„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში „ჩემი ცოლის დაქალების“ ცნობილი პერსონაჟის, ჩიკას გარდაცვალებას ეხმიანება. მოგეხსენებათ, ამ როლის შემსრულებელმა ანა ჩირაძემ „რუსთავი 2“-ზე გადაინაცვლა, სადაც ახალი შოუ მიჰყავს და შესაბამისად, სერიალი დატოვა.
რომან გოცირიძე წერს:
„ჩიკა მოკვდა!
გლოვობს მთელი საქართველო. გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები. მოითხოვენ ქეთი დევდარიანისაგან გააცოცხლოს ისევე, როგორც გააცოცხლეს ჯონ სნოუ.
პირველი შემთხვევაა, რომ ღალატი არ აპატიეს.
გადადიოდნიდნენ “რუსთავიდან” “იმედში”, ბრუნდებოდნენ “იმედიდან” “რუსთავში” თუ “მთავარში”, კრიტიკულ არხებზე რეიტინგული მუსიკალური შოუების მთელი ჟიური და სარეკლამო სახეები გადაბარგდებოდნენ სახელისუფლებო არხებზე, მერე ზოგიერთი ისევ გადმობარგდებოდა უკან. როგორ უნდა გესაყვედურა, როცა ეს ქართული ცხოვრების წესი იყო? გუშინდელი ნაცი დღეს ქოცია, გუშინდელი ქოცი დღეს ნაცია, ლეიბორისტი რომ იყო, მერე კაპიტალისტების პარტიის სახე გახდა, მღვდელი რომ გეგონა, თურმე რუსეთის აგენტი ყოფილა. იტყვით ალბათ, ჩიკას ღალატი აქ რა მოსატანიაო? ყოფილა მოსატანი და თანაც როგორ. აიღო და მოკლა, მოკლა და თანაც როგორ, პისტოლეტით კი არა, ბოროტი სენით კი არა, მოკლა სასაცილოდ, დამამცირებლად, მშრალი ყინულით სავსე აბაზანაში ჩააწვინა და გაყინა პაპანაქება სიცხეში.
ჩემი ცოლი და მისი დაქალები იმედს არ კარგავენ-რადგან სანტეს ნაყინივით გაყინა, შეიძლება მერე გაცოცხლებას უპირებსო, ხომ შეიძლება ფილმმა ჟანრი ცოტათი შეიცვალოს, ფანტაზიის ელემენტები გაურიოსო:))
არა, ვეუბნები მე! არ გააცოცხლებს, მოსაკლავი უნდა მოკვდეს!
შენც დევდარიანივით ბოროტი ყოფილხარო.
დიახ, კეთილი ბოროტი ვარ!“