,,ყველას უკვირს, როცა იგებენ, რომ ოთხი შვილის დედა ვარ, რადგან საქმიანი ქალის იმიჯი მაქვს. ჩემს პირად ცხოვრებაზეც არ ვსაუბრობ ჟურნალისტებთან. ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ საქმით ვცხოვრობ და რომ გაიგებენ, გაკვირვებულები რჩებიან”, – ამბობს პარტია ,,დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ,,სარკის” ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც ოთხი შვილის დედა პირადზე საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუს ,,სარკის” არქივიდან.
– თქვენზე თქვა რეზო ამაშუკელმა, მეგონა, კაცი იყო და ქალი ყოფილაო. გეწყინათ?
– არ მწყინს ასეთი საჯარო შეურაცხყოფები, რადგან ამ დროს ყველა თავის პოზაშია და ჰგონია, რომ მსგავს რამეს თუ იტყვის, მაგარი გამოჩნდება. გულთან ახლოსაც არ მიმაქვს ასეთი რამეები. მეცინება ხოლმე.
ბევრი ვიცინე ასევე თეა წულუკიანის ნათქვამზე – სანამ შენ ფეხბურთს თამაშობდი, მე წიგნებს ვკითხულობდიო. როგორ შეიძლება ასეთი რამ სერიოზულად აღიქვა?! საზოგადოების წინაშე ასეთი დიალოგი უბრალოდ უხერხულია, თორემ მის ნათქვამზე ძალიან გამეცინა.
– და მაინც, რას აკეთებდით, როცა წულუკიანი წიგნებს კითხულობდა?
– აზრზე არ ვარ, წულუკიანი როდის კითხულობდა წიგნებს. მე ბავშვობაში მართლა ბევრ წიგნს ვკითხულობდი. მაშინ მძიმე პერიოდი იყო – უშუქობა, უგაზობა…
– მამათქვენი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ის პერიოდი როგორ გახსენდებათ?
– მამა ცოტა ხანს იყო ამ თანამდებობაზე. მერე ერთი წლით გაიქცა, რადგან დაჭერით ემუქრებოდნენ. დედასთან ერთად წავიდა და მე და ჩემი ძმა ბებიასთან დაგვტოვეს. დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება და მაშინ ვისწავლე საჭმლის კეთებაც, ბაზარში სიარულიც… სწორედ იმ პერიოდში ვკითხულობდი ბევრს ლამპის შუქზე. მე-6 გერმანულმა სკოლამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში.
ფეხბურთსაც მართლა ვთამაშობდი ბიჭებთან ერთად, წრეში ბურთს – გოგონებთან ერთად. ტროლეიბუსზეც ვეკიდებოდი. არ იყო ადგილი და რა მექნა?! მომწონდა კიდეც.
– ფეხბურთს კიდევ ხომ არ თამაშობთ?
– არა, ფეხბურთი ალბათ 7 წლის ასაკიდან აღარ მითამაშია. ახლა ჩემი ბოლო გატაცება თხილამურებია. ყოველდღე ვახერხებ, ჩემი მეგობრები ვნახო, რადგან მათ გარეშე თავს ისე ვიგრძნობ, თითქოს უჰაეროდ ვარ.
– მარიხუანაც მოგიწევიათ – ამის შესახებ სატელევიზიო სიუჟეტში განაცხადეთ.
– დიახ, მომიწევია.
– რატომ უნდა მოგინდეს ქალს მარიხუანის მოწევა?
– ქალი რა შუაშია?! სექსისტურია, როცა ადამიანებს ყოფენ ასე – შენ თუ ბიჭი ხარ, ეს უნდა გააკეთო და თუ გოგო – ეს. მარიხუანის მოწევა განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. ყველა ქვეყანამ გაიარა ეს პერიოდი და იქ კრიმინალი ნაკლებად ხდება.
– მოგეწონათ მარიხუანით თრობა?
– დიახ, მომეწონა. ვიღაცას ღვინის წრუპვა მოსწონს და ეს მეც მომწონს. მარიხუანაც ასეთივე საშუალებაა, რომელიც ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას – არა. მესმის, რომ ჩვენს კულტურაში ეს არ იყო ასეთი ხშირი და ძირითადად ღვინო მოსწონდათ, მაგრამ დღეს საკმაოდ გავრცელებულია. რა მნიშვნელობა აქვს, თავის პირად ცხოვრებაში ვინ რას აკეთებს?! ხორცი ან კარტოფილი გიჭამიაო, ხომ არ კითხულობენ?
– პირველად რა ასაკში გათხოვდით?
– 20 თუ 21 წლის ვიყავი. 2002 წელს გიორგი გავაჩინე. მეორედ 2011 წელს გავთხოვდი. დაოჯახებამდე დიდხანს მქონდა ურთიერთობა ჩემს პირველ ქმართან. 13-14 წლიდან ვიცნობდი. მერე მე მოსკოვში ვცხოვრობდი, ის – ლონდონში. რომ ჩამოვიდა, ცოლად გავყევი. 4 თუ 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მერე შევთანხმდით, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება აღარ იყო საინტერესო და გავშორდით. მასთან ახლაც გადასარევი ურთიერთობა მაქვს.
2011 წელს გავყევი ჩემს ახლანდელ ქმარს, ირაკლი ბერიძეს. ის არქიტექტორია. მეგობართან გავიცანი… არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი.
– რომანტიკული ქალია ელენე ხოშტარია?
– ლექსები წამიკითხავს, დამიწერია კიდეც, მუსიკასაც ვუსმენ, მაგრამ რომანტიკულობაა თუ არა ეს, გამიჭირდება, ვთქვა.
– ქმარი როგორ ეგუება თქვენს რეჟიმს?
– “შეგუება” ისეთი სიტყვაა, თითქოს ვინმე რამეს აძალებს. ჩემი მეუღლისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმას ვაკეთებდე, რაც მაინტერესებს. ორივეს დაძაბული რეჟიმი გვაქვს, ბევრს ვმუშაობთ და ასე ცხოვრება ბევრად საინტერესოა.
– სარკის წინ რამდენ ხანს ატარებთ?
– ზუსტად ნახევარი საათი მჭირდება გაღვიძებიდან სახლიდან გამოსვლამდე თავისი შხაპით, ჩაცმით და ა.შ. მაკიაჟს ყოველდღე არ ვიკეთებ და ასეთ დროს 20 წუთშიც შემიძლია ჩავეტიო.
– ქმარი განებივრებთ, ყველაფერს გისრულებთ?
– ყველაფერი რატომ უნდა ამისრულოს, სულელი ხომ არ არის?! ჩვეულებრივი, პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს და პატივს ვცემთ ერთმანეთს…
– ქალაქგარეთ ცხოვრობთ. თბილისს რატომ გაერიდეთ?
– თბილისში რაც გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ და ტაბახმელაში გადავედით. ეს ბავშვების გამო გავაკეთეთ. ნატალიკო რომ პატარა იყო, ექიმმა გვითხრა, მისთვის სუფთა ჰაერი მნიშვნელოვანიაო და მერე ჩვენც ძალიან მოგვეწონა, რადგან მოწყვეტილი ხარ ყველაფერს, კარგი ხედია…