„არავინ მომკვდარა და არც სამყაროს დასასრული დამდგარა, ასეთი ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ!“

263

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელიც სექსუალურ დანაშაულში იყო ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ 20 მაისს ცნო. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში დღეს გამოეხმაურა, თამთა თოდაძემ, რომელიც ყოფილ დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც დაზარალებული წერს, ბრძოლად გააგრძელებს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს:

„ძვირფასო მეგობრებო!

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, ჩემი მესენჯერი სავსეა წერილებით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს! სამწუხაროდ, ყველას ვერ გპასუხობთ დროულად, რისთვისაც ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, თუმცა, ცხადია აუცილებლად გიპასუხებთ. ეს თქვენ მაძლევთ ბრძოლის ძალას!

ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე თქვენგანისაგან, ცოტა დამთრგუნველი წერილი მივიღე, სიტყვებით:

“ვიზიარებ”, “ვერ გირეკავ, ვინ იცის როგორ ხარ”, “ვაიმე ახლა რა იქნება” და ა.შ…მეგობრებო, არავინ მომიკვდარა და არც სამყაროს დასასრული დამდგარა ამ გადაწყვეტილებით. ცხადია, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღრმა დეპრესიაში ვარ ან რამე მსგავსი, პირიქით, მინდა იცოდეთ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ!

მინდა ისიც გითხრათ, რომ ბრძოლას არ ვწყვეტ, აუცილებლად გავასაჩივრებ, თუ დამჭირდა სტრაზბურგამდეც კი წავიღებ, მაგრამ სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ! ბრძოლის წაგება, არ ნიშნავს ომის წაგებას, განსაკუთრებით არათანაბარი ბრძოლის ველზე, ჩვენი სასამართლო სისტემის პირობებში!

ცხადია, ყველამ ძალიან კარგად იცის სიმართლე, თუმცა, სამწუხაროდ, ყველას არ ყოფნის გამბედაობა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება!

მოკლედ, მე ყოჩაღად ვარ, ძალიან საბრძოლო განწყობაზე (იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე ვიყავი) და დარწმუნებული იყავით, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!“, – წერს თოდაძე.