მსახიობი თაკო აბაშიძე საკმაოდ ხშირად იცვლის თმის ფერსა და ვარცხნილობის სტილს. ამ ბოლო დროს კი, უბრალოდ, მოუნდა, მივიდა სალონში და თმა ნულზე გადაიპარსა. როგორც თავად ამბობს, ბავშვობაში „რიჟაკულულებიანი“ გოგო იყო, საკმაოდ პრანჭია და ძალიან ცელქი. მეზობლის ქალის შემხედვარე, გაპრანჭვასთან დაკავშირებით ბევრი სასაცილო და ამავდროულად, სახიფათო ისტორიაც აქვს მოსაყოლი. თაკო, საკმაოდ პოზიტიური, აქტიური და ენერგიული ადამიანია და ამაში მას საკუთარი წონა საერთოდ არ უშლის ხელს.
თაკო აბაშიძე: კატასტროფულად პრანჭია ბავშვი ვიყავი. იმდენად, რომ რეალობას აცდენილი იყო. ჩვენს ეზოში მდგმურად ცხოვრობდა ერთი ქალი მანანა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე – აქტიურად იყენებდა ტუშს, „რუმიანას“ და პომადას და ამის გამო, ჩემი კუმირი იყო (იცინის). სხვათა შორის, სულ ბორდოსფერი პომადა ესვა და ალბათ, ეს იყო ჩემი წითელი პომადების ინსპირაცია (იცინის). ერთხელ, დავინახე, ფანჯარაში როგორ მოიჭრა ჩოლკა. ამოვედი სახლში ეზოდან და ჩემი რიჟა კულულები დავყარე სარკესთან, ძირს. დედაჩემი რომ ოთახში შემოვიდა, კინაღამ ინფარქტი მოუვიდა. დედა ყოველდღე მაკიაჟს არ იკეთებდა, მაგრამ უყვარდა სუნამოები და კრემები, ანუ ყოველდღიური თავის მოვლის საშუალებები, ჩანთები და ასევე, ქუსლიანი ფეხსაცმელები და მე ყველა ამოცმული მქონდა (იცინის). არ დამავიწყდება, 3-4 წლის ვიქნებოდი და დავინახე, მანანამ როგორ წაისვა ლოყებზე „რუმიანა“. ამოვედი სახლში, „რუმიანა“ ვერ ვიპოვე და ლოყებზე დედას წითელი „მანიკური“ წავისვი. ზუსტად 2 წამში გაშრა და მომიჭირა, დამეჭიმა კანი. ატყდა ერთი ამბავი სახლში, ვერ მოძებნეს „აცეტონი“ დედა დაიშოკა, ისე დაიბნა, „აცეტონის“ საშოვნელად მელიქიშვილზე მიმარბენინებდა ხელში აყვანილს, უკან კი ბებია მოსდევდა სველი ტილოებით (იცინის).
– ალბათ, ამით დასრულდა ხომ მეზობელ მანანასთან დაკავშირებული შენი ოინები?
– არა (იცინის). ერთხელ დავინახე, როგორ ისვამდა მანანა თვალზე ლაინერს, სახლში ვიპოვე „მომენტის“ წებო და ორივე თვალზე გადავისვი. დამეწება თვალები, ამეწვა. კიდევ კარგი, დროულად მომისწრეს, თბილი წყლით მომბანეს. არ დამავიწყდება, მამამ როგორ ამომიჩარა იღლიაში, აბაზანაში შემარბენინა და თვალებზე წყალს მასხამდა. მოკლედ, ძლივს გადამარჩინეს და დიდი შანსია, დღეს რომ სათვალეს ვხმარობ, იმ დღის, ბავშვობაში ჩატარებული მიმბაძველობითი ოინის ტრავმა იყოს. ასე რომ, მავნედ პრანჭია ბავშვი ვიყავი და თან, ძალიან ახტაჯანა. ისეთი ცელქი ვიყავი, შეიძლება, ოთახში შემოსულს კარადის თავიდან გადმომხტარი ჰაერში დაგეჭირეთ. კატასტროფულად საშინლად ცელქი ბავშვი ვიყავი, რთული იყო ჩემი მომწყემსვა (იცინის).
– წეღან ახსენე, „რიჟა კულულები“ მოვიჭერიო. ბავშვობაში წითური თმა გქონდა?
