საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ელისაბედ მეორეს ექიმებმა სასახლეში დარჩენა და დასვენება ურჩიეს, თუმცა ის “იაგუარით“ სასეირნოდ წავიდა
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედი უინძორის სასახლესთან „იაგუარით“ შენიშნეს. ეს მას შემდეგ, რაც ექიმებმა მონარქს სასახლეში დარჩენა და დასვენება ურჩიეს, – ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებულ ფოტოებში 95 წლის დედოფალი თავსაბურავითა და მზის სათვალეებით ჩანს. ცნობილია, რომ მას ავტომობილით საკუთარი ძაღლები მიჰყავს ხოლმე მიმდებარე ტერიტორიაზე სასეირნოდ.
ექიმებმა დედოფალს უთხრეს, რომ ახლო მომავალში თავი არ უნდა გადაიტვირთოს და მხოლოდ მსუბუქი მოვალეობების შესრულება შეუძლია.
ერთი კვირის წინ, მონარქმა ღამე საავადმყოფოში გაატარა – მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. მომდევნო ორი კვირა მას ოფიციალური ვიზიტები არ ექნება.