”ანგელოზებმა რაც მითხრეს, ეგ ხომ მომიყოლია, ყველაფერი ასრულებისკენ მიდისო”

254

ჟურნალისტი ნინუცა კეკელია თბილისის კოლორიტზე, ფოტოგრაფ ალეკოზე წერს:

,,ყველა იცნობს, ვისაც უნივერსიტეტის ეზოში გაუვლია. ყველას აქვს ერთი შავ-თეთრი ფოტო ალეკოს ,,ზენიტით” გადაღებული. ერთხელ მითხრეს, წლებია არ გამოჩენილაო… ტასა სკოლაში რომ მიმყავს და ვარაზს ავუყვები, პირველი კორპუსის ეზოს დანახვისას ალეკოც მილიონჯერ გამხსენებია. ნეტავ ცოცხალია ალეკო? – გავიფიქრებ ხოლმე.

დღეს ვნახე პირველად 14 წლის შემდეგ. ისევ ისეთია, კეთილი ღიმილით, დაბნეული, მაგრამ ფოტოაპარატის გარეშე _ აღარ ვიღებ, სხვანაირები არიან ახალი სტუდენტები, სიყვარული აკლიათო.

აბა, რას აკეთებ, სად ცხოვრობ, როგორ-მეთქი, – ვკითხე.

– ხომ იცი, აგარაკი მაქვს, იქ დავდივარ და ვემზადები, ანგელოზებმა რაც მითხრეს, ეგ ხომ მომიყოლიაო… ერთხელ ტელევიზორშიც გამოვჩნდი და ყველაფერი ასრულებისკენ მიდის, დიდი ადამიანი გავხდებიო…

ალეკომ არ იცის, რომ ისედაც დიდი ადამიანია?! დარწმუნებული ვარ, ცუდი ცხოვრებაში არაფერი ჩაუდენია… ბედნიერება კიდევ თუ გჭირდება, ყველაფერში შეგიძლია იპოვო, ფოტოგრაფი ალეკოს ნახვაც ბედნიერება იყო, ცოტა სევდიანი ბედნიერება”, – წერს ჟურნალისტი.