მსახიობისა და მომღერლის გიორგი ცხადაძისა და ჟურნალისტ სალომე ლემონჯავას ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. ცხოვრების ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ნენეა, თუმცა, შვილის აღზრდასთან ერთად, პროფესიულ განვითარებასაც ახერხებენ.
სალომე ლემონჯავა: ნენეს დედობა რამდენადაც დიდ ბედნიერებას მანიჭებს, იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა. რაც დაიბადა, შიშები გამიმძაფრდა, არაფერი მოგვივიდეს და ამით მას რამე არ დააკლდეს. როცა ვერ ვხედავ, შფოთვები მაქვს, სულ ვფიქრობ: ახლა რას აკეთებს, როგორ არის და ასე შემდეგ.
გიორგი ცხადაძე: სანამ მშობლები გავხდებოდით, როცა მეგობრების საუბრებს ვუსმენდით შვილების შესახებ, გვიხაროდა, მაგრამ გვეგონა, რომ ჩვენ საკუთარ შვილებზე ამდენს არ ვისაუბრებდით. ახლა, მგონი, ქუჩა-ქუჩა დავდივართ და ვლაპარაკობთ, რა მაგარი ყოფილა მშობლობაო (იცინის).
სალომე: ადრე ვინმე ტელეფონით შვილის ფოტოს რომ მაჩვენებდა – ნახე, რა საყვარელიაო, ვფიქრობდი, მე ასე არ მოვიქცევი-მეთქი და ახლა სამსახურში ვარ თუ სხვაგან, ნენეს ფოტოებს რომ ვუყურებ, იმიტომ, რომ ძალიან მენატრება, გარშემო ყველას ვაჩვენებ და ვხვდები, რომ ზუსტად ისეთი გავხდი, როგორზეც ვამბობდი, რომ არ ვიქნებოდი (იცინის).
– პროფესიულად ორივე ძალიან აქტიურები ხართ და როგორ ანაწილებთ დროს? დედისთვის განსაკუთრებით რთულია პირველი განშორება ბავშვთან და სამსახურში დაბრუნება.
– ძალიან დიდი სტრესი მქონდა. მშობიარობის შემდეგომი დეპრესია მაშინ დამეწყო, როცა სამსახურში გავედი. ორმაგად რთული აღმოჩნდა, რადგან ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა. გახსენებაც არ მინდა, იმდენად მიჭირდა. მანამდე ეტაპობრივად შევაჩვიე ჩემ გარეშე ყოფნას. რამდენიმე საათით ვტოვებდი ხოლმე დედაჩემთან, რომელიც ძალიან გვეხმარება ნენეს გაზრდაში. ვეცადე, ჩემთან განშორება მისთვის დიდი სტრესი არ ყოფილიყო, თუმცა, ჩემთვის იყო.
– ერთმანეთისთვის გრჩებათ დრო?
გიორგი: ურთიერთობის ყველა ეტაპი ძვირფასია. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ნენე გვაკავშირებს, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ინტიმი არ დავკარგოთ. ვცდილობთ, კვირაში ერთი დღე მაინც ნენე ბებოსთან დავტოვოთ და ერთად გავისეირნოთ ან სახლში ვიყოთ და ფილმს ვუყუროთ.
– გიორგიმ შეყვარებულობის პერიოდში, მართალია სხვისი, მაგრამ ლექსი გაჩუქა. დღესაც თუ არის ასეთი რომანტიკული?
სალომე: კი (იცინის). ძალიან სპონტანურად, „არაფრის“ დღეს, სიმბოლურ საჩუქრებს მოგვიტანს ხოლმე მე და ნენეს. ან სიახლე რომ აქვს, რომანტიკულად გამოგვიცხადებს ოჯახს და, ესეც განსაკუთრებულ განწყობას გვიქმნის. გიორგი ძალიან კარგი პარტნიორია. ფილმის ყურების პროცესსაც ისე რომანტიკულად აქცევს, რომ ერთი სიამოვნებაა.
გიორგი: ხანდახან მეძინება და ეს უკვე ისეთი რომანტიკაა, როცა სალომე წიხლების კვრაზე გადადის, მაგრამ პირველი ნახევარი საათი ხომ ნამდვილი რომანტიკა გვაქვს?! (იცინის).
– გადავიდეთ ჭორებზე. გიორგი, ერთხელ თქვი: თურმე, არაერთი საყვარელი მყოლია, ქალებიც და კაცებიცო. როგორ მოქმედებს ასეთი ამბების გაგება საკუთარ თავზე?
