“თავიდან ბოლომდე დეამ შემქმნა”

435

ოთარ აბესაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სკანდალური საქმით გაიცნო, ახლა ეკონომიკის პროფესორის სტატუსით როგორც ქართულ, ისე ევროპულ უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობს.

2017 წლის 12 ივლისს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. მაშინ ის თბილისის მერიის თანამშრომელი იყო. საბოლოოდ სასამართლომ დაადასტურა, რომ აბესაძეს ქრთამი არ აუღია და ბრალდება ,,ზეგავლენით ვაჭრობის” მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულად ითვლება. მან ციხეში 6 თვე გაატარა და მძიმე დაავადებაც შეიძინა – საპყრობილეში გადატანილი ინსულტის გამო დღემდე წამლებზეა დამოკიდებული.

ოთო აბესაძე ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ ის გაწირა და მის წინააღმდეგ იმუშავა საკმაოდ გამოცდილმა და კვალიფიციურმა აგენტ-პროვოკატორმა, თუმცა საქმე ისე შეუტრიალდა, მომხდარის გამო მადლობელიც დარჩა. ამბობს, რომ ციხემ მის ცხოვრებაში ყველაზე პოზიტიური კვალი დატოვა.

სწორედ ციხეში ყოფნისას ოთომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, თავის საყვარელ გოგონაზე, დეა აფციაურზე, იქორწინა.

“ჩემი ადვოკატის ბლოკნოტზე კალმით დავწერე ხელის სათხოვნელი სიტყვა. ვწერდი, რომ ძალიან მიყვარდა, ეს განსაცდელი ძალიან მალე გაივლიდა და გამომყოლოდა ცოლად. რამდენიმე დღეში იუსტიციის სახლიდან მომივიდა ცნობა, რომ ჩემი ქორწილი იყო დანიშნული”, – მოუყვა ოთო “სარკეს” დაახლოებით 3 წლის წინ.

ახლა კი იმაზე გვიამბობს, როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

 ოთო, სად ხართ და რას საქმიანობთ ახლა?

– ამჟამად გახლავართ პროფესორი კავკასიისა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე ვარ მიწვეული ლექტორი გერმანიაში, გორლიცის უნივერსიტეტში და რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

– ციხეში დაქორწინდით წლების წინ. როგორ განვითარდა თქვენი ოჯახური ცხოვრება?

– დიახ და ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე ეს იყო გუშინ თუ გუშინწინ. ყოველი დღე დღესასწაულია ჩვენთვის, რადგან სიყვარულით და ერთმანეთით ვცხოვრობთ მე, დეა, ჩვენი შვილი კირა და ასევე ჩემი უფროსი შვილი ნინი პირველი ქორწინებიდან. ვცდილობთ, მუდამ ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ. დეა მეხმარება თუნდაც კარიერის თვალსაზრისით, მეც ასევე ვეხმარები. კირამ უკვე საბავშვო ბაღში დაიწყო სიარული და ასე მივყვებით ცხოვრებას. ვცდილობთ, ის საგიჟეთი, რაც გარეთ არის, ოჯახში ავიცილოთ. სახლში პრობლემები არ შეგვაქვს.

– დეა რას საქმიანობს?

– ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიის ქსელის მარკეტინგის დირექტორია. ძალიან კარგად და საფუძვლიანად უძღვება თავის საქმეს. მიხარია, რომ მეც და დეაც შევდექით ჩვენ-ჩვენს საქმეში და რესოციალიზირებულ ოჯახად ჩამოვყალიბდით. ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში და ბევრი საინტერესო კონტრაქტი გვაქვს. ეს არის საქმიანი და აქტიური ცხოვრება.

გვაქვს ჩვენი გეგმები როგორც ბიზნესის, ისე საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. ამ ეტაპზე კი მე მთლიანად ფოკუსირებული ვარ მეცნიერებაზე. გაერო-მ შემომთავაზა არაერთი პროექტის დამუშავება ექსპერტის დარგში და ა.შ.

-ციხეში გატარებულმა დღეებმა რამდენად დააჩნია კვალი თქვენს ცხოვრებას და რა კუთხით?

– ეს ალბათ ყველაზე პოზიტიური კვალია, რადგან სრულიად ახალი შესაძლებლობები გამიხსნა ამ ციხემ. მთავარი ჩემთვის ის იყო, ქრთამის აღების ნაწილში გავმართლებულიყავი. დადასტურდა, რომ ქრთამი არ ამიღია და ეს იყო ტყუილი ბრალდება, პროვოკაცია.

