“ვინ ეტყვის ხალხს, რომ ცოლი არ არის ვალდებული ემორჩილებოდეს ქმარს და რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი?!”
ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქალთა მიმართ ძალადობის, ქმრების მიერ ქალების მკვლელობის ფაქტებს ეხმიანება.
“ვინ ეტყვის კაცს, რომ მოძულებული ცოლი კი არ უნდა მოკლას, არამედ უნდა გაშორდეს? ვინ ეტყვის ქალს, რომ სანამ ეკონომიკურად დამოუკიდებელი არ გახდება, არც კი იფიქროს ქორწინებაზე?ვინ ეტყვის გოგოებს და ბიჭებს, რომ ლტოლვა და აღტაცება სიყვარული არ არის? და რომ სიყვარული არ კმარა ცოლ-ქმრობისთვის, რომ მეგობრობა და პატივისცემა არანაკლებ მნიშვნელოვანია?
ვინ ეტყვის მშობლებს, რომ ტოქსიკური ქორწინება და მუდმივი ჩხუბი ბევრად უფრო აზიანებს მათ შვილებს, ვიდრე განქორწინება და ცალ-ცალკე ცხოვრება? ვინ ეტყვის ხალხს, რომ ცოლი არ არის ვალდებული ემორჩილებოდეს ქმარს და რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი და უფროსი?
ვინ გაიაზრებს, რომ 17 მაისი ძალადობის დღეა, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღე დაარქვეს ფარისევლებმა?
დღეს კიდევ ერთი ქალი მოკლა ქმარმა, ავტობუსში, შვილების თვალწინ, პერფომატიულად.ვინ ეტყვის ჟურნალისტებს, რომ ამ საზარელი დანაშაულიდან არ დადგან ცირკი და ამით არ წააქეზონ სხვა ბოროტი კაცები ფემიციდისკენ?” – წერს ბაია პატარაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი.
“ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა”, – ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.