“რაღაცებზე რომ წავიტეხე ცხვირი, მერე მივხვდი, ყველა ადამიანს თავისი ადგილი უნდა მიუჩინო”

1,021

მართალია, ლენუკა ყიფშიძე დროებით უმუშევარია, მაგრამ დროს არ კარგავს და საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნავს. როგორც თავად ამბობს, ამისთვის დიდი ძალისხმევა სულაც არ სჭირდება და მისივე თქმით, ადამიანი რომ ფორმაში იყოს, მთავარი მონდომებაა და არა ძვირად ღირებული კოსმეტიკური პროცედურები. ეს კი მის გარეგნობას ნამდვილად ეტყობა.

ლენუკა ყიფშიძე: ზაფხულში დასვენება ვერ მოვასწარი, მაგრამ ჩემი დაქალის წყალობით, ნამდვილ სამოთხეში ამოვყავი თავი, სადაც სექტემბრის თვეში დავისვენე. ეს არის ნახევარკუნძული ალაჩათი თურქეთში, იზმირიდან ერთი საათის სავალზე. ჩემმა დაქალმა აღმოაჩინა ეს სამოთხე და ხუთი ღამე ნამდვილ ზღაპარში ვიყავი. ახლაც გამოყოლილი მაქვს ემოცია და ის ენერგეტიკა, რაც იქ „ავკრიფე“. ისეთი გარემო იყო, ასე მეგონა, იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში – სამ ქვეყანაში ერთდროულად ვიმოგზაურე და ეს ჩვეულებრივად მოვასწარი ხუთ დღეში (იცინის). საოცარი განცდა გამომყვა. ფერადი, გემოვნებიანი სამყაროა ირგვლივ, ყვავილების სურნელი ტრიალებს და ხალხიც სულ გიღიმის. მოკლედ, ჩემი სამოთხე უკვე აღმოვაჩინე და აწი, მეგობრებთან ერთად, ყოველ წელს, სულ იქ დავისვენებ – ეს ტრადიცია უკვე დამკვიდრდა. სხვათა შორის, ჩემს შვილთან ერთად ვიყავი ალაჩათში და უკვე იმხელა ბიჭია, ყველას ჩემი „ბოიფრენდი“ ეგონა (იცინის).

– ახლა, როცა თბილი დღეები დასრულდა და საშემოდგომო გრილი სეზონი დადგა, ამინდის ცვლილება თუ მოქმედებს განწყობაზე?

– თებერვალში დავიბადე, ზოდიაქოთი „თევზები“ ვარ და წყალი ჩემი სტიქიაა. მართალია, ზამთრის ყინვა და სიცივე არ მიყვარს, მაგრამ არც ის მიყვარს პაპანაქება ზაფხულში, ჟანგბადი რომ არ არის, ვიხრჩობი და ვერ ვსუნთქავ. გამოდის, შემოდგომა, ჩემი სეზონია (იცინის). ზოგადად, ამინდის ცვალებადობა ჩემს ხასიათზე საშინლად და არანორმალურად მოქმედებს. მამაც და დედაც ასეა და ეს გენეტიკურად დამყვა.

– როგორც ვიცი, თურქეთიდან დაბრუნებულს, დასვენებულზე შრომაც მოგიწია კახეთში. იქ როგორ აღმოჩნდი?

– კახეთში ახალი სასტუმროს გახსნაზე დამპატიჟა ლაშა გურგენიძემ, თავისუფალ თეატრთან ერთად. რთველშიც მივიღე მონაწილეობა, თან გადაღებებიც გვქონდა და ამის მერე, დიდი სუფრაც გაიშალა. მართალია, მეორე დღეს უკან დავბრუნდი, მაგრამ საოცარი დღის საოცარი შთაბეჭდილებები გამომყვა.

