“ჩვენი ოჯახის შექმნით ისევ შოკში ვართ”

744

მომღერალი დათუნა მგელაძე და ჟურნალისტი ნინო ფუტკარაძე ოჯახური ცხოვრებით ტკბებიან. დათუნა თავის პირადზე ,,სარკესთან საუბრობს.

როგორი ოჯახი შედგა თქვენგან?

– ჯერჯერობით ჩვენი თანაცხოვრება კონფლიქტების გარეშეა, თუმცა ისიც ვიცი, რომ ოჯახი კონფლიქტების გარეშე არ არსებობს. ნინო ძალიან შეგნებული ადამიანია და კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ერთმანეთს ყოველთვის უნდა დავუთმოთ. მე და ნინომ გადავწყვიტეთ, რომ ყოველი მეორე ან მესამე დღე მეგობრებთან ერთად გავატაროთ. მივდივართ სტუმრად, მოდიან ჩვენთან, მოკლედ არ ვიწყენთ.

შეყვარებულობის პერიოდს ხომ სულ სხვა ხიბლი აქვს, ხომ არ გენატრებათ თუ ეს ჯერ ნაადრევია?

– ჩვენი ოჯახის შექმნით ჯერ კიდევ შოკში ვართ და ჯერ კიდევ შეყვარებულობანას ვთამაშობთ.

სხვა რა სიახლეები მოჰყვა ცოლიანი კაცის სტატუსს?

– ნინომ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეავსო. ყოველთვის ვთვლიდი, რომ წარმატებული და შემდგარი ადამიანი ვიყავი, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა. ეს ნინოს სიყვარულმა შეავსო. ყველა წარმატებულ ადამიანს უნდა ჰყავდეს გვერდით მეორე ნახევარი, რომელიც იქნება მისი მეგობარიც, მრჩეველიც და სტიმულიც.

მე და ნინოს ძალიან გვიყვარს მომავლის დაგეგმვა, ერთმანეთს ბევრ რამეში რჩევებს ვეკითხებით. ეს არის სრულყოფილი ურთიერთობა. ძალიან დიდი კომფორტი ყოფილა, როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც ყველაფერს უზიარებ და მასთან ერთად გეგმავ ბევრ რამეს.

მეუღლე ალბათ განებივრებთ კულინარიული მიღწევებით.

– ძალიან კარგად გამოსდის წვნიანები და სალათები. ნინო ვეგანია, მე კი – ხორცისტი და ცოტა ამ კუთხით გვიჭირს. “იუთუბზე” ვუყურებთ კულინარიულ განხილვებს და ვცდილობთ, გარკვეული კერძები ჩვენც გავაკეთოთ. სხვათა შორის, ეს კულინარიული ბლოგები ძალიან სახალისოა და ბევრ წყვილს ვურჩევ, ამაში ჩაერთონ.