“ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც 45 წლის ასაკში უწევთ ნებართვის აღება მშობლებისგან“…

349

​ჟურნალისტმა თამუნა გომართელმა ქართული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ ისაუბრა:

„მენტალიტეტი ადამიანში ფორმირდება ბევრი რამის შედეგად. პირველი არის ოჯახის წიაღი, მეორე – მშობლების მაგალითი, მესამე – შთაბეჭდილებები და ინტელექტი, ერუდიცია, წიგნიერება. ყველაზე მთავარი არის ოჯახი. ძალიან კარგია, რომ სიკვდილამდე ვართ უზომოდ მიჯაჭვული ოჯახზე, ვზრუნავთ მშობლებზე, სირცხვილია და გასაკიცხია, რომ არ გამოიჩინო ყურადღება მშობლების მიმართ, მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ​45 წლის ასაკში უწევთ ნებართვის აღება მშობლებისგან, ნათესავებისგან, მეზობელი ლამარასგან, რომ თავის ცხოვრებაში მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რამე შეცვალონ.“

თამუნა გომართელის თქმით, მამაკაცებსა და ქალებს საზოგადოებამ კონკრეტული ფუნქციები მიანიჭა და განუსაზღვრა, რა უნდა აკეთონ:

მამაკაცებსა და ქალებს საზოგადოებამ მივანიჭეთ კონკრეტული ფუნქციები. გენდერის მხრივ განვუსაზღვრეთ მათი საკეთებელი საქმეები. მოლოდინებიც განსხვავდება. მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც არ აქვს ორატორული ნიჭი, არ არის თამადა, არ უყვარს თრობა და ღვინო, მაგრამ ეს ხომ არამამაკაცურია, რომ სუფრაზე სადღეგრძელო არ თქვას.“

„ტრადიციები ჰგავს ერთ დიდ სკივრს, რომელშიც ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ ნივთებს ყრიდნენ. პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს სკივრი არსებობს. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არასდროს აზრად არ მოგვდის, რომ ეს სკივრი დავალაგოთ. არასოდეს შევდგებით საზოგადოებად, ვერ გავიზრდებით, თუ არ გადავხედავთ, რა გვჭირდება იქიდან და რა – არა,“ – აღნიშნულ საკითხზე თამუნა გომართელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პრაიმშოუ“ ისაუბრა.