“რამდენიმემ ისიც მითხრა, შენს გადაცემას ვერ ვუყურებ, ნაცების ტვ-ს ვერ ვიტანო!”

378
მსახიობ ეკა ჩხეიძეს, რომელსაც უამრავ სპექტაკლში აქვს ნათამაშები, უკიდურესად პოლარიზებულ საზოგადოებაში ახსნა სჭირდება, რომ თავის საქმეს აკეთებს და პოლიტიკა არ აინტერესებს.
,,ძალიან გულნატკენი ვარ, გულაცრუებულიც და მინდა, გაგიზიაროთ. თქვენი აზრით, თუ ნაცი არ ვარ, ქოცი ვარ ან თუ ქოცი არ ვარ, აუცილებლად ნაცებს ვეთაყვანები? არ შეიძლება, ჩემი საქმე ვაკეთო ისე, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნოდე? გუშინ ერთმა საკმაოდ გავლენიანმა პიროვნებამ მითხრა, ,,ფორმულას” გამო მაგარ შარში ხარო.  მინდა, ამ ადამიანს ვუპასუხო:
1. მე ვარ მსახიობი და საარსებოდ მჭირდება შემოსავალი ( თეატრის ხელფასზე 1 თვეც არ გამყოფოთ ღმერთმა).მადლობა წამყვანობის გამოცდილებისთვის ჩემს დამსაქმებელს, მით უმეტეს ,,გაყინული თეატრების” პერიოდში ეს ჩემთვის ძალიან დროული და საჭირო იყო.
2.,,ფორმულაზე” მიმყავდა ,,ყვითელი ყუთი” და არა პოლიტიკური თოქ-შოუ (დღეს ,,ფორმულაზე” აღარ ვმუშაობ, მაგრამ ეს ცალკე თემაა).
3.პოლიტიკა არასოდეს ყოფილა ჩემი ინტერესის სფერო, პოლიტიკაზე კამათის უფლებასაც არ ვაძლევ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ არ არის ეს ჩემი საქმე და ვერც ვერკვევი! მეტსაც გეტყვით, მეზიზღება მიტინგები – გადაკეტილი ქუჩები, ხმაური და შარდის სუნით აყროლებული მიმდებარე სადარბაზოები საშინელ დისკომფორტს გვიქმნის იმ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს…
შევეცდები, განვაგრძო ცხოვრება, ჩემი საქმე ვაკეთო და დაგიმტკიცოთ, რომ
არ ვარ შარში. რამდენიმემ ისიც მითხრა, შენს გადაცემას ვერ ვუყურებ, ნაცების ტვ-ს ვერ ვიტანო! მათაც დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. არ მეგონა, კლარა ცეტკინი და როზა ლუქსენბურგი თუ მყავდნენ მეგობრებში”, – წერს მსახიობი.