“მთელი მსოფლიო სწორედ საბას გულშემატკივრობდა და მის დაშვებას ადევნებდა თვალს, მადლობა, რომ ნოდარის სპორტული გზა გააგრძელა”

173

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, საბა ქუმარიტაშვილის ამაღელვებელ ისტორიას ემოციურ პოსტს უძღვნის და ქართველ სპორტსმენს მადლობას უხდის.

12 წლის შემდეგ, დაღუპული ბიძაშვილის სახელისთვის პატივის მისაგებად და მისი ოცნების გასაგრძელებლად საბა ქუმარიტაშვილმა მონაწილეობა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო.

“ამაღელვებელი იყო ციგაობაში საბა ქუმარიტაშვილის გამოსვლა ბეიჯინგის ზამთრის 24-ე ოლიმპიადაზე.

ის არის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილი, იმ ნოდარის, რომელიც ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიადაზე ციგით დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა.

საბამ თავისი სადებიუტო გამოსვლა სწორედ ბიძაშვილს მიუძღვნა.

ის ფინიშზე 2:00:357 წთში მივიდა და 31-ე ადგილი დაიკავა.

პირველადგილოსან მოციგავეს

იოჰან ლუდვიგს (გერმანია) 5 წამით ჩამორჩა.

მადლობა საბას ოლიმპიადაზე ასპარაზებისთვის.

მომავალში უკეთესი შედეგებიც ექნება.

მადლობა, რომ ნოდარის სპორტული გზა გააგრძელა. მისი ოლიმპიური დებიუტი სწორედ 21 წლის ასაკში შედგა, იმ ასაკში, რა ხნისაც ბიძაშვილი იყო.

მთელი მსოფლიო სწორედ საბას გულშემატკივრობდა და მის დაშვებას ადევნებდა თვალს.

წარმატებები, საბა!”, – წერს გოგა ჩანადირი.