– დიახ, წითური თმა მქონდა, ახლა კი სრულიად ჭაღარა ვარ. ძალიან ადრეულ ასაკში, 16 წლისამ დავიწყე თმის შეღებვა, რასაც ძალიან ვნანობ. ულამაზესი ფერის თმა მქონდა. მთელი ჩემი ბავშვობა დედას სკოლაში იბარებდნენ და ეუბნებოდნენ: ამ ბავშვს თმა შეღებილი აქვსო? ზოგადად, ხომ იცით როგორც ხდება: რაც გაქვს, არ მოგწონს და რაც არ გაქვს, გინდა. ხოდა, მეც ეს დამემართა და ჩემი ულამაზესი ფერის თმა გადავიღებე. თმის ხშირმა ღებვამ და გენეტიკამ იმოქმედა და გავჭაღარავდი.
– როგორც ვიცი, არც ექსპერიმენტებს ერიდებოდი და თმა ბევრ სხვადასხვა ფერად გქონდა შეღებილი. ახლა კი, საერთოდ გადაიპარსე.
– მქონდა წითელი, თეთრი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი, „მალინისფერი“ თმა, ვარდისფრად არ მქონია შეღებილი და ახლა მიკვირს, ეს ფერიც რატომ არ ვცადე (იცინის). არადა, ტრენდული ფერი იყო. თმა რომ გადავიპარსე, ატყდა ერთი ამბავი – ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას. არადა, თმის ცვენა დამეწყო და თან, მიყვარს ექსპერიმენტები. დილის ოთხ საათამდე ვიჯექი თმის დაგრძელებაზე, მაგრამ მეორე დღეს მივხვდი, არ მინდა და მოვიხსენი. ვინც დამიგრძელა, მოხსნილი რომ დამინახა, კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. სტილისტებს წყალში არ ვუყრი შრომას, მაგრამ ჩამეყარა (იცინის). პარიკებსაც ხშირად ვირგებ და უამრავი მაქვს. სადღაც მიდიხარ, დაიხურავ პარიკს და უკვე ფორმაში ხარ, მოსახერხებელია. ბოლო რამდენიმე წელია, შავ თმას ვანიჭებდი უპირატესობას, თუმცა, უცებ გადავწყვიტე და გადავიპარსე. სხვათა შორის, ადრეც მქონდა გადაპარსული და მამალი ჭორი აგორდა: თაკოს კიბო აქვსო. თან, ვიცი, ეს ჭორი საიდან წამოვიდა – ინტერვიუ მივეცი, ქიმია გავიკეთე და იძულებული ვიყავი თმა გადამეპარსა-მეთქი. ანუ, ვიგულისხმე, რომ თმის ქიმიური დახვევა გავიკეთე, თმა დამეწვა და ამიტომ გადავიპარსე. ნახევარმა თბილისმა კი ჩათვალა, რომ სიმსივნე მქონდა და თმა ამიტომ გადავიპარსე. იცით, ამას როდის მივხვდი? ქუჩაში ხალხი სინანულის თვალით რომ მიყურებდა და მეკითხებოდა: თაკო, როგორ ხარო. ვფიქრობდი, ნეტა ხომ კარგად ვარ-მეთქი. ბოლოს ერთმა მკითხა: სად გქონდათ თაკო სიმსივნე, ქიმია რომ გაიკეთეთო და მაშინ მივხვდი, საიდან აგორდა ეს ჭორი და ვუპასუხე: არა, ქალბატონი, ქიმიური დახვევა გავიკეტე, რა სიმსივნე-მეთქი (იცინის). ახლაც, თმა რომ გადავიპარსე, ალბათ, ბევრს ეგონა პრობლემა მაქვს, მაგრამ მართლა არაფერია, უბრალოდ, ასე მომინდა. სხვათა შორის, არ მენანება, შემიძლია, წელამდე გაზრდილი თმა უცებ ნულზე გადავიპარსო. ვარცხნილობის შეცვლა ნამდვილად არ მიჭირს, ერთი და იგივე სტილი მალე მბეზრდება. სტილისტს რომ ვუთხარი, თმა გადამპარსე-მეთქი, აიღო აპარატი ხელში და ათასჯერ მკითხა: მართლა ბოლომდე გადაგპარსო, დარწმუნებული ხარო? (იცინის) დამერწმუნეთ, როცა თმას ვიჭრი, ასე მგონია, ყველაფერ ცუდს და ნეგატიურს მას ვატან და ეს სერიოზული რელაქსია.