– ლენუკა, სასწაულ ფორმაში ხარ. ამისთვის მტანჯველი დიეტების დაცვა გიწევს, ვარჯიში თუ ესეც გენეტიკის დამსახურებაა? ზოგადად, როგორია შენი თავის მოვლის პროცედურები და როგორ იწყება შენი დილა?

– რამდენიმე წელია, უმუშევარი ვარ და ცოტა გავზარმაცდი, თუმცა რაც შეეხება თავის მოვლას, ძალიან მიყვარს. ეს ბებიისგან და დეიდისგან დამყვა. დიეტას, არასოდეს ვიცავ, უბრალოდ, რაციონიდან რაღაცები ამოვიღე და შევზღუდე, მაგალითად, ტკბილეული და თეთრი პური, ცხიმიანი საკვები. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო და ბევრი ვიარო ფეხით. ზოგადად, პრანჭიკელა არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა, 20 წლის ასაკიდან, სერიოზულად დავიწყე თავის მოვლა. ქალურობა შიგნიდან მაქვს, თუმცა, გარეგნულად სპორტული ვარ. კოვიდის პერიოდში, ვარჯიშსაც შევეშვი, მაგრამ ახლა დავიწყე და კვებასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. ზოგადად, რაც წლები გემატება, უფრო აქტიურად უნდა ივარჯიშო, ბევრი იარო ფეხით, ჯანსაღად იკვებო, რომ მერე ასაკში არ „ჩაეშვა“. მიყვარს მოვლილი ქალი. ჩემი თავის მოვლის პროცედურა მარტივია – სახის კანი, თმა და ფრჩხილი სულ მოწესრიგებული უნდა მქონდეს. მყავს ჩემი ექიმი – ნინო, რომელიც მაძლევს რეკომენდაციებს და მას ვუჯერებ. მაგალითად, მეუბნება, რომ ძილის წინ ჩამობანის მაგივრად სახე სპეციალური წყლით გავიწმინდო. ნიღბებსაც ვიკეთებ და ზოგადად, სახის კანის, თმისა და სხეულის ბუნებრივი ინგრედიენტებით სახლის პირობებში, უსაფრთხო მოვლის მომხრე ვარ.

– ბოტოქსი და ბიორევიტალიზაცია თუ გაქვს გაკეთებული?

– ბოტოქსს ვიკეთებ, რომ მიმიკური ნაოჭები და ღარები შევავსო. მიყვარს რუჯი და კანი რომ არ დაჭკნეს, ამისთვის ბიორევიტალიზაციით კანის გამოკვება აუცილებელია. ერთი პერიოდი ცხვირი ამოვიჩემე. კეხი მიშლიდა ნერვებს, მინდოდა, სწორი ცხვირი მქონოდა და ოპერაციაზე მამამ მითხრა უარი: ისედაც პატარა ცხვირი გაქვს და რაღა დაგრჩებაო (იცინის). მეგობრებიც მეუბნებოდნენ: დაანებე თავი, კეხიანი ცხვირი და ხალი შენი ერთგვარი სავიზიტო ბარათიაო (იცინის). მოკლედ, ნემსის ინიექციით, ცხვირს ვიკეთებ, მაგრამ ხალს ვერ ვეხები, რადგან ზურამ მითხრა: ხალს შეეხები და სამუდამოდ დამკარგავ, ეს ღმერთმა მოგცა ნიშნად და ხელი არ მოჰკიდოო. ხალს ხელს არ ვკიდებ, მაგრამ გარეგნობაში ცვლილებები სულ შემაქვს. თუმცა, ისე არა, ბუნებრიობას ავცდე და დავკარგო. ასე რომ, ოდნავ ვიწევ ცხვირის „კონჩიკს“ ფილერით, ტატუაჟს ვიკეთებ ტუჩზე, რომ ოდნავ დავიფერო, მიმიკურ ღარებს ბოტოქსით ვივსებ და კანს ბიორევიტალიზაციით ვკვებავ. რამდენიმე მეგობარმა მითხრა: ნანი ბრეგვაძესავით ხარ, რაც წლები გემატება, უფრო და უფრო ლამაზდები და არც ასაკი გეტყობაო (იცინის). სხვათა შორის, ამბობენ, კოსმეტიკური და თავის მოვლის პროცედურების დაწყება კარგია 25 წლის ასაკიდანო, თუმცა, მე ცოტა მოგვიანებით, 33 წლის ასაკში დავიწყე.

