერთი კომპანია დამიკავშირდა. საჭირო დოკუმენტაცია გავაგზავნე და ტენდერი მოვიგე. ნიუ იორკში ყოფნის ბოლო წელს ერთ-ერთი მილიარდერი კონგრესმენის პირადი შეფმზარეული ვიყავი. ასე რომ, ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება არ ყოფილა.

– რა პროდუქტები ჩართეთ ივანიშვილების რაციონში და რა ამოიღეთ, რა იყო მათი მთავარი მოთხოვნა, რა უნდა გაგეთვალისწინებინათ?

– 21 ახალი რეცეპტი შევიმუშავე. ძირითადად ეს იყო ზღვის პროდუქტების კერძები და ვეგეტარიანული ვარიანტები, ასევე – მზარეულებს ტრენინგებს ვუტარებდი. ეს ძალიან კარგი და მხიარული დრო იყო. ჩემგან არ ითხოვდნენ, დიეტური საჭმელებიდან რამე ამომეღო ან დამემატებინა. ისინი ითხოვდნენ, რომ ამ საჭმელებისთვის შემემატებინა უცხოური კულინარიის გემო და ყოფილიყო საერთაშორისო სტანდარტების.

– გურმანები არიან ივანიშვილის ოჯახში?

– დიახ, ძალიან გურმანები არიან და იციან, რა უნდათ. მათთან ურთიერთობით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ზღვის პროდუქტების ვარიანტები ყველაზე მეტად დაფასდა.

– ოჯახის თითოელი წევრის გემოვნება გაითვალისწინეთ? მაგალითად, ცნობილია, რომ  ბიძინა ივანიშვილი დიდ ყურადღებას აქცევს ჯანმრთელ პროდუქტებს. პირადად მას რა კერძი მოსწონს ყველაზე მეტად?

– ნამდვილად არ მსურდა და არც მოვითხოვდი ოჯახის თითოეული წევრის მენიუს გარკვეული დეტალების ცოდნას, მაგრამ ინგრედიენტების ხარისხი იყო არაჩვეულებრივი და თითქმის ყველაფერი იყო ორგანული, პრინციპით – ფერმიდან პირდაპირ მაგიდაზე.