“სალომეს დაურეკა და უთხრა, თუ მამაჩემს არ შეურიგდები, ახლავე თავს მოვიკლავო”

469

პროდიუსერ ლაშა ბასლანძის შვილი, 17 წლის ელენე ბასლანძე ყურადღების ცენტრში არა ცნობილი ოჯახის, არამედ საკუთარი წარმატებების გამო მოექცა. ელენე ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა – დრიუს უნივერსიტეტმა, რომელიც ნიუ-ჯერსიში მდებარეობს, 80 000-დოლარიანი გრანტით მიიღო.

ლაშა ბასლანძე: ელენე ძალიან ყოჩაღი გოგო გვყავს. კარგად სწავლასთან ერთად ყველაფერს ასწრებს. ძალიან აქტიური და მეგობრულია. სკოლას ოქროს მედალზე ამთავრებს. მასწავლებლები მირეკავენ და მადლობას მეუბნებიან ხოლმე. ამაზე საამაყო არაფერია. გამოცდებში ძალიან კარგი შედეგები მიიღო და საკუთარი მონაცემები ამერიკის ათ უნივერსიტეტს გაუგზავნა. პირველივე უნივერსიტეტისგან ძალიან მაგარი პასუხი მივიღეთ და ახლა დანარჩენ ცხრას ველოდებით.

– პირველი უნივერსიტეტის პასუხი როგორი იყო?

– იმ უნივერსიტეტების სამეულიდან ყველაზე მაგრად რომელიც უნდა, ეს უნივერსიტეტი მესამეა. მათგან 80 – ათას დოლარიანი გრანტი წამოიღო. აქედან გამომდინარე, დანარჩენებისგანაც კარგ შედეგებს ველოდებით. თუმცა, ჩვენ არაფერში ვერევით. ელენე ყველაფერს დამოუკიდებლად არკვევს. არჩევანსაც თავად გააკეთებს. ელენიკოს დედიკო ამერიკაშია და ეს გვამშვიდებს. არც მას გაუჭირდება იქ და არც მე – მისი გაშვება, რადგან მარტო არ იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იმიტომ ვარ მშვიდად, რომ ვიცი, მისგან რა ადამიანიც დადგება და აქ, პირველ რიგში, კაცთმოყვარეობას ვგულისხმობ.

– რა მიმართულებას ირჩევს?

– სამედიცინო მენეჯმენტს, ჯანდაცვის სფერო მოსწონს. ეს ჩვენი ოჯახისთვის ნაცნობი სფეროა. დედა, ბებია – ყველა ექიმი მყავს, ჩვენი კლინიკა გვაქვს და ალბათ, ბუნებრივია, რომ ელენემაც ეს მიმართულება აირჩია. მისთვის მართვა და მენეჯმენტია პრიორიტეტული და ვნახოთ, ჩვენ არაფერს ვკარნახობთ. მხოლოდ მის არჩევანს მივყვებით. სრულწლოვანი რამდენიმე დღის წინ გახდა და ახალ ცხოვრებას იწყებს.

– რა განცდა იყო, ეს პასუხები რომ მიიღეთ?

– პასუხები პირველმა მე ვნახე, რადგან ჩემი ელექტრონული ფოსტა ჰქონდა მითითებული. ეს მშობლისთვის საოცარი გრძნობაა, ვერც გადმოვცემ. ისეთი ამაყი ვიყავი, რამდენიმე დღე დავფრინავდი.

– როგორია თქვენი მამაშვილობა?

– მე და ელენიკოს საოცრად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. გარდატეხის ასაკს ახასიათებს სირთულეები, თან ელენეს დედა აქეთ არ ჰყავს, გოგოა და თავისებური მიდგომა სჭირდება. ეს პერიოდი სალომემ შეგვიმსუბუქა. იმისთვის, რაზე საუბარიც ჩემთან არ შეეძლო, სალომეს მიმართავდა. მან და სალომემ, ამ მხრივ, საოცრად გამიმარტივეს ცხოვრება. სადაც მე ვერ მივყვებოდი, იქ სალომე აკეთებდა გასაკეთებელს. სიმართლე რომ გითხრათ, ელენიკოსთვის ხმამაღალი სიტყვა არ მითქვამს. ერთმანეთზე ჭკუა გვეკეტება. მისი მამობა ჩემთვის ძალიან საამაყოა. თუკი რამე კარგი გამიკეთებია ამქვეყნად, ღმერთი მადლობას ამ ბავშვის სახით მიხდის.

