”მთავარი საყრდენი გამომეცალა, დრო მკურნალი არ არის”

356

მომღერალი მარიტა როხვაძე ნელ-ნელა საკონცერტო ცხოვრებას უბრუნდება და დიდი იმედი აქვს, რომ საყვარელ საქმეში ბოლომდე დაიხარჯება. პანდემიის პერიოდში მარიტამ მამა დაკარგა, ოღონდ ამის მიზეზი კოვიდი არ ყოფილა. მათ განსაკუთრებული მამაშვილობა ჰქონდათ და მამა ძალიან ამაყობდა შვილის მომღერლობით, ამიტომ მარიტა სცენას მალე დაუბრუნდა.

– მარიტა, პანდემიის პერიოდმა ხომ არ დაგაფიქრათ, რომ სხვა პროფესია ან საქმე არის საჭირო, რათა უფრო მყარად იყოთ ცხოვრებაში?

– ვისაც ესმის სიმღერა და ვოკალი, იცის, რომ ეს საქმე ისეთი ადვილი არ არის, როგორიც გარედან ჩანს. როცა გიყვარს შენი საქმე და მისგან გაქვს შემოსავალი, ძნელია სხვა რამეზე გადაწყობა. როცა მღერი, გაქვს ორი გზა – ან შენს ქვეყანაში იყო და მიიღო ის შემოსავალი, რასაც ეს ქვეყანა იძლევა, ან ორიენტირება აიღო უცხოეთზე, სადაც შენი სიმღერით უფრო დიდ შემოსავალს ნახავ.

– როგორც ჩანს, საქართველოდან წასვლის სურვილი არ გაქვთ. 

 ნამდვილად არ მიბრძოლია და არ მიმუშავია იმაზე, რომ სადმე წავსულიყავი. იყო შემოთავაზებები, მაგრამ არასდროს მიფიქრია სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლაზე. საქართველოდან თუ რომელიმე ქვეყანაში ჩავალ გარკვეული კონცერტებით, ამაზე სიამოვნებით ვთანხმდები.

– რატომ არ ცდილობთ, საერთაშორისო კონკურსებსა თუ ტელეპროექტებში გამოჩნდეთ?

– თუ მომინდება, აუცილებლად გავაკეთებ ამას და წარმატებასაც მივაღწევ. ალბათ ამ ეტაპზე არ მინდა და ამისათვის არც არაფერს ვაკეთებ.

– ცოტა ხნის წინ მამა დაკარგეთ. დრო მართლაც არის ყველაფრის მკურნალი თუ ასეთ ტრაგედიას დრო ვერაფერს შველის?

– ჩემი და მამის ურთიერთობა განსაკუთრებული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ დედა 26 წლის განმავლობაში ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავდა, მე უფრო მამა მზრდიდა. ის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი და მთავარი საყრდენი იყო. დრო არაფრის მკურნალი არ არის, ამაში დავრწმუნდი. უბრალოდ, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრობ.

მამას აღფრთოვანებული იყო, როდესაც სცენაზე მხედავდა. ამიტომაც ვიცი, როგორი გახარებული იქნება ჩემი თითოეული კონცერტით თუ წარმატებით, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ მექნება. ამიტომ ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ამის შემდეგ არ ვიმღერებდი.

– როგორი იყო თქვენი მამაშვილობა, რა გასწავლათ ცხოვრებაში?

– მისგან მთავარი ვისწავლე, რომ არავინ უნდა დაჩაგრო. ვერ იტანდა ფარისეველ ადამიანებს. ის იყო ჩემი ცხოვრების მთავარი მესაიდუმლე. მას ვუყვებოდი ისეთ საიდუმლოებებს, რასაც არ ვუყვებოდი არც დაქალს, არც დედას.

– ქალიშვილისა და მამის ასეთი მესაიდუმლეობა იშვიათია.

– ამიტომაც ვამბობ, რომ ყველა მამა მამა არ არის. მე ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ადამიანი მყავდა გვერდით.