– ხშირად იმიჯის ცვლა შენი ცვალებადი ხასიათის ბრალი ხომ არაა და ეს ცვლილება მხოლოდ თმას ეხება?
– ეს, ცვალებადი ხასიათის კი არა, მრავალფეროვნების სიყვარულის ბრალია. დიახ, იმიჯის ცვლილება თმას ეხება, სხვა ჩარევა გარეგნობაში არ მაქვს გაკეთებული. ვფიქრობ, ნელ-ნელა დამჭირდება და გავიკეთებ კიდეც. რომ ამბობენ, ნაოჭი უნდა ჰქონდეს ადამიანს სახეზე, ეს მის განვლილ ცხოვრების გზას ინახავსო. არ ჯობია, გულში შევინახო, რაღა სახეზე? (იცინის). ასე რომ, არაფერი მაქვს გაკეთებული.
– არც ტუჩი გაქვს გაკეთებული?
– ბევრს ჰგონია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და არ მაქვს ტუჩი გაკეთებული. ავარიის შემდეგ ტუჩზე ორი დიდი გემატომა დამრჩა, 18 ნაკერი მედო. თუ კარგად დამაკვირდებით, ეს ვიზუალურადაც მეტყობა და ამიტომ მკვეთრი ფერის ტუჩსაცხს ვიყენებ, რომ დავფარო. თუმცა, ყველას ჰგონია გაკეთებული და დაბერილი მაქვს. მეც შევეჩვიე. ყველა მეუბნება, გიხდებაო, მაგრამ ადრე, უფრო სიმეტრიული, არადეფორმირებული და ლამაზი ტუჩი მქონდა. როცა ვამბობ, არ მაქვს გაკეთებული-მეთქი, ბევრს არ სჯერა და ამიტომ, ამ თემაზე საუბარს ვერიდები. რომ მქონდეს გაკეთებული, ნამდვილად არ დავმალავ. რაც შეეხება ცვალებად ხასიათს, სახლშიც სულ გადაადგილებები მაქვს – ხან კარადას ვაწვები და ხან „დესაოს“. ის კი არა და, ჩვეულებრივი დურგალიც ვარ, არაერთხელ დამიშლია საძინებელი და მეორე ოთახში ამიწყვია. ვხუმრობ ხოლმე: მე ვარ სახლში ქალი, ბევრი მამაკაცური შესაძლებლობით-მეთქი (იცინის). თან, მოხერხებული ხელებიც მაქვს.
– არაჩვეულებრივი სახის კანი გაქვს. რაიმე სპეციალური მოვლის საშუალება იცი?
– ჩემი კარგი სახის კანი და ის, რაც ჩემს ასაკს მალავს, გენეტიკის დამსახურებაა, თორემ არაფერს განსაკუთრებულს არ ვიტარებ. ბევრს უთქვამს, ალბათ, ძვირად ღირებულ საცხებსა და კოსმეტიკას იყენებო. ბრენდული და არაბრენდული კოსმეტიკა თუ საცხი ჩემს კანზე ერთნაირად გამოიყურება. უბრალოდ, დილით მიყვარს კონტრასტული შხაპის მიღება და ძილის წინ აუცილებლად ვიწმინდავ სახის კანს მაკიაჟისგან. რაც წლები მომემატა, ვცდილობ, მკვეთრი მაკიაჟი ხშირად არ გავიკეთო და კანი დავასვენო.
– რაც შეეხება დიეტებს?
– ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ ვცადე დიეტის დაცვა და მეორე დღესვე ჩავაგდე, ბებომ ისეთი გემრიელობების სუნები დააყენა სამზარეულოში. ერთმა კომპანიამ მაჩუქა სპეციალური გასახდომი საშუალებები და ისიც ვერ დავლიე. რა ვქნა, არ არის შიმშილი ჩემი საქმე (იცინის). სარკეში რომ ვიყურები, ასეთიც მომწონს ჩემი თავი. წონა რომ მაწუხებდეს, ამხელა ხომ არ ვიქნები? ჩემი თავი ასეთი წონითაც მისაღებია ჩემთვის, არ მაწუხებს. საკუთარ თავთან კონფლიქტი რომ მქონდეს, აუცილებლად რაღაცას მოვიმოქმედებდი. თან, არ მინდა წონის კლება, ჯანმრთელობის ხარჯზე მოვახდინო და მერე მკურნალობის კურსები დამჭირდეს. ასეც გემრიელად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.