– მგონია, რომ სალომე და ელენე ერთი გუნდი არიან. როცა შვილი გყავს და ოჯახს ქმნი, ალბათ, ბევრს ნერვიულობ იმაზე, როგორ გაუგებენ ერთმანეთს შვილი და მეუღლე, არა?

– ალბათ, ეს ისევ ელენიკოსა და სალოს შეგნების დამსახურებაა. 7-8 წლის იყო, მე და მისი დედიკო რომ დავშორდით. რაღაც პერიოდის შემდეგ სალომესთან დავიწყე ურთიერთობა და ისინი თავიდანვე დამეგობრდნენ. ერთხელ მე და სალომემ რაღაცაზე ვიჩხუბეთ. მაშინ ელენიკო, მგონი, ცხრა წლის იყო. რომ ნახა, მოწყენილი ვიყავი, სალომეს დაურეკა და უთხრა, თუ მამაჩემს არ შეურიგდები, ახლავე თავს მოვიკლავო. მას შემდეგ ერთად მოდიან, ერთი გუნდი არიან. არის თემები, რომელშიც მე საერთოდ არ მახედებენ. თავისი საიდუმლოებები, რჩევები და მეგობრობა აკავშირებთ. ეს ჩემთვის იმხელა ბედნიერება და კომფორტია, ვერც გადმოვცემ, მხოლოდ ის შემიძლია, სამყაროს მადლობა გადავუხადო და ასეც ვიქცევი.

– სანტიზეც უნდა ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარაა, სადაც არ უნდა მოხვდეს, ყველგან ახერხებს ყველას ყურადღების მიქცევას.

– კი, სანტის უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ის, ალბათ, სწავლით ვერ გამათამამებს, მაგრამ ნამდვილი შოუმენი იქნება (იცინის). რაც მთავარია, ვგრძნობ, რომ ჩემი შვილები კეთილი და კაცთმოყვარე ადამიანები არიან. სანტი ცელქია, მაგრამ არა უზრდელი. აშკარაა, რომ კამერა და ხალხთან ურთიერთობა უყვარს. სულ ვამბობ ხოლმე, ეს ან აგვაშენებს, ან დაგვღუპავს-მეთქი და იმედია, აგვაშენებს (იცინის).

– თქვენც და სალომეც ძალიან აქტიურები ხართ. ოჯახური ცხოვრებისთვის როგორ იცლით?

– სალოა ყოჩაღი. სახლის თემებს ის აგვარებს, მე უფრო გარეთ ვარ გასული და ვაბალანსებთ. ჩვენი ოჯახისთვისა და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის როგორც საჭიროება მოითხოვს, ისე ვიქცევით. საქმეები გაყოფილი არ გვაქვს. ვიცით, რომ ორივემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ისე, როგორც კონკრეტულ მომენტშია საჭირო. ისეთი ასაკი გვაქვს, როცა აქტიური უნდა იყო და ბევრი აკეთო. დასასვენებლად და სახლში ჯდომისთვის მერეც გვეყოფა დრო. პანდემიის ფონზე სანატრელიც კი გახდა ეს აქტიურობა. სალო ბოლო დროს ცოტა დამეჩაგრა – ჯანმრთელობის პრობლემები, ექიმები და მოკლედ, ხელის შეწყობა სჭირდება. დეპრესიული გახდა, მაგრამ საბედნიეროდ, მგონი, ბოლოში გავდივართ.

– არაერთხელ გისაუბრიათ სალომეს როლზე თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. ძალიან ბევრი სირთულე და არასასიამოვნო მომენტი წარსულს ჩაბარდა და ახალი ცხოვრება დაიწყეთ. ამის შემდეგ, სალომეს ჯანმრთელობის მდგომარეობას რომ ეხება საქმე, როგორია ამ დროს ლაშა?

– ლაშა იმ წუთას არ იბნევა, მაქსიმალურად მობილიზებული ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რაც საჭიროა. შენი მფარველი ანგელოზი რომ ცუდად გახდეს, ხომ ყველაფერს გააკეთებ მისი კარგად ყოფნისთვის?! არ დავმალავ, ხანდახან ცრემლებსაც ვერ ვიკავებ და როცა ყველაფერი ჩაივლის, მერე უფრო განვიცდი ხოლმე. ამიტომ არის, რომ ხანდახან თავს ვერ ვიკავებ და აგრესიული ვხდები მათ მიმართ, ვინც სალოს ასეთი მდგომარეობა გამოიწვია. თუმცა, მერე ვაცნობიერებ, რომ ამით ისევ სალოსა და ჩვენს ოჯახს ვაყენებ ზიანს და ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო.

