“ჩემი შეყვარებული დაბერებულა! მგონი, გამიხარდა დაბერებული რომ გნახე… როგორ მიყვარდა და ვნატრობდი; დღე და ღამე ვოცნებობდი მის ქმრობაზე”

1,003

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი – დავით გადელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ჩემი შეყვარებული დაბერებულა!

როგორ მიყვარდა და ვნატრობდი; 

დღე და ღამე ვოცნებობდი მის ქმრობაზე. ღამე უფრო..

ჩემს ფიქრებში ორი შვილი გვყავდა, ბიჭი და გოგო.  მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ღარიბმა ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგინე მესამე შვილი როგორ მერჩინა.

– ამ უსახლკაროს გოგოს როგორ გავატანთო! – შენმა მშობლებმა. არადა, რომ წამომყოლოდი, შეიძლება სხვაგვარად წასულიყო ჩემი საქმე. შენიც. შენ ექთნობა გინდოდა. კიდეც აგისრულებია რაც გინდოდა. ისიც ვერ გავიგე კარგად, მოგწონდი თუ არა. ალბათ კი, მაგრამ არ გიყვარდი.

დაგინახე თუ არა გიცანი! ამ ფაშფაშა სხეულში შენი ყმაწვილური, საროს ტანი გამოვკვეთე გონებაში. თვალებმა გაგყიდა! თვალები არ შეგცვლია. ისეთივე სითბო და იდუმალება გედგა თვალებში, რაც ორმოცი წლის წინ. არც ტანი და არც მობერებული სახე არ შეეფერებოდა ამ თვალებს!.. არ ვიცი შემრცხვეს თუ არა – მგონი, გამიხარდა დაბერებული რომ გნახე. შეიძლება იმიტომ, რომ ოდესღაც უარით გასტუმრებულმა სიმწრით გავიფიქრე – “ეს სილამაზეც ხომ გაქრება ოდესმე”. ან რა მნიშვნელობა აქვს ჩემს სირცხვილს? მთავარია შენ არ გეცნე! განსაკუთრებით მაშინ შევშფოთდი, როცა სახე ძალიან ახლოს მომიტანე და თვალებში ჩამხედე. კიდევ კარგი, ცუდი განათება იყო და თეთრი გრძელი წვერიც იცავდა ჩემს ძველ რაობას. უფრო იმიტომ არ მინდოდა გეცნე, რომ გული არ დაგწყვეტოდა – “დაბერებული რატომ მნახაო!” არ მინდოდა ახლა რამე გწყენოდა ჩემგან. თუნდაც ის, რომ შენი “ასეთის” ნახვა შემეძლო. თუნდაც ჩემს ასეთ მდგომარეობაში. მდგომარეობაში, როცა სირცხვილმა სრულიად დაკარგა აზრი. ამიტომაც გამიხარდა შენი სიტყვები. მივხვდი, რომ ვერ მიცანი. ხმაც მესიამოვნა – შენს ხმას ჰგავდა. უფრო ზუსტად 40-წლის წინანდელ “შენს”. ალბათ ბოლო სიტყვები იყო ჩემთვის, რაც გავიგონე.

– ეეჰ, უკვე მეორე უსახლკარო მოიყვანა დღეს პატრულმა. ექიმო, ალბათ არ ღირს ამის რეანიმაციაში აყვანა და წვალება. ამ ღამეს ვერ გაატანს. მე მივხედავ, თვალებს მაინც დავუხუჭავ საცოდავს…”

No description available.