რომის პაპს უდიდესი მადლიერება ეკუთვნის ქართველებისაგან იმის გამო, რაც მან, პირველ რიგში, ქრისტესა და შემდგომ – ჩვენი პატრიარქის მიმართ სიყვარულით გაგვიკეთა – ქართველები მთელი მსოფლიოს წინაშე წარმოგვაჩინა ჩვენი კულტურის ყველაზე მშვენიერი და ამაღლებული მონაპოვრით, და თანაც, წარმოგვაჩინა რომის ეკლესიის გულში და ყველაზე საკრალურ ადგილებში – წმინდა პეტრეს საფლავთან და სიქსტის კაპელაში, სადაც, ღვთაებრივი მიქელანჯელოს მარადიული შედევრების წინ ირჩევენ ხოლმე პაპებს, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის აღნიშნავს, რომ რომის ეკლესია მთელ ევროპაში გვითმობს უსასყიდლოდ, ან მიზერულ ფასად ტაძრებს, სადაც მოღვაწეობენ ჩვენი ძვირფასი მოძღვრები და სულიერად აპურებენ ჩვენს მრავალრიცხოვან ემიგრანტებს.
„ისეთი ბედნიერების დღეები გვაქვს, რომ საერთოდ არ მინდა რაიმე უარყოფითზე ვისაუბრო. ასი ათასობით და მილიონობით ადამიანის სიხარულს ვხედავთ ინტერნეტში და ქუჩაში.
ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ამ პოსტის გარდა, სხვა აღარაფრით აღარ ვუპასუხოთ იმ რადიკალ-სექტანტებს, ვინც ჩვენ გვლანძღავენ. არ ვუპასუხოთ, არც უნიჭო პოლიტიკურ სექტანტებს, ვინც, სიტყვით ლიბერალები არიან და საქმით პოლიტიკურ-ტოტალიტარული სექტის რელიგიური ლიდერები, და არც საეკლესიო სექტანტებს – ვინც 25 წელია მტრობენ ქართულ გალობას, სიმღერას, ცეკვას, მტრობენ პატრიარქს და ეკლესიას, აბნელებენ და ძალადობის სინონიმად წარმოაჩენენ ქრისტიანობასა და ჩვენს ეკლესიას, ისინი, ვინც სრულიად მარტივ ჭეშმარიტებაში და საღვთისმსახურო საკითხში, 2003 წლის მერე, თითქმის 20 წელია, არ ემორჩილებიან წმინდა სინოდსა და პატრიარქს.
ჩვენ ამ ლიბერალი და ფუნდამენტალისტი რადიკალ-სექტანტების სამიზნე აღმოვჩნდით. თუმცა, უარყოფითი შეფასება ბევრად ნაკლები მივიღეთ, სიყვარული და მადლიერება კი მრავალთაგან გვერგო, რისთვისაც უზომოდ მადლიერნი ვართ. ნიშანდობლივია, როდესაც ლაშა ბუღაძე და დავით ისაკაძე ერთად გლანძღავენ ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის კარგი საქმე გაგვიკეთებია. ლიბერალი და ფუნდამენტალისტი რადიკალები სულით ერთნაირები არიან, უბრალოდ, სხვადასხვა თემებზე აქვთ გაჭედილი – ერთს პოლიტიკისა და “თავისუფლების” გამო, მეორეს კი, რელიგიისა და “ღმერთის” გამო, შეუძლიათ, ადამიანები მოკლან და გაწირონ. ისინი ბოლშევიკები და ნაცისტები არიან – ჰუმანიზმზე, სიკეთესა და ტოლერანტობაზე წინ აყენებენ თავიანთ აკვიატებულ იდეებს“, – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.
მისი თქმით, ფანატიზმი სიგიჟეა. სიგიჟის ერთ-ერთი ნიშანი კი, არის რეალობის მიუღებლობა, არა-ადეკვატურობა.
