“ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შემიძლია”

378

პოპულარული მომღერალი დათუნა მგელაძე საბოლოოდ დაემშვიდობა მარტოხელა მამაკაცისა და საურველი სასიძოს სტატუსებს, ცოლიან მამაკაცთა კატეგორიას შეუერთდა და მის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მისი რჩეული ქალი ტელეჟურნალისტი ნინო ფუტკარაძეა. წყვილმა ,,სარკეს” უამბო.

დათუნა: ჩვენი დაოჯახებით ჩვენმა სიყვარულმა მიიღო ის ფორმა, რაც ნამდვილ სიყვარულს ახლავს. ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ჩვენ ერთმანეთი 5 წლის წინ გავიცანით, გრძნობები კი სიყვარულში 3 წლის წინ გადაიზარდა.

– რა იყო პირველი შთაბეჭდილება ნინოს გაცნობისას, გახსოვთ?

დათუნა: რა თქმა უნდა. პირველი შთაბეჭდილება იყო გარეგნობა და თვალები. ისე აღმოჩნდა, რომ საერთო სამეგობრო წრე გვყავდა და მუდმივად ამ ადამიანის კარგ თვისებებზე მესმოდა. ურთიერთობისა და დაახლოების ყოველ ეტაპზე სულ უფრო საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩენები იყო.

– ნინო, თქვენი შთაბეჭდილებები როგორი იყო, როდესაც უკვე პოპულარული მომღერალი ახლოდან გაიცანით?

ნინო: როდესაც დათუნა პირველად დავინახე, მაშინვე მომეწონა, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი მოწონება და მეტი არაფერი. მეგობრებმა გაგვაცნეს ერთმანეთი და ვხვდებოდი, რომ სულ უფრო საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა. დათუნა მართლა განსაკუთრებული ადამიანია. ძალიან ერთგული და სუფთაა. ის რომ პოპულარული მომღერალი იყო, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა, ამ ფაქტორის გამო არ მომწონებია.

– სანამ დათუნას თვისებებს გაიცნობდით, პირველად რამ მიიქცია ყურადღება?

ნინო: თვალებმა. 2 წელი ისე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, როგორც უბრალოდ კარგი ნაცნობები.

– რა იყო გადამწყვეტი, რამაც მიგახვედრათ, რომ ეს ,,ის” ადამიანია?

ნინო: ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი მის ერთგულებაში. დავრწმუნდი იმაშიც, რომ ძალიან ვუყვარვარ. ზოგადად დათუნას პიროვნებაში იმდენად ბევრია დადებითი, რომ შეუძლებელია ახლა ყველაფრის ჩამოთვლა.

დათუნა: მალევე მივხვდი, რომ ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შემიძლია. სხვანაირად სიტყვებით ვერ ავხსნი იმ ყველაფერს, რაც მის მიმართ გამიჩნდა. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მაქვს გამოვლილი და ზუსტად მივხვდი, რა არის ნამდვილი სიყვარული.