“ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბავშვობას 8 წლის წინ დაემშვიდობე” – წერილი, რომელმაც ყველა აატირა

296

ეს წერილი ჟურნალისტმა დარეჯან ფერაძემ ფეისბუქის მეშვეობით მიწერა შვილს:

“წერილი თედოს…
ათიათასობით კილომეტრი გვაცილებს ერთმანეთს, მაგრამ დედაშვილობის სიყვარულის მადლი ათბობს გზას ბაღდათსა და ნიუ-იორკს შორის. ბოლო ზარი დაირეკა დღეს ბაღდათის მეორე საჯარო სკოლაში, რომლითაც მთავრდება შენი ბავშვობის წლები. თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბავშვობას 8 წლის წინ დაემშვიდობე, როცა დედა ემიგრანტი გახდა, როცა დამოუკიდებლად, უკვე “ემიგრანტი დედას შვილის” სტატუსით შეუდექი ნაადრევად დავაჟკაცების გზას…

ვიცი, დღეს ყველაზე მეტად გინდოდა, დედა შენს გვერდით ყოფილიყო და შენთან ერთად ეზეიმა. სამყაროში არ მოიძებნება მეორე, ვისაც ჩემზე მეტად ენდომებოდა ახლა შენთან ჩახუტება, მაგრამ სურვილები და შესაძლებლობები ხანდახან არ ემთხვევა ერთმანეთს. ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ და მეც ვზივარ კომპიუტერთან, სკაიპით ვუყურებ თქვენს საზეიმო კონცერტს, ვუსმენ თქვენს ხმებს, გათვალიერებთ და ვცდილობ გამოვიცნო, ვინ ვინ არის… როგორ დაზრდილხართ, დაფრთიანებულხართ… ნომინაციაში ,,ყველგან და ყოველთვის” კონკურენტი ვერ მოგიძებნეს, ყველგან შენ იყავი… და როცა შენი ცხოვრების ახალ ბილიკებს გაუყვები, მინდა, რომ კაცობისა და ადამიანობის, სიკეთისა და სიყვარულის, უფალთან ვალმოხდილობის ნომინაციაშიც ასევე შეუცვლელი იყო სიცოცხლის ბოლომდე…

მეამაყები, მეიმედები, ჩემი სიცოცხლის და ჩვენი დიდი ოჯახის მზის სხივი ხარ, მედლის კანდიდატი კი არა, ოქროს მედალი ხარ, უფლისგან ბედნიერებად ბოძებული…

გილოცავ და გისურვებ, შენი თავი იპოვო ამ აყირავებულ და დაულაგებელ, უცნაურობებით სავსე სამყაროში… იცოდე, ეს გზა არ იქნება ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი, აღმართს დაღმართი მოსდევს და პირიქით, გზად ბევრ კეთილს და უამრავ ბოროტს გადაეყრები, მაგრამ აირჩიე სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, რადგან მართალ კაცზე უფრო ბედნიერი არავინაა დედამიწის ზურგზე…

მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება მშვენიერია და მე შენ მიყვარხარ, უსაზღვროდ და უკიდეგანოდ… და რადგან შენ ჩემი მზის სხივი ხარ, მინდა რომ ათბობდე სამყაროს შენი ლამაზი ხმებით და ფერებით და გათბობდეს მზე და ადამიანთა სიყვარული”, – აღნიშნულია წერილში.