– რადგან ასაკს შევეხეთ, გკითხავ: წლების მატებასთან ერთად, რამის გადაფასება ან შეცვლა თუ მოხდა შენში?

– მსოფლმხედველობა და ხასიათი შემეცვალა. ადრე ძალიან გულღია ვიყავი და ყველაფრის ლაპარაკი მიყვარდა. მეგონა, ყველას უხაროდა ჩემი წარმატება და სიხარული. რაღაცებზე რომ წავიტეხე ცხვირი, მერე მივხვდი, რომ თურმე, ყველა ადამიანს თავისი ადგილი უნდა მიუჩინო. მივხვდი, ცხოვრება ძალიან მალე გარბის და სჯობს, დრო ჩემს შვილს, ოჯახს და საყვარელ და ნამდვილ ადამიანებს დავუთმო. ასე რომ, ადრე უაზროდ ვკარგავდი დროს, ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც თავისი სახე მაჩვენეს და ახლა ის დრო მენანება. სხვათა შორის, დედა სულ მაფრთხილებდა და მეჩხუბებოდა: ნუ კარგავ დროს უაზროდ, მერე ინანებ, არ გირჩევ, ცხვირს წაიტეხო და ზუსტად ასეა. თუმცა, კიდევ ვამბობ, სანამ ცხვირი არ წავიტეხე ბევრჯერ და არა ერთხელ, მანამდე ვერ მივხვდი. ასაკის მატებასთან ერთად, მეგობრების გადაფასებაც მოხდა და პირად ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლაც.

– უამრავი ახალი სატელევიზიო პროექტი გამოჩნდა, მათ შორის, ახალი სახეები. თქვი, უმუშევარი ვარო და არ გქონია შემოთავაზება თუ თავად არ გაქვს სურვილი?

– უმუშევარი რომ დავრჩი, ნევროზმა შემომიტია. არ შემიძლია ვინმესთან მივიდე და ვთხოვო სამსახური. არადა, მამის კისერზე როდემდე უნდა ვიყო? დიდი ოჯახი ვართ, მე 20 წლის შვილი მყავს და მინდა, ცალკე გადავიდე, რაღაცნაირად მოვახერხო. ეს გეგმაში მაქვს. მეგობრებიც მამხნევებენ და ნიკუშაც, ჩემი შვილიც მეუბნება: დედა, ყველაფერი კარგად იქნება, „მოვიხოდებითო“… ვცდილობ, დადებითი ემოცია და ფიქრი გავუშვა კოსმოსში და ვფიქრობ, იგივე დამიბრუნდება და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება ტელევიზიებს, არ ყოფილა შემოთავაზება, თუმცა, ეს ჩემი სფერო არაა. აქტიური ადამიანი ვარ და ჩემი საქმე უფრო პიარი და ხალხთან კომუნიკაციაა. ჯერჯერობით სიახლე ამ კუთხით არ არის და თუ რამე გამოჩნდა, პირველი თქვენ გაიგებთ (იცინის). სულ მოლოდინში ვარ, ახლა გამოჩნდება სამსახური, ახლა-მეთქი და… უმუშევრობის ფონზე უძილობა დამჩემდა და ძალიან დამეტყო, სულ ფიქრებში ვარ, მაგრამ ახლა ვცდილობ, საღამოობით ბევრი ვიარო ფეხით და ძილის რეჟიმი მოვიწესრიგო. ჩემთვის ჯანმრთელობა ყველაფერზე მთავარია.