ტელეჟურნალისტ თამუნა გომართელის ოჯახს ამ ზაფხულს მძიმე პერიოდი დაუდგა – მშობლები და თამუნას უმცროსი და, ქეთი, სამივე ავად გახდა კოვიდით და თამუნა ამ სირთულის წინაშე პირისპირ აღმოჩნდა ის ზრუნავდა თავის ყველაზე ძვირფას ადამიანებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მამის გადარჩენა ვერ მოხერხდა…
სანამ ,,სარკის” ინტერვიუს წაიკითხავთ, რამდენიმე ფაქტი თამუნას ბიოგრაფიიდან: ლაპარაკი 6 თვის ასაკში დაიწყო, წერა-კითხვა კი 3 წლისამ ისწავლა. ცოტათი წამოიზარდა თუ არა, მიხვდა ჟურნალისტობა სურდა. ბავშვი იყო, როცა დედამ ცნობილ მწერალს მისი ჩანაწერები აჩვენა. არასდროს დაავიწყდება მწერლის ნათქვამი: ,,არა, ბიძიკო, შენ კარგად ვერ წერ”. დღეს თამამად შეუძლია უპასუხოს იმ მწერლის მაშინდელ სიტყვებს: ,,მე მაშინაც შემეძლო წერა და დღესაც შესანიშნავად ვწერ”.
– თამუნა, არსებობს თუ არა სტანდარტი, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი?
– ჟურნალისტს, პირველ რიგში, უნდა უჭრიდეს კალამი, თუ წერა-კითხვა არ იცი და ფუნდამენტურად არ ფლობ სალიტერატურო ქართულს, ვერ გახდები კარგი ჟურნალისტი. სამსახურის გამო არასდროს წავსულვარ უღირს კომპრომისზე საკუთარ თავთან. კარგა ხნის წინ ერთი არხი, რომელიც ახლა აღარ არსებობს, დაჟინებით მთავაზობდა მათთან თანამშრომლობას კარგი ანაზღაურებით. ძნელი იყო უარის თქმა, მაგრამ არ დავთანხმდი. როცა ისეთ კომპრომისზე მიდიხარ, რაც საკუთარი თავის პატივისცემას დაგაკარგვინებს, იწყება კოლაფსი, საიდანაც ვერც ამოხვალ.
– ასეთი მკაცრი, პრინციპული, გონიერი ქალის მოხიბვლა როგორ შეძლო თქვენმა მეუღლემ?
– ერთადერთი, რითაც ჩემი მოხიბვლა შესაძლებელია, ეს არის ინტელექტი. ეს იყო ჩემი მეუღლის ყველაზე ძლიერი იარაღი. რომ არ ყოფილიყო ასეთი გონიერი, სულიერად ამაღლებული, ძალიან ნაკითხი, ჩვენი ოჯახი არ შედგებოდა.შემიძლია თვეობით ვისაუბრო მასთან და მისი ცოდნა ვერ ამოვწურო. ვერ ვიტან ზედაპირულ ადამიანებს, მეგობრებსაც ინტელექტით ვირჩევ.
მანაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ გერმანიის ორ უნივერსიტეტში გაიარა სრული კურსი. ფეხბურთმა გაიტაცა და ამ კუთხით სახელმწიფო მენეჯმენტში მუშაობს. 16 წელია, ერთად ვცხოვრობთ. პროფესიის გამო ბევრს მოგზაურობს. მიჭირდა განშორება, მაგრამ გადავლახე ბარიერი. განშორების შემდეგ დიდი დღესასწაულია მასთან შეხვედრა. ადამიანები ისე ასრულებენ ცხოვრებას, ვერ ხვდებიან პირველ ნახევარს. მე ზუსტად ის ნახევარი ვიპოვე, ვინც 3 წლით ადრე დაიბადა ჩემზე. ეს არის ჩემი მეუღლე მალხაზ მუსერიძე.