“ბ@ზობა გინდა? უცებ გავიგე მამის ღრიალი და სახეში მწარედ მომხვდა….”

1,706

ფსიქოლოგი, მაგდა ფერაძე პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქალებს პრობლემის შესახებ საუბრისკენ მოუწოდებს:

“ილაპარაკეთ!
– პირველად 16 წლის ასაკში გავჩუმდი, როდესაც ჩემს საუკეთესო მეგობარს ვუზიარებდი, რომ ჩემი კლასელი ბიჭი შემიყვარდა და ერთმანეთს ვაკოცეთ.
ბოზობა გინდა? უცებ გავიგე მამის ღრიალი და სახეში მწარედ მომხვდა.
იმ დღიდან დაიწყო მამის მხრიდან საშინელი აგრესია და კონტროლი ჩემს მიმართ, და ეს გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე მამა არ გარდაიცვალა.
დედა დუმდა, ვერაფერს აკეთებდა ჩემს დასაცავად.

 მეც სიჩუმე ვისწავლე…
არ მეპატია გოგოობა.
– ის დღე არასოდეს დამავიწყდება, 5 თვის ორსული ვიყავი, პირველად რომ ხელით შემეხო, მერე დიდხანს მკოცნიდა და მებოდიშებოდა. მეც ვაპატიე და დავრჩი. ძალადობა კი
ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. მე წლები ვდუმდი და ჩემს ტკივილებთან ერთად ვცხოვრობდი ბევრი წელი.
გამოსავალს და მხარდაჭერას ვერავისგან და ვერაფერში ვხედავდი. თავს ვიმართლებ?
ალბათ… უბრალოდ ძალა არ მეყო ამ ყველაფრის დასასრულებლად…
– გარდატეხის ასაკში მივხვდი, რომ ჩემი სქესის ადამიანები მიზიდავდა. ამის გაცნობიერება კოშმარი იყო რადგან ეს ფაქტი უკვე გულისხმობდა ჩემს უარყოფას და გარიყვას ოჯახიდან და სოციუმიდან,
სირცხვილს და დასჯას, რადგან მათ არ ვგავდი და ჩემი ოცნებები მქონდა.
ამიტომ გავჩუმდი და ეს სიჩუმე დიდ ტვირთად მექცა. დამაზიანა, ძალიან დამაზიანა… დღემდე ვერ ვიგებ, ვის რას ვუშავებდი ჩემი სიყვარულით.
ეს არის სამი პაციენტის ამბავი მათივე ნებარვით გაზიარებული. ამ ბლოგში მინდა შევეხო ნებისმიერ ბულინგს და წნეხს ქალთა მიმართ, რაც მათზე ხორციელდება ოჯახის, კულტურის, ჩვენი მენტალიტეტის, რელიგიის და სოციუმის მხრიდან.
იყო ქალი, პატრიარქალურ სახელმწიფოში, ძალიან რთულია, რადგან სივრცე, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ არატოლერანტულია პიროვნების თავისუფალი ნების მიმართ. ამის საპირწონედ კი ქალები, ძირითად შემთხვევებში, დუმილს ირჩევენ. თითქოს, ამ დუმილში კლავენ საკუთარ ტკივილებს, ოცნებებს, სურვილებს, მოთხოვნილებებს.
ჩვენი ფიზიკა და ფსიქიკა ჯაჭვურადაა გადაბმული ერთმანეთზე, ამიტომ, დროთა განმავლობაში, ყველა ის ფიქრი, ბრაზი, იმედგაცრუება, ყველა ის ნაგავი, რასაც ჩვენს არაცნობიერში ვტენით და ვინახავთ ასე გულმოდგინედ, ფსიქოსომატურად გადაინაცვლებს ჩვენს სხეულში. სხეული, რომელიც იგნორირებულია ჩვენივე მხრიდან. ჩვენ არ ვუსმენთ ჩვენს სხეულს, ჩვენს ფემინურობას, ჩვენს სექსუალობას, ჩვენს შინაარსებს. თითქოს, სხეულს მხოლოდ ერთი ფუნქცია აკისრია, აკეთოს რუტინული საქმეები და განაყოფიერდეს.
ჩვენ ხომ ბავშვობიდან ვიცით,
როგორც ქალებს, რა მისია გვაკისრია…
და ერთ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ საკუთარ თავს ვღალატობთ ყველა იმ ჩვენში ჩაბუდებული ინტროექტით, რასაც ბეჯითად ვასრულებთ;
იმ დაწერილი სცენარით, რასაც გაუცნობიერებლად მივყვებით. აღმოვაჩენთ, რომ სხვისი ცხოვრებით ვიცხოვრეთ. რატომ? იმიტომ, რომ თავად წავართვით ჩვენს თავს ჩვენი თავის გამოხატულების, პროტესტის,
არჩევანის, იდენტობისა თუ ორიენტაციის უფლება.
და დუმილი ვარჩიეთ…
სწორედ ამ დროს ტეხს სხეული განგაშს პანიკური შეტევებისა თუ დეპრესიის სახით და ავად ვხდებით…
ავად გვხდის ის ყველაფერი, რაც ერთ დროს საკუთარ თავში ჩავიხშეთ, შევიკავეთ, უფლება მივეცით, შეგვშინებოდა და როცა გვტკიოდა, ვიღიმოდით, ვიღიმოდით ნაძალადევად, საწყლად და მაინც ვიღიმოდით… რადგან ასე იყო საჭირო. რადგან კარგი გოგოები მუდამ იღიმიან… კარგი გოგოები ჩუმად არიან
და მორჩილად იტანენ საკუთარ უუფლებობას.
ჰოდა, ილაპარაკეთ! ილაპარაკეთ იქამდე, სანამ თქვენს ხმას ყველა გაჩუმებულ ადამიანამდე არ მიიტანთ. სანამ თქვენი თავის ის ვერსია არ გახდებით, ვისაც საკუთარ ოცნებებში ხედავდით ყოველ ღამე, ბავშვობაში. ნუ წაართმევთ თქვენს თავს თქვენივე თავს. ნუ გამოგკვებავთ ის რომ მეზობლის, ნათესავის ან ვიღაცის თვალში კარგი გოგო ხართ.
და როცა აღარ შეგეშინდებათ, ხმამაღლა იტყვით: ფეხზე მკიდია, ერთი ცხოვრება მაქვს და ის მე უნდა მეკუთვნოდეს!
ამოარწყიეთ წლების ნაგროვები ტოქსინები და ილაპარაკეთ!
და არასოდეს თქვათ უარი თქვენს ოცნებებზე…”, – წერს მაგდა ფერაძე.