“მე იმას კი არ ვიძახი, არიქა, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ, უბრალოდ, ვერცერთმა გამწარებულმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი”
მსახიობი ზურა ყიფშიძე, გია გაჩეჩილაძის გადაცემას “უცნობის კიდობანი“ სტუმრობდა, სადაც მან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ წამყვანმა შესთავაზა, ესაუბრა კერპთაყვანისმცემლობაზე, კონკრეტულად კი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებზე, რაზეც ზურა ყიფშიძემ ასე უპასუხა:
“დიდი ბოდიში, შეიძლება ექიმი არ ვარ და ფსიქიატრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ავადმყოფობასთან. ეს ავადმყოფობა მკურნალობასაც არ ექვემდებარება. ნამდვილად ვერ არის კარგად, იყო ყოველ შემთხვევაში… ახლა არ ვიცი, შეიძლება გამოასწორეს და გამოკეთდა.
ხალხნო, დიდი ბოდიში, მაგრამ გავიხსენოთ, დასაწყისი იყო ის, რომ მოკლეს პრემიერ-მინისტრი და თან დაიწვნენ, ისე უნიჭოდ მოკლეს. ამანაც ისე ჩაიარა. აქედან იწყება. იქამდე ყველა.. რას ჰქვია, ოთხი ენა იცის, გადასარევი ბიჭია, პროკურატურის ისტორიები იყო, არაჩვეულებრივად მოიქცა. ჰოლანდიელი ცოლი, ახალგაზრდა გვინდა, გვეშველა… ასე დაიწყო. როგორც დაიწყო და მერე როგორც გაგრძელდა ვნახეთ, ასე მოჭრას ტოტი ადამიანმა, რომელზეც ზის, არ ვიცი. გვეშინოდა და ახლაც გვეშინია.
ბევრი ჩუმად არის. მაპატიეთ და ძალიან ცუდ რამეებს ვიტყვი, რა… რომ შემოვარდნილიყვნენ, ცოლი გაეუპატიურებინათ, შვილი მოეკლათ, ცოლის თვალწინ გავეუპატიურებინე… ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი “დაბრიდეს”… მე იმას კი არ ვიძახი, არიქა, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ, უბრალოდ, ვერცერთმა გამწარებულმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი.
საშინელებას ვამბობ, არასწორად ვამბობ, მაგრამ ხომ არის ამაში ლოგიკა? როცა არაფერი აღარაფრად მიღირს, რჩება ჩემი ისტორია და მე ვეწირები რაღაცებს… ბეწვზეა გადარჩენილი და რა უნდა მაგას. იმაზე როგორ არ იფიქრებდა ვიღაც გამწარებული კაცი მოვა, ასე შეეწირება და მეც გამწირავსო…”,- განაცხადა ზურა ყიფშიძემ.