“ჩემი ცოლი უფრო თბილი ყოფილა, ვიდრე მეგონა”

361

ცნობილი წყვილი, მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი და ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე, 8 წლიანი ქორწინების შემდეგ პირველი შვილის, სანის, მშობლები გახდნენ. ბავშვმა ახალბედა მშობლების ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მსახიობი აღიარებს, რომ ყველა და ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა. ძალიან უყვარს შვილის დაძინება და ხშირად ქართულ სიმღერებსაც უმღერის.

როგორია ახალბედა მამის ემოციები და ცოლ-ქმრის ახალი ცხოვრება შვილის გაჩენის შემდეგ, არჩიკო ,,სარკეს” გულახდილად უამბობს.

-აჩიკო, ალბათ აქამდე ბევრჯერ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა ის მომენტი, როდესაც მამა გახდებოდით. როგორი იყო რეალურად თქვენი ემოციები?

-პირველად რომ დავინახე და გადავირიე, მას შემდეგ გადარეული ვარ.ეს არის ზღვა პასუხისმგებლობის შეგრძნება.როდესაც ჩემი შვილი დაიბადა,  ვიგრძენი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ყოველი დღე უფრო და უფრო ძვირფასი ხდება ჩემთვის. ვგრძნობ, რომ მე მას ვჭირდები და მასთან უნდა ვიყო მთელი ცხოვრება. ბავშვის დაბადებით ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა. მთავარია, სანი იყოს კარგად და შემდეგ მაინტერესებს სხვა ყველაფერი. ახლა მივხვდი, რას ნიშნავს ცხოვრების არსი.

– ნუცასადმი თქვენი დამოკიდებულება შეიცვალა?

 ნუცა კიდევ უფრო თბილი ყოფილა, ვიდრე მეგონა. რა თვისებებიც მასში მომწონდა და მიყვარდა, კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდა.

-როდესაც ბავშვი ჩნდება, მამაკაცები ეგოისტობას ავლენენ, არ მოსწონთ, როდესაც ცოლის ყურადღება ბავშვზე გადადის. ეჭვიანობის მომენტი თქვენც ხომ არ გქონიათ?

– ეგოისტი ყოველთვის ვიყავი და ვარ, ნუცა კიდევ ჭკვიანი გოგოა, მან კარგად იცის, როგორ გადაანაწილოს ყურადღება. ამიტომ საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს.