რატომ დატოვა თუმანიშვილის თეატრი სოსო ხვედელიძემ

231

მსახიობ იოსებ ხვედელიძეს მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის დატოვება მოუწია და მიზეზებზე მან წერილში ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ის ამბობს, რომ ბოლო წლებში, ერთგვარი “სასჯელი” დაუწესეს მისი შეხედულებების გამო, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოიხსნა ყველა ის სპექტაკლი, რომელშიც ის მონაწილეობდა, გარდა ამისა, იოსებ ხვედელიძე წერს, რომ ფაქტობრივად გაუნულდა ხელფასი და ამის დასადასტურებლად ბოლო ხელფასის ჩარიცხვის ქვითარს აქვეყნებს, რომელშიც მითითებული სარგო მხოლოდ 7 ლარს შეადგენს.

“შეიძლება გადაჭარბებულია იმის იმედი, რომ ბოლო მსახიობი ვიქნები, რომელიც თეატრს იმ მიზეზით ტოვებს, რა მიზეზიც გახდა ჩემ შემთხვევაში გადამწყვეტი. 2017 წლის შემდეგ თეატრმა გარკვეული “სასჯელი”დამიწესა ჩემი შეხედულებების გამო. მოიხსნა ყველა ის სპექტაკლი, რაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ფაქტობრივად გამინულდა ხელფასი. ჩარიცხული თანხის ნაწილი იქვითებოდა ჯანმრთელობის დაზღვევაზე. წლების განმავლობაში დაზღვევის ფასის ზრდასთან ერთად,ხელზე ასაღები თანხის ოდენობა მცირდებოდა. განახლებული სადაზღვევო პოლისის შემდეგ კი, ,,დარჩენილმა,, თანხამ შეადგინა მხოლოდ 7 ლარი.

დიდი მადლობა თეატრს დაზღვევისთვის. ჩემგან დაუსწრებლად სავარაუდოდ ბევრი არგუმენტი გაჩნდა მათი ნაბიჯის გასამართლებლად. 5 წლის განმავლობაში თეატრს არცერთხელ გამოუთქვამს ჩემთან დიალოგის სურვილი. მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა ეს სურვილი, რაც განცხადება დავწერე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

დიალოგის რესურსს ნამდვილად ვერ ვხედავდი არსებული უსამართლობის გამო და უარი ვთქვი ამ შეხვედრაზე. მოვითხოვე განცხადება შესაბამის დაფაზე განთავსებულიყო. ჩემი წასვლის ნამდვილი მიზეზი მინდოდა გაეგოთ ჩემ კოლეგებს.

რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა. ამიტომ გიზიარებთ ჩემ განცხადებას. ცხადია აქ არ დასრულდება ამ თემაზე მსჯელობა და ყოველთვის მოძებნიან თავის გასამართლებლად არგუმენტებს.

ძალიან მტკივნეული და უიმედოა ამ სამარცხვინო დეტალების ჩამოთვლა. შესაბამისად თავს აღარ შეგაწყენთ. ვუსურვებ ყველას წარმატებას. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და კოლეგებს ერთად გატარებული წლებისთვის. იმედია სწორად გაიგებთ ამ იძულებითი გადაწყვეტილების მიზეზს.”- წერს იოსებ ხვედელიძე.