“ვისგანაც არ ელოდები, ის რომ გღალატობს, ეს არის ყველაზე მძიმე”

460

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა და განსაკუთრებით ხელოვან ადამიანებს შეუშალა ხელი საქმიანობაში, მომღერალი ლოლა წერეთელი თითქმის ჩვეული ტემპით აგრძელებს კონცერტების ჩატარებას. ზაფხულში ის საქართველოში იყო, ახლახან – ნიუ-იორკში, თუმცა ამ ეტაპზე სტაბილურად მოსკოვში ცხოვრობს.

ლოლა წერეთელი: ახლახან დავბრუნდი ნიუ-იორკიდან. იქ ახალგაზრდა ქართველი კაცის რესტორანში რამდენიმე კონცერტი ჩავატარე. ამ ბიჭს ორი რესტორანი აქვს ერთი დასახელებით: Royal Palace Tbilisi – უგემრიელესი საჭმელებითა და ქართული მასპინძლობით. ივნისში იქ სამი კონცერტი მქონდა, ახლა – ექვსი. მონატრებული ხალხი მეფერებოდა, ძალიან კარგია ნიუ-იორკი, ემოციებით სავსე დავბრუნდი რუსეთში. მოსკოვში მაქვს სტაბილური სამსახური და სამ ჩვენებურ რესტორანში ვმუშაობ. ზაფხულში საქართველოშიც მქონდა კონცერტები ორი თვის განმავლობაში. მერე ისევ ჩამოვედი, რადგან აქ არაფერი არ ჩერდება, ყველაფერი მუშაობს.

– ძლიერი ქალი ხართ, დანაკარგებს არ უშინდებით და ყველაფრის თავიდან დაწყებაც არ არის პრობლემა, არა?

– რა თქმა უნდა. ყველაფერს დამოუკიდებლად ვუმკლავდები და ყველა ჩემი პრობლემა მხოლოდ ჩემი მოსაგვარებელია. ეს მე არ მაშინებს.

– ფულთან მიმართებით ხელგაშლილი ხართ?

– ძალიან ხელგაშლილი ვარ. ხელგაშლილი რომ არ ვიყო, ალბათ, მილიონერი ვიქნებოდი, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის. ვერ ვიტყვი, რომ რამეზე განსაკუთრებულად ვარ ჩაციკლული. ტანსაცმელი მჭირდება, რადგან სცენა მოითხოვს კოსტიუმების მრავალფეროვნებას და ამიტომ ვყიდულობ. სამკაული, მგონია, რომ ყველა ქალს უყვარს და არც მე ვარ გამონაკლისი. ძალიან მიყვარს ბინის ლამაზად მოწყობა. ფერებს ვაქცევ დიდ ყურადღებას და კომფორტს, ადამიანი არ უნდა დაიღალოს და ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს სახლში. ამიტომ სახლისთვის საჭირო ნივთებში არ მენანება ფული. სხვათა შორის, ახლა მოსკოვშიც ზუსტად ისეთ სახლში ვცხოვრობ, როგორიც თბილისში მაქვს. რესტორანმა შემირჩია რამდენიმე ვარიანტი და მე მათ შორის ეს ავარჩიე. თბილისიდან ჩემი ფუმფულა ბალიშები ჩამომიტანეს, ჩემი ძაღლიც წამოვიყვანე და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

– როგორი ინტუიცია გაქვთ?

– ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. ყველაფერს წინასწარ ვგრძნობ. შემიძლია, ზუსტად ვთქვა, რა იქნება ხვალ. ადამიანს რამე თუ შესთავაზეს, ზუსტად შემიძლია ვუთხრა, გამოვა თუ არა ის საქმე. რამდენიმე წელია, რაც ეს უნარი აღმოვაჩინე საკუთარ თავში. ჩემი მეგობარი ქმარს ელოდა, უცხოეთიდან უნდა ჩამოსულიყო. მაშინ ქობულეთში ვიყავით და მითხრა, ათ სექტემბრამდე ჩამოვაო. მე ვუთხარი, არა, ეგ 25 სექტემბერს ჩამოვა-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ზუსტად 25-სთვის ჰქონდა ბილეთი აღებული. არ ვიცი, ეს როგორ ხდება. რიცხვებსაც კი ზუსტად ვამბობ ხოლმე, მაგრამ თვითონაც არ ვიცი, ამას როგორ ვხვდები. ხანდახან ჩემს თავს გვერდიდან რომ ვუყურებ, მეცინება. ამერიკიდან რუსეთში გამოფრენამდე დავრეკე მოსკოვში, ვიკითხე, პისიარ ტესტის გაკეთება მჭირდება-მეთქი? რადგან ვაქცინა გაკეთებული მქონდა, მითხრეს, რომ არ იყო საჭირო. მაგრამ მერე ვიფიქრე, საერთოდ, რატომ ვკითხულობ, როცა ისედაც ყოველთვის ვიკეთებ ტესტს-მეთქი. თუმცა, რადგან მითხრეს, არაო, წამოსვლის წინ აღარ გავიკეთე. დილით რომ ავდექი და ვემზადებოდი, ვგრძნობდი, რომ მანქანა, რომელსაც აეროპორტში უნდა წავეყვანე, დააგვიანებდა. ასეც მოხდა. წავედი აეროპორტში და მხოლოდ ოცი წუთი იყო დარჩენილი რეგისტრაციის დასრულებამდე. მანამდე, მანქანით აეროპორტისკენ რომ მივდიოდით, ვფიქრობდი, გამოფრენას ვერ შევძლებ, რაღაც მოხდება-მეთქი. მივედი რეგისტრატურაში და მეუბნებიან, პისიარტესტი არ გაქვს გაკეთებული და ვერ გაფრინდებიო. წესით, არ იყო აუცილებელი, მაგრამ მოსკოვში საბუთების ამბები არ მაქვს დასრულებული და ამიტომ გახდა საჭირო. აეროპორტში რომ არ დამგვიანებოდა, შემეძლო, იქვე გამეკეთებინა ეს ტესტი და გამოვფრენილიყავი. მე კი ისედაც გვიან მივედი და ვეღარ მოვასწარი. ჩემი წინათგრძნობა გამართლდა, ვერ გავფრინდი იმ რეისით, მაგრამ გამიმართლა, სამ საათში იყო შემდეგი რეისი, გავიკეთე ტესტი და გამოვფრინდი.

– კონკრეტული საქმის დაწყების წინ, ან ადამიანებთან ურთიერთობისასაც გაქვთ მსგავსი წინათგრძნობა?

– ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, მათ შორის ადამიანებიც და ძალიან რთულია, ვინმეს ენდო. მე ძალიან მეშინია ამის, ამიტომ, ამ პერიოდში ბიზნესს ხელს არ ვკიდებ. ინტუიციას რომ თავი დავანებოთ და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ახლა არაფრის წამოწყება არ შეიძლება. სულ მქონდა საკუთარი ობიექტები და ყველაფერი კარგად მუშაობდა, მაგრამ ახლა, უმჯობესია, ხელში მიკროფონო ავიღო და ვიმღერო. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, რაც მე მეხება, ყველაფერს წინასწარ ვგრძნობ. მე ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა. ვიცოდი, რომ რაღაც დიდი საშინელება მელოდა. ახალი ადამიანების გაცნობისასაც ბევრ რამეს ვგრძნობ. საერთოდ, ისე ვარ შეშინებული, ადამიანებთან დისტანციას ვიცავ. ალბათ, 10-15 წელია, ასე ვარ, კარგი გამარჯობა, მოკითხვა, მაგრამ ზედმეტი სიახლოვე – არა. სულ რამდენიმე ადამიანია ჩემ ირგვლივ, ძალიან ახლობლად რომ მიმაჩნია. სულ რაღაც სამი წლის წინ, კარგი მეგობრები რომ მეგონენ, ისეთი ადამიანები დავკარგე. ვისგანაც არ ელოდები, ის რომ გღალატობს, ეს არის ყველაზე მძიმე. აღმოჩნდა, რომ, ვინც ოჯახის მეგობრებად მიმაჩნდა, სინამდვილეში ასე არ ყოფილა.

დაახლოებით ათი წლის წინ, მე და ყოფილი მეუღლე დაგვაყაჩაღეს, სახლიდან ძალიან ბევრი ოქრო და ფული წაიღეს. ამ შემთხვევამდე ორი-სამი დღით ადრე, სახლში ავდიოდი და სადარბაზოში შესვლისას ვიფიქრე, ახლა რომ უცებ ვიღაცამ დამაყაჩაღოს, რა უნდა ვქნა-მეთქი. არ ვიცი, რატომ ვიფიქრე ასე, მაგრამ ფაქტია, მესამე დღეს, დილის ხუთ საათზე დაგვაყაჩაღეს. თუმცა, ამ შეგრძნებების არ უნდა გეშინოდეს. როცა წინასწარ გრძნობ, რაც უნდა მოხდეს, რამეს იღონებ და შეეცდები, თუკი შესაძლებელია, თავიდან აირიდო ის.

– მეგობრები თუ გეკითხებიან აზრს, როცა რაიმეს გაკეთებას აპირებენ?

– ისრაელში მყავს ერთი მეგობარი, რომ თხოვდებოდა, ნერვიულობდა, მეკითხებოდა, რა ვქნა, გავრისკოო? ვუთხარი, ცუდზე არ იფიქრო, ის გააკეთე, რაც გინდა და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ახლა მართლაც ძალიან ბედნიერი წყვილია. ძალიან მიხარია, ჩემმა წინათგრძნობამ რომ გაამართლა.