“ცხოვრებამ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად დამანახა”

412

ახალ სატელევიზიო სეზონზე ,,რუსთავი 2″-ის დილის ეთერის წამყვანების რიგს თაკო ჩორგოლაშვილიც შეუერთდა. ის ყოველთვის გამოირჩევა მოწესრიგებულობითა და მიზანდასახულობით. ის პერიოდი, როდესაც ეკრანზე აქტიურად არ ჩანდა, ცოდნის გაღრმავებას და თვითგანვითარებას დაუთმო. 31 წლის ტელესახეს სწავლის გაგრძელების სურვილი ახლაც აქვს. ერთადერთი, რაზეც თითქმის არაფერს ამბობს, ეს მისი პირადი ცხოვრებაა. ამ კუთხით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჰყავს 3 წლის ქალიშვილი მია.

თაკო ჩორგოლაშვილი: 19 წლის ვიყავი, დილის გადაცემის წამყვანი რომ გავხდი, აი, მაშინ ნამდვილად არ გამაჩნდა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება და სულ იმის განცდა მქონდა, რომ რაღაც არ ვიცოდი. დღეს უკვე 31 წლის ვარ და ვთვლი, რომ ბევრი რამ ვისწავლე.

ძლიერი ქალი ხართ თუ ამ იმიჯის უკან ბევრი სისუსტე გაქვთ?

– მე ყოველთვის ექსტრავერტი ვიყავი. არ მგონია, შემხვდეს ადამიანი, რომელთანაც საერთო ენას ვერ გამოვძებნი. ჩემმა ცხოვრებამ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად დამანახა. უკვე ბევრი გავაკეთე და ვეცადე, სუსტი მხარეები გამეძლიერებინა. ამ ყველაფერს კი იმის შედეგად მივაღწიე, რომ საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე. როცა თავს ვეკითხები, თაკო, დღეს კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით-მეთქი, ვპასუხობ, რომ არა, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რაც ამ წლების განმავლობაში გავაკეთე.

დღეს ძალიან თავდაჯერებული ვარ, საკუთარი თავის იმედი მაქვს ყველაფერში. ჩემს სუსტ მხარეებზე არასდროს ვილაპარაკებ, რადგან ეს სისუსტე ყოველთვის უნდა დათრგუნო.

 ჩაცმულობაში როგორ სტილს ირჩევთ?

– არ მიყვარს ვულგარულად ჩაცმა. ყოველთვის აკადემიურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, ყოველდღიურობაში კი – სპორტულს. იყო დრო, მოკლე კაბები მიყვარდა და ამით ალბათ საკუთარ ფეხებს ვუსვამდი ხაზს.

პირადზე დიდი ხანია არ საუბრობთ. რატომ?

– დრო მოვა და ამაზეც ვილაპარაკებ.