“ჰიბრიდული სვანი გამოვდექი, რახსაც ვიტან და ღვინოსაც”

240

სოსო ჯაჭვლიანი, ქართული სუფრის კულტურის დიდი გულშემატკივარია, მას   ღვინის დაძალება არ უყვარს, არც გადამეტებული სმა და არც თავისი ხელით დაყენებული ღვინო ემეტება ყველასთვის. რა პრეტენზიები აქვს ქართულ სუფრასთან, რა პლუსებს და მინუსებს ხედავს ამ კულტურაში, ამის შესახებ სოსო ჯაჭვლიანი “სარკეს” გულახდილად უყვება:

– ადამიანებს გვიჭირს ზომიერების დაცვა, რაც ტრადიციის დამახინჯებაში გადადის. სუფრასთან ბოლოს სმა მიდის ყანწებით, “ფრანცუსკებით”, კრამიტებით… კიდევ ერთი ცუდი თვისება გვაქვს – ქართველს რომ სუფრასთან დავით აღმაშენებელი დაუსვა, წავა და მერე ისეთ რაღაცებს ილაპარაკებს, რომ… ქართველს ზომიერების გრძნობა არც ამაში აქვს.

დადებითი რა აქვს?

– ერთ ამბავს გეტყვით. აეროპორტში მუსლიმებმა გაშალეს ხალიჩა და დაიწყეს ლოცვა. მეგობარი მეუბნება, ნახე, როგორები არიან, ჩვენ კი როგორ დავივიწყეთ ტრადიციებიო. ვუთხარი, ნურას უკაცრავად, ესენი დრო რომ მოვა, მაშინ ლოცულობენ, ჩვენ კი სუფრასთან შეგვიძლია დილიდან საღამომდე ვილოცოთ-მეთქი. სადღეგრძელო ლოცვა არ არის? მეგობრებს, ნათესავებს ეფერები. ამაზე დიდი ლოცვა გაგიგიათ?

სვანეთში რისი სადღეგრძელო ისმევა თავიდან?

– სამი აუცილებელი სადღეგრძელოა – მამაღმერთის, მთავარანგელოზის და წმინდა გიორგის. რომ შედიხარ ეკლესიაში, პირჯვარი ხომ უნდა გადაიწერო, აი, ასეა ეს სამი სადღეგრძელო. დანარჩენი იმპროვიზაციაა და თამადა როცა ვარ, ვუბერავ, როგორც მინდა.

სვანების სასმელი რახია. გიყვართ რახით ქეიფი?

– რახით რომ დათვრები, მერე მთელი ოთხი დღე და ღამე მთვრალი ხარ. მთელი ცხოვრება რახს ვსვამთ და არ გიკვირთ, კიდევ ასე რომ ვაზროვნებთ?! მე ღვინოზე მიყვარს ქეიფი, კონიაკიც მიყვარს და ჭაჭაც, მაგრამ ესენი შეიძლება ერთი ჭიქა დალიო და მერე გადადიხარ ღვინოზე.

ჩემთვის სუფრაზე აუცილებელია ღვინო, ხორცი და მწვანილი. ღვინო, რა თქმა უნდა, კახური. იმერულიც კარგია, თუ კარგადაა გაკეთებული. ისე, სვანეთში საუკეთესო სასმელად ანწლის არაყი ითვლება. ერთხელ ტელევიზიაში ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად ვიყავი და სასმელზე ვილაპარაკეთ. ჯანსუღმა თქვა, ბებიაჩემი იყო ყიფიანის ქალი და ყოველ დილას 50 გრამ ანწლის არაყს სვამდა – ეს ჩემი წამალიაო. იმდენი წელი იცოცხლა, არ კვდებოდა და ბოლოს შვილიშვილებმა დავახრჩვეთო.

– სვანები თითქოს ღვინოს ვერ იტანენ, სიმთვრალეში ჩხუბის ხასიათზე დგებიან, ეს რატომ ხდება?

– “მერსედესში” ბენზინის ნაცვლად დიზელი რომ ჩაასხა, თახთახს დაიწყებს. სვანები რახს ვართ დაჩვეული და ღვინოს რომ ვსვამთ, თახთახს ვიწყებთ. ამას გადაიარაღება, ,,კლაპანების” მოჭერა უნდა. მე კი – პირიქით, როცა ღვინოს ვსვამ, ვწყნარდები. ეტყობა, ჩემი ძრავი ჰიბრიდული იყო, ორივე აიტანა. ღვინოს ყოველთვის კარგად ვიტანდი.

ქართულ სუფრასთან კიდევ ერთ ცუდ ჩვევას ავლენენდაძალებას.

– აუ, ვერ ვიტან დაძალებას! კახელებს ვენაცვალე! ღვინო რომ აქვთ, დალევის კულტურაც იციან. არ მახსოვს, კახელს ღვინო დაეძალებინოს ან ჭიქა ბოლომდე შეევსოს. დარწმუნებული ვარ, ძველად ღვინოს არავინ დაგაძალებდა.

ღვინოს რა წესების დაცვით აყენებთ?

– კვერცხის ცილით ვაყენებ. როგორ წმენდს, იცით? ჯერ ღვინოს აჭრის და მერე, თუ რამე სიბინძურე აქვს, ქვემოთ ჩაიტანს. ჭიქაში რომ გახედავ, ქარვასავითაა. ასეთი ნალოლიავები ღვინო მერე როგორ უნდა დაალევინო ახვარს?! ჩემს ღვინოს მთლიანად გამოცლილი აქვს ყველანაირი ჭუჭყი და, რომ დალევ, ჰაეროვანი ხდები, გეხსნება გონება და დაფრინავ. აი, ესეც თქვენ, სვანმა როგორი ღვინის დაყენება ვიცი!