– საქართველოში ძალიან გვიყვარს ჭორების გავრცელება და ხშირად იმდენად არარეალურის, რომ ობიექტურად რთულია დაჯერება. ჭორები ძირითადად, საყვარლებს უკავშირდება ხოლმე და მეც გამიგია, რომ უამრავი საყვარელი მყავდა, ხან ქალები, ხან კაცები (იცინის). სალომეზე ჭორები არა, მაგრამ მახსოვს, პროექტში ვიყავი, სადაც არ ვამჟღავნებდით, რომ ცოლი მყავდა. მერე, როცა ეკრანზე პირველად გამოვჩნდით ერთად, ჩვენს ურთიერთობაზე უარყოფითი შეფასებები წამოვიდა: ვინ არის ეს გოგო და რატომ შეიყვარეს ერთმანეთიო…
სალომე: თვლიდნენ, რომ გიორგი ძალიან სიმპათიური და ნიჭიერია და მე, ასეთი უშნო, რატომ ვარ მის გვერდით. ვიღაცამ ასეთი ფრაზაც დაწერა: სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთიო. თავდაჯერებულობის ამბავია. არ ვამბობ, რომ ყველაზე ლამაზი ვარ, მაგრამ არ მჯერა, რომ უშნო ვარ, არ მჯერა, რომ ჩვენი სიყვარული ისეთი ბრმაა, რომ გიორგი ობიექტურად ვეღარ აღმიქვამს, ამიტომ ეს დამოკიდებულება ჩემზე გავლენას ვერ ახდენს.
– კი, დაიწუნეს ვიღაცებმა, მაგრამ სალომეს დასაწუნი არაფერი სჭირს, გიორგი, თუ გაქვს ხოლმე ეჭვიანობის მომენტები?
გიორგი: თუ ადამიანი გაინტერესებს, გამორიცხულია მისი მისაკუთრების გრძნობა არ გქონდეს და ზომიერების ფარგლებში არ ეჭვიანობდე. თუმცა, ეს ყველაფერი დაბალანსებულია. სალომეც არის ეჭვიანი, თუმცა ცოტა განსხვავებულად. მე თუ ვჭამ მზესუმზირას და ის ჩემთან ერთად არ არის, ამაზე იეჭვიანებს, მე თუ წავედი ნენესთან ერთად სასეირნოდ და ის ვერა, ამაზეც იეჭვიანებს (იცინის).
სალომე: კი, ეგოისტი ვარ. არ მინდა, გიორგისთან მიმართებაში ასე რომ, ვარ ეჭვიანი, მაგრამ თუ ადრე ქალზე ვიეჭვიანებდი, ახლა ვეჭვიანობ დროზე, რომელსაც გიორგი ჩემ გარეშე ატარებს. ჩვენს გრაფიკზე უკვე ისაუბრა და თუ ძალიან გიჟური დღეები გადაება ერთმანეთს, მაშინ „ვჭედავ“ ყველაფერზე, რის გამოც გიორგისთან ერთად ყოფნის საშუალება წამერთვა (იცინის).
გიორგი: თუმცა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველაფერს ერთად ვუმკლავდებით.
– მრავალწლიანი ურთიერთობა გაკავშირებთ, დღეს რა ადგილი გაქვთ ერთმანეთის ცხოვრებაში?
სალომე: ჩვენ ერთმანეთს ცოლ-ქმარს არ ვეძახით, ერთმანეთის პარტნიორები ვართ ცოლქმრობაში, მეგობრობაში, პროფესიაში, მშობლობაში თუ სხვა პასუხისმგებლობებში. გიორგი ჩემი საუკეთესო მეგობარია, ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიზიდავს, ჩემი ყველაზე დიდი მესაიდუმლე. არ არსებობს მასთან არ გავიზიარო რამე. მე მასთან ყოფნით ჩემი კომფორტის ზონა ვიპოვე, საიდანაც გამოსვლა არ მინდა. ჩვენ მართლა ერთი გუნდი ვართ.
– გიორგი, არ ვიცი რაღა უნდა დაამატო…
გიორგი: ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა, ნენემდე და ნენეს შემდეგ, მაგრამ მანამდეც და ახლაც, ჩემი მთავარი მეგზური სალომეა. შვილი ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ სალომე ჩემი მეორე ნახევარია, რომლის გარეშე ცხოვრება, ერთი წუთითაც კი არ წარმომიდგენია. მაშინაც კი, როცა ძალიან მაგრად ვჩხუბობთ, რაც ხშირად ხდება (იცინის). ყოველთვის ვიცი, სად არის, რას აკეთებს, ანალოგიურად – მანაც და ჩვენ ერთმანეთით ვცხოვრობთ. ერთი შეხედვით, ძალიან პრაქტიკული და ცივი გონების პატრონია, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან თბილი და მზრუნველია, რაც მასში ყველაზე მეტად მომწონს. ჩემი აზრით, ჩვენ არ ვართ სტანდარტული წყვილი – სალომე არასდროს ალაგებს სახლს, ჩემი ტანსაცმელიც ყოველთვის გაუუთოებელია, არც საჭმელს ამზადებს არასდროს, მაგრამ ამის მიუხედავად, სალომე ყველაზე მზრუნველია (იცინის). მართლა არ ვიცი, ამას როგორ ახერხებს, მაგრამ ასეა. სალომეს გვერდით თავს კაცად ვგრძნობ, რაც დიდი ბედნიერებაა.