“ჩემი პირველი სიყვარული ის იყო – ზურა უკანასკნელი სიყვარულია”

285

ცნობილი ოჯახის წარმომადგენლის, შოუბიზნესის პოპულარული სახის, ხათუნა ჟორდანიას ცხოვრებაში სიმსივნის დამარცხებამ პრიორიტეტები შეცვალა. ახლა უფრო მეტად აფასებს იმ სიყვარულს, რომელიც 20 წლის წინ ,,ქუჩის ბიჭ” ზურა ხაჩიძით დაიწყო. ხათუნა წარსულზე ლაპარაკის დროს ყოველთვის გულწრფელია. არასოდეს ცდილობს, თავისი ცხოვრებისეული მოვლენები შეალამაზოს. ხათუნასთვის ადრეც და ახლაც ყველაზე ძვირფასი ოჯახური ურთიერთობებია. ,,სარკესთან” თავისი განვლილი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი გამოყო და გარკვეული მოვლენები გადააფასა.

– იმ პერიოდში, როდესაც ძალიან გიჭირდათ ჯანმრთელობის მხრივ, დედა გამოგეცალათ ხელიდან. მისი გარდაცვალების მიზეზი თქვენს ჯანმრთელობაზე ნერვიულობაც ხომ არ იყო?

– დიდი კონფლიქტები გვქონდა. დედამ არ დაიჯერა და არ უნდოდა იმის გაგონება, რომ მე ავად ვიყავი. წამოწოლილს თუ მნახავდა, მიკიჟინებდა, ადექი, გადი გარეთო. გონებაში არ უშვებდა, რომ მე ცუდად ვიყავი. როცა ვეტყოდი, დედა, კიბო მაქვს-მეთქი, მეუბნებოდა, ეგ სიტყვა არ მიხსენოო. მისი ასეთი დამოკიდებულება ძალიან მიშლიდა ნერვებს.

ასე მგონია, როდესაც დედამ გადაწყვიტა, რომ აღარ უნდოდა სიცოცხლე, იმავე დღეს წაიყვანა უფალმა. ძალიან მთრგუნავს ის აზრი, რომ ვერ მივეხმარე, მისთვის სიცოცხლე გამეხანგრძლივებინა. მე რომ ავად არ ვყოფილიყავი, ალბათ დღეს ცოცხალი იქნებოდა. ერთხელ მოვიდა და მე და ნინის გვითხრა, რასაც გეტყვით, ჩხუბი არ დამიწყოთ, მე მალე მოვკვდები იმიტომ, რომ სიცოცხლე აღარ მინდაო.

სწორედ ამაზე ვდარდობ, რატომ მივიდა იმ აზრამდე, რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა. დარწმუნებული ვარ, მე რომ ძალა მქონოდა და ავადმყოფობასთან ბრძოლაში არ ვყოფილიყავი ჩაბმული, მას სიცოცხლეს გავუხანგრძლივებდი. არ ვიცი, ამას მოვინელებ თუ არა ოდესმე.

– რამდენადაც ვიცი, დედა თქვენი და ზურას ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. გამოდის, რომ თქვენი ცხოვრების ორი მთავარი მამაკაცი, ორივე არჩევანი დაგიწუნათ.

– კი. ორივესთან ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ბოლოს ორივე ძალიან უყვარდა… ეს იყო სიყვარული და სიგიჟე, რომელიც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. როცა არც ვფიქრობდი ამ გრძნობაზე, მაშინ მოვიდა. პირველად რომ ვნახე ,,ქუჩის ბიჭები” ხმის ჩამწერ სტუდიაში, ზურა მაშინვე გამოვარჩიე გარეგნობით. სანამ ოჯახის შექმნამდე მივიდოდა საქმე, ბევრი ეტაპი გამოვიარეთ, იყო დაშორებებიც, მაგრამ ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

ჩვენს ქორწილს მდიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საზოგადოებაში. ერთ-ერთმა ჟურნალმა გამოკითხვაც კი ჩაატარა საქართველოს მასშტაბით, როგორ მოგწონთ ეს წყვილიო. ძალიან რთული იყო მუდმივად ასაკით მანიპულირება. მე თვითონ ძალიან ბევრი მაგალითი ვიცოდი ამ ქალაქში, ცოლი ქმარზე უფროსი რომ იყო, მაგრამ მხოლოდ ჩვენზე გადაირია მთელი საქართველო. ისიც ძალიან მიშლიდა ნერვებს, ზურამ ხათუნა ფულის გამო მოიყვანაო. უკვე 20 წელი გავიდა და ამ პერიოდში იყო ფულიც, უფულობაც და ძალიან დიდი გაჭირვება, მაგრამ ჩვენ ისევ ერთად ვართ.

– რაიმე ეტაპზე იმოქმედა საზოგადოების რეაქციამ თქვენს ურთიერთობაზე?

– არა, თუმცა პრობლემები ჩვენს ურთიერთობებში ბევრჯერ იყო. ბევრჯერ გვიჩხუბია, ბევრჯერ დანის პირზეც გავიარეთ. იყო მომენტები, როდესაც გაშორებაც გადავწყვიტეთ, იყო პერიოდები, როცა ერთმანეთისგანაც დავისვენეთ. ეს ხომ ყველა ოჯახში ხდება.

– მაინც რა არის ის მთავარი სირთულე, რომელიც ასაკით განსხვავებულ წყვილებს ხვდებათ?

– მთავარი სირთულეა ალბათ ის, რომ გაუძლო იმ გზიდან გადახვევებს, რაც სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპზე იქნება. ამ დროს რაღაცები უნდა მოითმინო, რაღაცაზე თვალი დახუჭო. ასე უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც ოჯახის დანგრევა არ უნდა. ოჯახს კიდევ იმ დროს არ ანგრევ, როცა სიყვარულია.

– რა იყო თქვენი პირველი ქორწინება თეკუჩა ქარსელაძესთან, რას დაარქმევდით მას?

– ის იყო პირველი სიყვარული და ზურა უკანასკნელი სიყვარულია. თეკუჩა იყო კაცი, რომლის იმედიც ყოველთვის მქონდა ცხოვრებაში, განსაკუთრებით ნინისთან მიმართებაში. მისი გარდაცვალებით ის ყველაზე მეტად ნინის მოაკლდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს ნინის იმდენს ვერ გაუბედავდნენ. ზურა კი ძალიან წესიერი კაცია, რომელიც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ბოლო სიყვარულია.