ციხის შემდეგ დიდი ფანჯარა გამეხსნა. რომ არა ეს დრამატული შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, ალბათ არ გავაგრძელებდი აქტიურად ევროკავშირთან ჩემს სამეცნიერო ურთიერთობებს და დავრჩებოდი მმართველი პოლიტიკური გუნდის წიაღში, რაც თავისთავად ძალიან დამაზარალებდა.ახლანდელი მოცემულობით ბევრად უფრო ფართო მასშტაბებზე ვართ გასული მე და ჩემი ოჯახი. ახალი სუნთქვა გამეხსნა.

– ,,ქართულ ოცნებას”, დღევანდელ ხელისუფლებას, რომლის წევრიც ერთ დროს თქვენც იყავით, როგორ აღიქვამთ, პროვოკაცია მათ მოგიწყვეს?

– ეს არის ჩვეულებრივი ბოროტი ძალა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს მართავს ხელისუფლებას, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. დიახ, მათ მომიწყვეს პროვოკაცია.

– მიზეზი რა იყო?

– არ ვაპირებ ამაზე საუბარს, რადგან მაქვს ჩემი მორალი. საერთო წარსული გვაკავშირებს და არაფერს ვიტყვი, რადგან ასე გამზარდა დედაჩემმა. საზოგადოების პატივისცემაც ალბათ იმიტომ უფრო დავიმსახურე, რომ არ გავხდი მორიგი ჭორიკანა, როგორც სჩვევიათ ხოლმე საქართველოში პოლიტიკოსებს.

– პოლიტიკაში დაბრუნდებით ოდესმე?

– პოლიტიკაში არც ვყოფილვარ. ეკონომიკის დოქტორი ვარ და ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი. ჩემი გამოცდილებით და ტვინით მუდამ დავეხმარები სახელმწიფოს, ეს იქნება პოლიტიკური ტრიბუნა თუ სხვა.

2012 წელს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ამ გადასახედიდან კვლავ იმავეს გავაკეთებდი. ეკონომიკური პარამეტრებით შედარებით უარესი მოცემულობა გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღეს საქართველოშია, 90-იანი წლების მერე აღარ ყოფილა. თანამედროვე მსოფლიო წყობა დამოკიდებულია ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და თუ ეკონომიკური კეთილდღეობა არ არის, ქვეყანა არის მორღვეული. გადახედეთ ფასებს ქვეყანაში და…

დღეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ის კომიკური პერსონაჟია.

– ციხეში ჯანმრთელობის პრობლემა გქონდათ. ახლა როგორ ხართ?

– სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც მაშინ შემექმნა… ეს იყო მიკროინსულტი, რის გამოც მთელი ცხოვრება წამლების სმა მომიწევს. ეს დაღი კი დამიტოვა, თუმცა ის უდიდესი პრობლემა ვაქციე შესაძლებლობად და გამოვიყენე. ალბათ ერთადერთი ვარ, ვინც ციხის შემდეგ ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა და მე ამით ვამაყობ კიდეც.

– ორი ქალიშვილის მამობა როგორია?

– სამყაროში ყველაზე ლამაზი ცოლი და შვილები მყავს! პატარა კირამ უკვე ლაპარაკი დაიწყო, დადის ბაღში და ძალიან აქტიურია. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ვთვლი, რომ ყველაზე კეთილშობილი არსებაა დედამიწაზე. ძალიან კეთილი ბავშვია.

ჩემი უფროსი გოგონა ნინიც ასევე ძალიან კარგი და კეთილი გოგოა. კომუნიკაბელურია, კარგად სწავლობს, ულამაზესი და უსაყვარლესია და ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრება შედგა იმ კუთხით, რომ მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, შვილები, მაქვს საამაყო კარიერა.

– თქვენი პირველი ქორწინების მაგალითზე შეგიძლიათ თქვათ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება შეცდომაა?

– არ ვთვლი, რომ შეცდომაა. 20 წლის ვიყავი მაშინ. არ მიყვარს კლიშეები. ჩვეულებრივი ამბავია ოჯახის დანგრევა თანამედროვე რეალობაში. პირველი ქორწინებიდან მყავს უმაგრესი და ულამაზესი შვილი და, შესაბამისად, როგორ შეიძლება ამას შეცდომა ვუწოდო?!

ნინის არაჩვეულებრივი დედა ჰყავს, რომელთანაც, რა თქმა უნდა, ცივილიზებული ურთიერთობა მაქვს. ჩვენს შვილს ფაქტობრივად ერთად ვზრდით და დეაც აქტიურად არის ჩართული ნინის აღზრდაში, განვითარებაში, განათლების მიღებაში და ა.შ. ერთად მივდივართ დასასვენებლად, ნინი არაჩვეულებრივი უფროსი დაა კირასთვის.