– ბიზნესსაქმიანობას ახლახან ბიზნესგადაცემის პროდიუსერობაც დაემატა.

– აქამდე იყო და არის ოჯახური ბიზნესი – კლინიკა, სადაც ჩემს ოჯახს მეც ვეხმარები, თუმცა ჩემი თემა უფრო რესტორანია, რომელიც პანდემიის დროს ვიყიდე. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ბევრი ვიმუშავეთ და დღეს უკვე ვამაყობ მიღწეული შედეგით. გაფართოებას ვაპირებ. ჯერ ბათუმი, შემდეგ – ნიუ-იორკი. გვინდა, ბრენდი შევქმნათ, რომელიც ჩვენს სახელს საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანს. ეს არის ჩემი პატარა ოცნება. რაც შეეხება გადაცემას, კი „პოსტივიზე“ ბიზნესი და ეკონომიკის მხარე ჩავიბარეთ. გამოცდილი გუნდი ვართ და ვიცით, ეს საქმე როგორ ვაკეთოთ. ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ და გპირდებით, ისეთ გადაცემას დავდებთ, რომელიც ხალხს, დამწყებ ბიზნესმენებს, სტარტაპერებს, მოკლედ, ყველას, გვერდით დაუდგება. გპირდებით, რომ ყველა იამაყებთ ამ გადაცემით.

– თქვენ მიმართ ხშირად არის ბრალდებები ხელისუფლების წევრებთან მეგობრობის გამო: „მაგას რა უჭირს“, „რატომ ვერ გააკეთებდა, ბერა მისი ძმაკაცია, კალაძე მისი ძმაკაცია“ და ასე შემდეგ. როგორია რეალური სურათი?

– ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ჩემთვის ეს ურთიერთობები, ამ ადამიანებთან მეგობრობა ისეთი რამ არის, რაც შეიძლება, ბევრ გარემოებებში მაკომპლექსებს კიდეც. ბავშვებს ვიფიცებ ხოლმე, როცა ვამბობ, რომ მე ამ მეგობრობას საჩემოდ არ ვიყენებ. პირიქით, იქ ვარ, სადაც ქვეყანას ვჭირდები. საპატრულოს უფროსი იყო ჩემი ძმაკაცი და სპეციალურად ვლანძღავდი ხოლმე, რომ პატრულს არ ეთქვა, რამით სარგებლობსო. მაქსიმალურად ვცდილობდი, ელემენტარული წესიც კი არ დამერღვია, რომ ვინმეს არ ეთქვა, ეს ძმაკაცობით სარგებლობსო. ეს მართლა ჩემი კომპლექსია. კი, მე ამ ადამიანებთან ვმეგობრობ, მაგრამ მათთან არასდროს არაფრის სათხოვნელად არ მივსულვარ. ბერასთან ძალიან კარგი მეგობრობა მაკავშირებს და ამას თუ წაიკითხავს, ალბათ, თვითონაც გაეცინება, პირველმა საჩუქარი მას მე ვაჩუქე და არა პირიქით (იცინის). ყველა თავის გადმოსახედიდან აფასებს მდგომარეობას და ალბათ, ვიღაცისთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ მე ბერასთან თუ სხვებთან მეგობრობით არ ვსარგებლობ. დედას გეფიცებით, ბევრჯერ დაურეკავთ ჩემთვის რაღაც სისულელეზე და დახმარება უთხოვიათ. მითქვამს, საქმის ჩაწყობა და ამ მეგობრობის გამოყენება რომ მნდომოდა, შენ დამასწრებდი-მეთქი?! (იცინის) ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არასდროს არაფერი გამომიყენებია ჩემს სასარგებლოდ. პანდემიის დროს შეზღუდვები რომ იყო, პირველი ვიყავი, ვინც ყველა რეგულაციას იცავდა, როცა ვიღაცები მეუბნებოდნენ, ნეტა, შენ რა გიჭირს, ვინ დაგაჯარიმებსო?! ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი მიცნობს და ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება. იციან, რომ რაღაც სისულელეზე არ უნდა მთხოვონ შუამდგომლობა, მაგრამ ისევ ბავშვებს დავიფიცებ, თუ ადამიანს მართლა უჭირს და მე რამე შემიძლია კანონისა და წესიერების ფარგლებში, აუცილებლად დავუდგები გვერდით. ჩემი მდგომარეობა გაჭირვებული ადამიანის გვერდში დგომისთვის ნამდვილად გამომიყენებია და ამით ძალიან ვამაყობ.