“გმირები ომში წასულები არ არიან, იმათი პატრონები არიან გმირები”

386

ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი უკრაინის ომში დაღუპული გმირების და მათი ოჯახის წევრების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

უკრაინაში დაღუპული თითქმის ყველა ქართველის ოჯახის წევრთან მაქვს ინტერვიუ ჩაწერილი. თან ოჯახის უახლოეს წევრებთან. ცოლებთან, შვილებთან, დებთან…

“აზრი არ ჰქონდა ხვეწნას”… მპასუხობდნენ ისინი, როცა ვეკითხებოდი, როგორი იყო მათი რეაქცია, როცა საყვარელი ადამიანის ომში წასვლის გადაწყვეტილების ამბავი გაიგეს.

ადრეც რამდენჯერ მიფიქრია და ახლა განსაკუთრებით, როგორ მოვიქცეოდი, რას ვიზამდი, რა სამარცხვინო და საბრალო სცენებს დავდგამდი, თეფშების ლეწვით, ისტერიკით, ტანსაცმლის გადაყრით, მუქარით, რომ ვეღარასდროს მნახავს.
სხვა არავინ მეგულება უფრო ძლიერი, ომში წასული ადამიანის ოჯახის წევრის გარდა.
როცა ყველა ზარი ტელეფონზე ელდას გცემს.

როცა ერთი უპასუხო მესიჯის შემდეგ, სიკვდილის ყველა შესაძლო სცენას დგამ გონებაში.
როცა დღეც და ღამეც, მზეშიც და ღრუბელშიც გაყინული გაქვს ხელები.
და იმისი მტერი თუ ტყვიაა, შენი მტერი უფრო უარესი – შიშია.
როგორ მოვიქცეოდი და უკან გავეკიდებოდი.

ზუსტად ვიცი, ტყვია ვერა და შიში მომკლავდა – სიკვდილის ლოდინი.
გმირები ომში წასულები არ არიან. იმათი პატრონები არიან გმირები.
ომში წასული თუ ერთხელ კვდება, იმათი ოჯახები დღეში ათჯერ კვდებიან“, – წერს თარხნიშვილი.