ნატო გელაშვილის რძალი – ასე მგონია, წინა ცხოვრებაში ნატოს შვილი ვიყავი

272

ჭოხოები – ასე იცნობენ საქართველოში პოპულარული კომპოზიტორისა და საკუთარი სიმღერების შემსრულებლის, ნატო გელაშვილის, ვაჟებს, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებს, რომლებიც თავადაც შესანიშნავი მომღერლები არიან. გასული წელი ოჯახისთვის ძალიან ბედნიერი აღმოჩნდა, გიორგიმ პიანისტ ანეტა ნიკურაძეზე იქორწინა. ქალბატონმა ნატომ და ანეტამ ,,სარკესთან” თავიანთ ურთიერთობაზე ისაუბრეს, რომელიც დიდ პატივისცემაზეა დამყარებული.

– ანეტა, რა მოგეწონათ გიორგიში?

ანეტა: პირველი შეხვედრისთანავე, როცა თვალებში შევხედე, ნდობა გამიჩნდა, შემდეგ თანდათან დავრწმუნდი, რომ ისეთივე ღირებულებების მატარებელი იყო, რაც ჩემთვისაც ახლობელია.

– ნატოს თუ იცნობდით?

ანეტა: მას მთელი საქართველო იცნობს. შორიდან მეც დიდ პატივს ვცემდი. როცა დავახლოვდით, უფრო მომემატა პატივისცემა, რადგან იმდენი საერთო აღმოგვაჩნდა, ისეთი საუკეთესო ადამიანია,ბედნიერი ვარ, რომ მათ ოჯახში შევედი.

პირველივე შეხვედრისას თავი თავისუფლად ვიგრძენი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს წინა ცხოვრებაში ნატოს შვილი ვიყავი. ჩვენ შორის არის მეგობრული, უდიდეს პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა და ბოლომდე ასე იქნება.

ნატო: ანეტა ნამდვილი ჩემიანია, ასე ვეძახი – ჩემი გოგო. ჯერ ჩემი გოგო და შემდეგ ბიჭები. ბევრი რამ გვაქვს საერთო, ზოგჯერ ნამდვილ დედა-შვილს არ ექნება. გიორგისაც ხშირად უთქვამს, თქვენ ხომ არ თათბირობთ, ანეტა რასაც მეტყვის, ზუსტად იმავეს მეუბნებიო. ვპასუხობ, იმიტომ, რომ ერთ ღირებულებებზე ვდგავართ-მეთქი. ისიც ისეა გაზრდილი, როგორც მე – ახლობლების, ოჯახის, ხალხის, ღმერთის სიყვარულით.ტრადიციული გოგოა, კარგი ქართველი ქალი. მადლობა უფალს, რომ ჩემს ოჯახში შემოვიდა არაჩვეულებრივი გოგო, რომელთანაც ერთ ენაზე ვლაპარაკობ.