“ბოდიშს ვიხდი, თუ გინდა სულ შემიზიზღოს ხალმა, მაგრამ..”

218

მსახიობმა და მწერალმა, გივი სიხარულიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ახლახანს გარდაცვლილი ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი გაიხსენა და განაცხადა, რომ ის მთაწმინდის პანთეონში უნდა დაეკრძალათ. 

სიხარულიძემ გადაცემაში “ჩაი” ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეზო ამაშუკელის ხალხისადმი დამოკიდებულება არ მოსწონდა. მსახიობი აქვე დასძენს, რომ როცა უდიდესი პოეტი ხარ, ხალხის სიყვარულის შენარჩუნებაც უნდა შეგეძლოს.

“ძალიან გულდაწყვეტილი ვარ რეზო ამაშუკელზე… ბოდიშს ვიხდი, თუ გინდა სულ შემიზიზღოს ხალმა, მაგრამ რეზო ამაშუკელს სამგლოვიარო პროცესიიდან დაწყებული, წმინდა მიწასთან მიბარებით დამთავრებული არასწორად მოიქცნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა მთაწმინდაზე დაკრძალვა, როგორც პოეტს, ის ნამდვილად უნდა დაეკრძალათ მთაწმინდის პანთეონში. 

მეც არ მომწონდა ბევრი რამე მის ხასიათში და რა თქმა უნდა, იმ ხალხს, რომლებიც მას აგინებს, მათ ვერაფერს ვეტყვი იმიტომ, რომ მან [ამაშუკელმა] თავისი აგრესიული დამოკიდებულებით ამ ხალხთან შექმნა საფუძველი, გინება რომ დაუწყეს. ეს ხალხის ბრალი არ არის, ისიც არ იქცეოდა სწორად. იმას ვამბობ, რომ როცა ღმერთმა ასეთ პოეტად მოგავლინა, ხალხის სიყვარულის შენარჩუნებაც უნდა შეძლო, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო.

მივმართავ კულტურის სამინისტროს, მთავრობას და ყველას, როგორც არ უნდა დაეწერა მას, რომ არ სურდა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა, ეს არ უნდა ექნათ იმიტომ, რომ მისი პოეზია იმსახურებდა მთაწმინდის პანთეონს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბოლო წლებში მისი ხალხისადმი დამოკიდებულება არ მომწონდა იმიტომ, რომ როცა ამხელა პოეტი ხარ ხალხის სიყვარულს უნდა გაუფრთხილდე,” – განაცხადა გივი სიხარულიძემ.