“პირველად ლევან ჩოხელთან ერთად რომ ვიფრინე, ვერტმფრენი ვერ დაჯდა…. მთელი გუნდი ხელში აყვანილმა გადმოგვსვა”
ჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძე დაღუპულ მფრინავზე, ლევან ჩოხელზე ემოციურ პოსტს ავრცელებს:
“პირველად რომ ლევან ჩოხელთან ერთად ვიფრინე, ზამთარი იყო, ხევსურეთი, ცუდი რელიეფი, წელამდე თოვლი, ვერტმფრენი ვერ დაჯდა და ჰაერში გააჩერეს. მთელი გუნდი ხელში აყვანილმა გადმოგვსვა, მას მერე დამინახავდა თუარა იცინოდა – სულ ხელში აყვანილმა უნდა გატაროო. როდესაც ფრენაზე მივიდოდი, აეროდრომზე შესვლისთანავე ვცდილობდი მფრინავებს შორის ეს ოქროს კაცი მეპოვა. სანდო და პროფესიონალი, მშვიდი და ღიმილიანი. მეორე დღეა ჩემს სიუჟეტებს ვეძებ, ვუყურებ, ვატრიალებ ამ კადრებს და გული მეგლიჯება. სულ ვფიქრობ იმ ბოლო წამებზე, რომ დაეშვნენ, მიხვდნენ რომ საშველი აღარ იყო და ჩავარდნენ, ნეტავ რას ფიქრობდა, რა განიცადა.. ასეთი ხალხი ასე წამში როგორ დავკარგეთ..
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მედიკოსი, მაშველები და პილოტები. ბორტზე მყოფები მიფრინავდნენ პარაპლანისტების დასახმარებლად, რომლებიც კლდეს შეეჯახნენ. ერთ-ერთი პარაპლანისტი, უცხოელი ტურისტი შემთხვევას ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ: მაშველები – მფრინავები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე; კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; სასწრაფოს დახმარების ექიმები – ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი.