სიმართლე გითხრათ, არასოდეს ვიფიქრებდი, თუ ასაკით პატარა ბიჭს სხვანაირად შევხედავდი. მაგრამ, როგორც ამბობენ: არასოდეს თქვა, არასოდეს!
როცა გრძნობა ჩნდება და სიყვარულია, იქ ასაკიც თითქოს ქრება. თან, რომ შემოგვხედოთ, ვერ იტყვით, რომ მე ჩემს ქმარზე ასაკით ასეთი დიდი ვარ. მოკლედ, ზურა შემიყვარდა და იმის გამო, რომ ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელი იყო, მასზე უარი არ ვთქვი, ვიბრძოლე და დღეს უბედნიერესი ოჯახი გვაქვს, ორ შვილს ვზრდით და ვტკბებით სიყვარულით. ჩემი დედამთილი კი მარტო ზის რაიონში, კორპუსის ბინაში გამოკეტილი. ზურა რომ გავიცანი, თბილისში ქირით ცხოვრობდა. არ დაუმალავს, რომ ხელმოკლე ოჯახში იყო გაზრდილი და თავისთვისაც და დედის დასახმარებლადაც ფიზიკურად უწევდა მუშაობა და რომ თბილისში ბინას ვერ იყიდდა. სიმართლე გითხრათ, იმდენად შემიყვარდა, თანახმა ვიყავი მასთან ერთად რაიონში მეცხოვრა. თან, ის რაიონი თბილისთან ახლოსაა და ვფიქრობდი, არ გამიჭირდება, ხშირად ჩამოვალ და მშობლებს და მეგობრებს მოვინახულებ-მეთქი. თუმცა, დედამისის გასაცნობად რომ ჩამიყვანა, იმ ქალმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ამ გოგოს სახლში არ შემოვუშვებ, ეს ჩემი რძალი ვერ გახდებაო. მესმის, არცერთ დედას არ უნდა, მისმა შვილმა ასაკით უფროსი ცოლი რომ მოიყვანოს, მაგრამ მოხდა ასე. კულტურა ხომ უნდა გქონდეს, პირში არ მიახალო? პირველივე ნახვისას არ გალანძღო და თავი არ შეაძულო? მოკლედ, კარგად მლანძღა და არ გაჩერდა. ზურამ მომკიდა ხელი და რომ გამოვდიოდით, კარიდან დედას მიაძახა: მე ამ გოგოს ცოლად მაინც მოვიყვან და შეგრცხვება შენი სიტყვებისო. იმ წამს თან შეურაცხყოფილი ვიყავი და თან ამაყი. შეურაცხყოფილი – სადედამთილოს გალანძღვით და ამაყი – მომავალი ქმრის მხარში დგომით. ამ ამბიდან ერთ კვირაში მე და ზურა დავოჯახდით. საცხოვრებლად მეც მის ნაქირავებ ბინაში გადავედი. დედამისმა ერთხელ დარეკა და გამლანძღა, შვილიც მიაწყევლა და სულ ეს იყო, კარგა ხანს აღარ მოვუკითხივართ. ალბათ, იმედი ჰქონდა, მალე დავშორდებოდით ერთმანეთს. მესმოდა, ტელეფონში უკიოდა შვილს: მალე მიხვდები, რაც დააშავე, ცოტა ხანში ნაოჭებით რომ აევსება სახე და მის გვერდით გავლა შეგრცხვება, მაშინ გამიხსენებო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, უკვე ათი წელია, დაოჯახებული ვარ და ქმრისგან ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ მახსოვს. ორი შვილი გვყავს და ვცდილობთ, სითბოსა და სიყვარულში გავზარდოთ. ამაში კი დაბადების ციფრები და ასაკში სხვაობა ნამდვილად არ გვიშლის ხელს. მართალია, ვერ შევძელით ნაქირავებ ბინაში ფულის გადახდა და ჩემს მშობლებთან, ოროთახიან ბინაში ვიწროდ ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც ბედნიერები ვართ. ჩემი დედამთილი კი ურეკავს თავის შვილს და ეხვეწება, ჩამომაკითხე, რას მიმაგდე მარტოო. ათასში ერთხელ თუ ჩავა ზურა. ფულს კი უგზავნის. ამბობს: იწვნიოს, რაც გამიკეთა, მომჭრა თავი სამეზობლო-სანათესაოში, მთელ რაიონში გვლანძღავდა და ახლა გავხდი კარგი შვილიო. თუმცა, დედაა და ვერ მოიძულებს. ბავშვებსაც არ აქვთ ბებიის სიყვარული. ერთი წლის იყო პირველი, ჩამოსვლა რომ იკადრა და ნახა და მეორე, სამი თვის რომ გახდა, მაშინ ჩამობრძანდა. თან, ორივეს ოქროს ბეჭდები აჩუქა. ალბათ რძლისთვის ჰქონდა ნაყიდი და მე რომ არ მოვეწონე, ბალიშის ქვეშ ინახავდა და რომ მიხვდა, მის ოჯახში სხვა რძალი არ შევიდოდა, ჩემთვის ვერა, მაგრამ ბავშვებისთვის გაიმეტა. არც მისი ოქრო მჭირდება და არც მისი ქონება. თავიდან გამიცივა გული და ვერანაირი მისი სიტყვები ვეღარ გამითბობს. არც კი მინდა გავიმეორო ის სიტყვები, რა სიტყვებითაც მე და ჩემს ქმარს გვწყევლიდა და გვჭრიდა თავს სანათესავოში. დღეს ყველა ხედავს, რომ მე და ზურა ნამდვილად ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი და ასაკი კი არა, მთავარი გაგება, ურთიერთობა და გულწრფელი სიყვარულია. კიდევ ვამბობ, პირველივე ნახვისას ისე რომ არ ველანძღე და ვეწყევლე, საყვარელი მამაკაცისა და ქმრის დედას ნამდვილად არ დავტოვებდი მარტო, ჩამოვიყვანდი და გვერდით მეყოლებოდა, მაგრამ რაც დაიმსახურა, იმას იმკის.
მარიკო, 39 წლის.