“საქართველოდან განათხოვარი ქალის სტატუსს გამოვექეცი”

333

დინა მირცხულავა, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარულია, ერთი წიგნის ავტორია – ,,მზეზე გაფენილი ამბები”. მეორე წიგნი დასაბეჭდად მზად აქვს. როგორც ამბობს, ნოველებში მის მიერ განცდილი და დანახული ამბებია.

დინამ წერა ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო – 15 წლის ძმა დაეღუპა. მერე მუზები ,,შემოეჩვივნენ” და… საფრანგეთში 2019 წელს წავიდა 13 წლის შვილთან ერთად და ლტოლვილად ჩაბარდა… დინამ ,,სარკეს პირადზე უამბო:

– პირველი ოჯახის დანგრევა არც ისეთი რთული იყო, რადგან დიდები ვიყავით და გააზრებული გვქონდა. მერე იყო უფრო რთული პერიოდი – განათხოვარი ქალის სტიგმა. აბსოლუტურად მიუღებელი ხარ და, თუ მამაკაცი პაემანზე დაგპატიჟებს, არ უნდა იფიქრო, რომ შენ მიმართ სერიოზული მიზნები ექნება. მიხარია, რომ განათხოვარი ქალის სტატუსი ნელ-ნელა აღარ არის საშიში. ეს ერთ-ერთი მიზეზიც იყო, რამაც საქართველოდან წამოსვლა მაიძულა.უფრო ქალების მხრიდან იყო აგრესია. მამაკაცები უფრო სოლიდარულები არიან.

-,,შვილიან ქალს ოჯახში არ შემოვუშვებ” – ამ თემაზე საუბრობთ?

– დიახ, იყო ასეთებიც. იმ გარემოში ცხოვრება, სადაც შვილი ნაკლია, ძალიან რთულია… საფრანგეთში თავიდან გამოგვიყვეს სასტუმრო და იქ დაგვხვდა ჩემი მომავალი მეუღლე. ერთი კვირა იმ სასტუმროში ერთად ვიცხოვრეთ და კარგად გავიცანით ერთმანეთი. იმდენად მრცხვენოდა, ერთი კვირის გაცნობილს რომ ცოლად მივყვებოდი, ტყუილიც ვთქვით, ვითომ ბავშვობიდან ვიცნობდით.

წამითაც არ მინანია ეს გადაწყვეტილება. სულ ვფიქრობ, რომ ეს ბიჭი ჩემი ცხოვრების კომპენსაციაა ყველაფერ იმისთვის, რაც მანამდე გამოვიარე. გოგონა შეგვეძინა და ჭკუიდან გადაიყვანა მისმა სიყვარულმა…

ჩემს მეუღლეს ციხის ცნობილი ბუნტის დროს, 2006 წელს მარჯვენა ხელის თითები დაუზიანდა.ქართულმა ტელეკომპანიებმა ორჯერ გამოაცხადეს, რომ ბერდია ფიცხელაური ბუნტის დროს გარდაიცვალა. 5 ტყვია მოხვდა სხვადასხვა ადგილებში… საფრანგეთში სამკურნალოდ ჩამოვიდა.

რატომ იჯდა ციხეში?

– ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობისთვის დაიჭირეს. ეს თემა ტაბუდადებულია ჩვენთვის…