სამკაულების დიზაინერი მაია მიქაშავიძე იმ დიასახლისების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც უყვართ სამზარეულოში საქმიანობა. მარტო ცხოვრობს, მაგრამ სადილს ყოველთვის აკეთებს.
მაია მიქაშავიძე: ხორციანი კერძები არ მიყვარს, ერთადერთი ხორციანი საჭმელი, რომლის კეთებაც არ მაღიზიანებს, არის გუფთა. ვყიდულობ ძალიან ცოტა საქონლის ხორცის ფარშს, რაზეც ხორცის გამყიდველებს ეცინებათ ხოლმე, მაგრამ ოთხ ადამიანს კარგად ანაყრებს.
აიღეთ ორი პატარა თავი ხახვი და წვრილად დაჭერით. ხორცს დაამატეთ მარილი გემოვნებით, ნახევარი ჭიქა უმი ბრინჯი და ერთი ცალი კვერცხი. პატარ-პატარა გუნდებს გააკეთებთ და ჩაყრით მდუღარე წყალში. ქაფს რომ მოიდებს, გუნდებს მეორე ქვაბში, ადუღებულ წყალში გადაიტანთ და ჩააგდებთ დაფნის ერთ ფოთოლს.
დაჭერით პატარა თავი ხახვი, ზეთში მოშუშეთ, მოასხით ერთი ჩაის კოვზი ძმარი, რომელიც კარგ არომატს აძლევს სადილს, დაამატეთ ორი პომიდორი. ეს ყველაფერი კარგად მოხრაკეთ. ბოლოს თვალის ზომით უქენით ცოცხალი ქინძი, ოხრახუში და ორი კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, ასევე მწვანე წიწაკა.
გუფთები როცა მოიხარშება, ტაფაზე მომზადებულ მასას ქვაბში ჩაასხამთ და ერთად აადუღებთ. თუ გინდათ,გემრიელი გუფთა გააკეთოთ, უნდა დაუმატოთ ერთი სუფრის კოვზი მწვანე ტყემალი. წამოადუღეთ და მზადაა.
– ხშირად აცხობთ?
– თავს ცომეულის ჭამას ვუკრძალავ, რომ ფორმაში ვიყო. გარეგნობა ჩემთვის ნამცხვარსა და ტკბილეულზე ძვირფასია.90-იან წლებში ნამცხვრებს ვაცხობდი და ვაბარებდი. ღამეში 8 ლანგარ ნამცხვარს ვაცხობდი. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მაღაზიაში ვაბარებდი და 500-600 მანეთს ვიღებდი. ნამცხვრების ცხობით ერთოთახიანი ბინა ვიყიდე.