„რეალობის არ-მიმღებ ლიბერალ-რადიკალთა ერთ ნაწილს „ერორი“ იმაზე დაემართა, რომ მათ მიერ პრორუსულად შერაცხულმა საპატრიარქომ და ხელისუფლებამ, უცბად ნათელი, კეთილი, პროგრესული, პრო-ევროპული და იმავდროულად, ეროვნული საქმე გააკეთეს – მსოფლიოს კულტურულ-სულიერ ცენტრში ქართული მუსიკა გააჟღერეს. მილიარდ-ნახევრიანი კათოლიკური სამყაროს და მათ შორის, ევროპის სულიერმა ლიდერმა – პაპმა მიქელანჯელოსთან დააყენა და წარმოაჩინა ქართული გალობა-სიმღერა, ქართული მუსიკა.
რადიკალების მეორე, ფანატიკურ-ფუნდამენტალისტური ნაწილი კი ჯიუტად არ იღებს იმ რეალობას, რომ მათ მიერ სატანად და ანტიქრისტედ შერაცხულ პაპთან, არა ევქარისტიული, მაგრამ, კეთილი, მეგობრული, სიყვარულითა და პატივისცემით აღსავსე ურთიერთობა აქვს, პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიას – მსოფლიო პატრიარქსაც, ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქსაც, რომლის კურთხევითაც ჩვენ გავემგზავრეთ და ვიმღერეთ სიქსტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. მმკ-ელთა მთავარ დამფინანსებელსა და იდეოლოგიურ ლიდერს – რუსეთის პატრიარქსაც კი აქვს ახლო ურთიერთობა რომის კათოლიკურ ეკლესიასაც.
ჩვენს რელიგიურ ფაშისტებს გულზე მოხვდათ, როდესაც ჩვენ პატივი მივაგეთ პაპს. ამ დროს, ჩვენ ნამღერი გვაქვს ირანის აიათოლასთან, აზერბაიჯანის სულიერ ლიდერთან, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან. როდესაც ირანში ვიყავით, იქ ჩვენს წინაშე ერთ-ერთმა აიათოლამ უთხრა პატრიარქს – „ცუდად ვარ დამლოცეთ და ილოცეთ ჩემთვისო“. პატრიარქმა ის დალოცა. მეორე აითოლამ კი უთხრა – „როდესაც აქ მოდიოდით, მე ვიხილე უამრავი ანგელოსი თქვენს გარშემო“-ო. პაპის სიტყვებიც და შეფასებაც პატრიარქზე ცნობილია და ყველამ ვიცით.
რა გამოდის, პატრიარქი იქცევა არა-სწორად ამ ადამიანებთან ასეთი ურთიერთობით თუ მმკ-ელი სექტანტები? პასუხი ცხადია.
გავიგე, რომ სხვა რაღაცებში არ მოგწონთ ხელისუფლება. ნუთუ, არ შეიძლება ეს სიკეთე დაინახოთ და აღიაროთ? მსგავსი ნაბიჯი ქართული მუსიკის პოპულარიზაციისათვის არც ერთ სხვა ხელისუფლებას არ გადაუდგია. რისთვისაც აკრიტიკებთ წულუკიანს, გააკრიტიკეთ, კი ბატონო. მაგრამ, ამ სიკეთეზე, მადლიერება თუ არა გაქვთ მაგ გაქვავებულ გულებში, ცუდს მაინც ნუ იტყვით რა. ასე ძნელია ადამიანობა? რომან გოცირიძემაც კი შესძლო და სიკეთე დაინახა ამ კონცერტებში. რამდენმა ნაცმა და არა-ნაცმა მოგვწერა და აღნიშნა ამ დღეების ეროვნული მნიშვნელობა… თუ დამსახურებული კარგის თქმა არ შეგიძლია, დაუმსახურებელ ცუდს მაინც რატომ გვეუბნები, ადამიანო?“, – წერს ჯანგულაშვილი.