კუნძულ სახალინზე ბავშვი ქარბუქში გაყინვას ძაღლთან ჩახუტებით გადაურჩა

656

რუსეთში, სახალინის ოლქში, 10 წლის გოგო სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა ძლიერი თოვა დაიწყო და გზას ვეღარ აგრძელებდა. თოვლს თან ერთვოდა ქარი, რომლის სიჩქარეც 80 კმ/სთ-ს აღწევდა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.

მას შემდეგ, რაც გოგო სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა და ადგილობრივებმა მისი ძებნა დაიწყეს. ერთ-ერთმა მოხალისემ, რომელიც ბავშვის ძიებაში ჩაერთო, ის მეორე დილით იპოვა. გოგო ძაღლისთვის შემოღობილი გალიის გარეთ იჯდა და, გასათბობად, ცხოველს ეხუტებოდა.

გამოსაკვლევად, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.