ზოგჯერ ადამიანები ვერ ეთავსებიან ერთმანეთს და ეს ხდება 20 წლის ასაკშიც, 40 წლის ასაკშიც და 60 წლის ასაკშიც. არის პირადი ურთიერთობა და არის სხვა დანარჩენი. ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის რაღაც პირადი დამთავრდა, მაგრამ გვაქვს ერთმანეთთან დიდი ვალდებულება ჩვენი შვილის სახით.

– როცა ნამდვილი სიყვარულია, მაშინაც მთავრდება რაღაც და იწყება ახალი?

– სიყვარული დაფუძნებულია მეგობრობაზე. არ მჯერა ისეთი სიყვარულის, რომელიც თავის თავში ღრმა და აქტიურ მეგობრობას არ მოიცავს. პირველ რიგში, ის უნდა იყოს კარგი პარტნიორი, მეგობარი და მერე ხდება თანამეინახე, მეუღლე თუ შვილების დედა. როდესაც ის არ არის შენი მეგობარი, ვერასოდეს იქნება ვერც შენი საყვარელი ადამიანი. თუ ორ ადამიანს შორის არ არის განსაკუთრებული ქიმია, ვერანაირი კლიშე ამ ურთიერთობას ვერ გადაარჩენს.

– დეამ მონაწილეობა მიიღო კულინარიული შოუს “მასტერშეფის” შესარჩევ ტურში, მაგრამ მონაწილეთა შორის ვერ მოხვდა. ოჯახში როგორი კულინარია?

– ბრწყინვალე კულინარია! სასწაულების გაკეთება შეუძლია. ყველას აოცებს თავისი გემრიელი მომზადებულით და ეს ჩემს წონაზეც აისახა, გამასუქა. სამწუხაროდ, მალე დაატოვებინეს პროექტი. ვფიქრობ, ამით ქართულმა სატელევიზიო შოუმ ძალიან საინტერესო სახე დაკარგა.

– თავად რით ანებივრებთ ლამაზ მეუღლეს?

– ყველაფრით, რისი გაკეთებაც შემიძლია, რომ გავახარო. ერთმანეთი გვიყვარს და ჩემგან ყველაფერი უხარია. სიურპრიზების გაკეთება კი დეას უფრო უყვარს, ვიდრე მე. მანებივრებს მეც და სხვებსაც.

ციხიდან რომ გამოვედი, მხოლოდ დეა მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ დამხმარებოდა. როცა ფეხზე კარგად დავდექით, მაინც დეა აგვარებს ასეთ რამეებს. ჩემთვის ავტომობილი გადაადგილების საშუალებაა, დეტალებს კი დეა აკვირდება და ის წყვეტს, რომელი ავტომობილი მინდა, რომელი საათი მეკეთოს და ა.შ. დეაა ჩემი შემქმნელი თავიდან ბოლომდე. არ მახსოვს, ბოლოს როდის მომეწონა რამე და ვიყიდე, სულ დეა ყიდულობს ჩემთვის ყველაფერს.

– დეას რა უყვარს?

– თუ გინდა, დეა ბედნიერი იყოს, უნდა ჰქონდეს ძალიან ბევრი ტანსაცმელი და პარფიუმერია. მე ძირითადად ვაფინანსებ. სიურპრიზი, იცით, რა არის? თვალს რომ გაახელს და ძალიან მაგრად რომ აკოცებ!

– ინტერვიუზე რომ ვთანხმდებოდით, მითხარით, ბავშვს დავაძინებ და მერე ვისაუბროთო…

– აქტიურად ვარ ჩართული ბავშვის აღზრდა-განვითარებაში და ეს მომწონს. მე თუ არ ჩავეხუტე, არ დაიძინებს. ვერ ვიტან ფრაზას “მეუღლეს ვეხმარები”. რას ჰქვია, ეხმარები?! მეუღლეებმა ერთად უნდა გაზარდონ ბავშვი. ვბან, პამპერსსაც ვუცვლი და სხვა ყველაფერსაც ვაკეთებ. კირას ტანსაცმელიც გამიუთოვებია, ჩემიც, დეასიც… ოჯახია და, აბა, როგორ გინდა?! რა სტანდარტია, რომ ჭურჭელი მაინცდამაინც ქალმა უნდა დარეცხოს? მეც და დეაც ყველა საოჯახო საქმეს ვაკეთებთ. როცა გაითავისებ ოჯახს, ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება.