“მოკლე დროში დავქორწინდით. არც ის მიცნობდა კარგად, არც მე ვიცნობდი… ეს ქორწინება გარიგებით არ შემდგარა”
მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილმა გადაცემაში “ნოესთან“ ვრცლად ისაუბრა ყოფილ ქმართან ურთიერთობაზე, გარდაცვლილ მამაზე, ბებიაზეც…
ნინი ბადურაშვილი:
“გათხოვების დროს ემოციურად ვფიქრობდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით. ძალიან მოკლე დროში დავქორწინდით. არც ის მიცნობდა კარგად, არ იცოდა ჩემი ხასიათი და არც – მე. ალბათ, მაგიტომ მოხდა ასე მალე ჩვენი განქორწინება.
შეიძლებოდა მეც ანგარიში გამეწია, მასაც და უფრო დიდხანს ვყოფილიყავით ერთად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ასე დამთავრდებოდა, როგორც დამთავრდა.
ეს ქორწინება გარიგებით არ შემდგარა. მოსკოვში რაღაც კონცერტი ტარდებოდა და ის ამ ღონისძიების ორგანიზატორი უნდა ყოფილიყო, ასე გავიცანით ერთმანეთი”.
კითხვაზე, არის თუ არა ეს ქორწინება მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული, ნინი ბადურაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა…
“დედობისთვის მზად ვიყავი. 26 წლის გავთხოვდი და ვფიქრობ, ნორმალური ასაკია. ასეთი ბედნიერება არ არსებობს. რაც არ უნდა ვაკეთოთ და შევქმნათ, მთავარი მაინც შვილებია. ელენე აბსოლუტურად განსხვავდება ჩემგან, მისი ხასიათი ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი. მას შეუძლია სითბოს გადმოცემა, რაც, სამწუხაროდ, მე არ მაქვს, შეიძლება ძალიან მიყვარდეს ადამიანი, მაგრამ…” – თქვა მომღერალმა გადაცემაში.
კითხვაზე, მარიხუანა აქვს თუ არა გასინჯული, ბადურაშვილმა დადებითად უპასუხა და იქვე აღნიშნა, რომ ეს ნოესთან ერთად მოხდა… ნინიმ მამაზე და ბებიაზეც ისაუბრა:
“ლალი ჩემი ძალიან დიდი მეგობარი იყო, კეთილი, თანამედროვედ მოაზროვნე ქალი. ის იყო საყრდენი კედელი მამაჩემის, ბიძაჩემის და ბაბუასი. როდესაც ლალი წავიდა, იმ ოჯახიდან დარჩა მხოლოდ ბიძა… ის იყო ბურჯი, რომლის გარშემოც ტრიალებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტკივილი ჰქონდა გადატანილი, არასოდეს გაგრძნობინებდა, რომ ცუდად იყო. ყველა გადაცემის შემდეგ მირეკავდა ხოლმე, გულშემატკივრობის დიდ კორიანტელს აყენებდა. ბიძასთან მივდივარ, ვნახულობ, მაგრამ ის სული აღარ არის, რაც ტრიალებდა იმ სახლში.
ერეკლე დამესიზმრა გადაცემაში მოსვლის წინ. მისმა საუბარმა გამაღვიძა, აფორიაქებული ლაპარაკობდა. ერეკლე რომ მესიზმრება, ჩემი ახლობლის გარდაცვალებას ვიგებ. ასეც მოხდა, დღეს სამწუხარო ამბავი გავიგე. ხშირად ვხედავ სიზმარში და რაღაცას მაფრთხილებს. იქ თუ რაღაც არსებობს, გამოდის, რომ ის სულ ჩემთან არის, იმდენად ხშირად ვხედავ. ის მართლაც ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი იყო. იცით, რამდენჯერ მდომებია, რომ დავურეკო, მაგრამ მერე ვიაზრებ, რომ აღარ შემიძლია. მამა და ლალი დღემდე მყავს ჩაწერილი ტელეფონში.
ბოლოს, როდესაც მამა ავად იყო, მგონია, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ ადამიანი გაცივდეს და მოხდეს ის, რაც მოხდა. ვფიქრობ ხოლმე, მე ხომ არ უნდა წამეყვანა ძალით საავადმყოფოში, იმიტომ რომ ექიმებს არ გაყვა. ის საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო…”
https://www.ambebi.ge/