მსახიობი ანკა ვასაძე „ტელეიმედზე“ პროექტ „ვინ ვინ არის“ ერთ-ერთი განსაკუთრებული მონაწილე – არწივი აღმოჩნდა. მან ბოლომდე მოახერხა ვინაობის კარგად შენიღბვა.
ანკა ვასაძე: როდესაც პროექტში მონაწილეობაზე მივიღე შემოთავაზება, რამდენჯერმე ვთქვი, რას ლაპარაკობთ, გამორიცხულია-მეთქი. მაგრამ, როცა ამიხსნეს, რომ ეს არ იყო სიმღერის კონკურსი და მთავარი იყო როგორ შენიღბავდი შენს ვინაობას, დამაინტერესა. მივხვდი, რომ როგორც მსახიობს, ეს შანსი უნდა გამომეყენებინა და კიდევ ერთი საინტერესო როლი მომერგო. თუმცა ამ დროს ძალიან დატვირთული ვიყავი – სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა, თეატრში სპექტაკლები კიდევ უფრო ხშირად მქონდა, რეპეტიციებიც დამეწყო და ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ ტუსიას ძიძას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუხდა წასვლა. რამდენიმე ადგილას ერთდროულად უნდა ვყოფილიყავი და გადაღლისგან ხანდახან ცრემლებიც კი მომდიოდა, მაგრამ შემდეგ გრაფიკს ყველას სათითაოდ ვუთანხმებდი, თან ისე, რომ ამ შოუზე არაფერს ვამბობდი და ყველაფერს ვასწრებდი. ძალიან რთულია, საქართველოში არ გვყავს პროდიუსერები, რომ ეს რთული გრაფიკი დაგვილაგონ, ყველაფრის მოგვარება ჩვენ თვითონ გვიწევს. რთულია ასეთი რეჟიმი, მით უმეტეს, ბავშვებთან ერთად, მაგრამ ოჯახის წევრების დახმარებით ვახერხებ, რომ ყველაფერი მოვასწრო. ყველგან მაგვიანდებოდა და ეს ცალკე ნერვიულობა იყო. ერთხელ ჩაწერა გაიწელა და გადაღებაზე ისე დამაგვიანდა სირცხვილით ვერავის ვერ ვუყურებდი.
– როგორ მოახერხე თითქმის სამი თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მოტყუება?
– როცა ჩემს თავს რამე ხდება, მთელმა ჩემმა ოჯახმა იცის. ეს ყოველთვის ასეა. ამიტომ ვერ წარმოიდგინეს ჩემებმა, რომ არ ვეტყოდი. რაც მთავარია, პროექტს მთელი ჩემი ოჯახი უყურებდა და ისინი ვერ ხვდებოდნენ, არამც თუ საქართველო (იცინის). დედაჩემს ამიკო ჩოხარაძე ვეგონე. ბებიაც აღნიშნავდა არწივი კაცი მგონიაო. თავიდან საერთოდ არ ვლაპარაკობდი ამ პროექტზე, ვითომ დიდი ინტერესიც არ მქონდა. დედა, მამა, ბებიები, დეიდა ვერ ხვდებოდნენ. დეიდაჩემმა ბოლოს წინა ლაივზე ამომიცნო და დამირეკა. მამაჩემის ცოლმა ამომიცნო პირველივეზე – ვიცოდი ამ პროექტში რომ იქნებოდიო. ჩემს ქმარს და დას ვუთხარი. თვითონაც ძალიან მაინტერესებდა, მიცნობდნენ თუ არა. თეატრის რამდენიმე მეგობარმა მიცნო, რაც არ გამკვირვებია. ყველაზე ცუდ დღეში ჩემმა მეგობარმა, გიორგი კიკნაძემ ჩამაგდო (დუტას ძმამ), რომელსაც ძალიან კარგი სმენა აქვს, 10 წელია, ვმეგობრობთ და ვერ აიტანა, რომ ვატყუებდი, არ მომეშვა, მაგრამ მე ბოლომდე არ გავტყდი (იცინის).
– თქვი, რომ პროექტებში მონაწილეობას აღარ მიიღებ, რატომ როცა ცეკვების გამარჯვებული ხარ და ამჯერადაც დიდხანს შეძელი ვინაობის დამალვა?
– ზოგადად, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. აღმოჩნდა, რომ აზარტულიც. როცა ცეკვებზე დავთანხმდი, ვიფიქრე, რამდენიმე ტურის შემდეგ, ალბათ, გამოვვარდები-მეთქი, მაგრამ მაყურებლის მხარდაჭერით სტიმული მომეცა. მე და ოთომ იმხელა შრომა ჩავდეთ, ბოლოს მწყუროდა გამარჯვება. ამ პროექტშიც, ასე, ორი-სამი სიმღერის იმედად გავედი და ნახევარფინალში მომხსნეს ნიღაბი. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვე და სულ ცოტა დამაკლდა, ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. ერთადერთი მონაწილე ვიყავი, ვისი სქესიც ბოლომდე სადავო იყო. არწივს ძალიან განსხვავებული და ძლიერი რეპერტუარი ჰქონდა, ბევრი ოცნება ავიხდინე. რაც მთავარია, მაყურებელია კმაყოფილი და ერთი ცუდი კომენტარიც კი არ წამიკითხავს, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი. ეს არტისტისთვის უდიდესი ბედნიერებაა. საბოლოოდ ყველაფერი მაყურებლისთვისაა და ასეთი სიყვარულისა და დაფასებისთვის ძალიან მადლობელი ვარ. ცეკვების მერე თემურ ჩხეიძის რეპეტიცია გვქონდა და ბატონმა თემურმა მითხრა, ახლა სიმღერის კონკურსში ხომ არ გიხილავთო? გამეცინა, არა, სიმღერის კონკურსში ნამდვილად არა-მეთქი, მაგრამ ორი წლის შემდეგ „ვინ ვინ არისში“ აღმოვჩნდი. წინასწარ რთულია, განსაზღვრო, თუმცა ახლა მგონია, რომ პროექტები აღარ მინდა.
– რა იყო შენი მიზანი ამ პროექტში?
– თავიდან პირველ ლაივზე ჩემი მიზანი იყო, რომ სქესი დამემალა და გამოვიდა. შემდეგ მომინდა ბევრი მემღერა და ფინალამდე მიმეღწია. გულწრფელად რომ გითხრათ, ისე არ მინდოდა გამარჯვება, როგორც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. ვფიქრობ, ამ პროექტშიც იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე ველოდი, რაც სოფო ტოროშელიძის, ნინო წითლაურის, დუტა სხირტლაძის, ზურაბ ფანქველაშვილისა და თეა თელიას დახმარებით გამოვიდა და დიდი მადლობა მათ.
– რა შეგძინა ამ პროექტებმა?
– ამ პროექტმა დამანახვა, რომ თურმე, სიმღერაც შემიძლია. მამაჩემის მხარეს ყველა კარგად მღერის, მე ბავშვობაში უსმენოს მეძახდნენ (იცინის). დედაჩემის მხარეს – არა, მაგრამ ვაჟა აზარაშვილი დედაჩემის ბიძაა, ბაბუის დეიდაშვილი და ასეთ გარემოში ჩემი სიმღერა რა მოსატანი იყო. თურმე, ყველაფერს სწავლა უნდა, აღმოჩნდა, რომ დიდი დიაპაზონი მაქვს და როგორც სოფომ მასწავლა, ისე ვმღეროდი. თვითონ სოფოს ისეთი ხმა აქვს, ვეუბნებოდი, შენ რომ მასწავლი, ეგ როგორ უნდა გავიმეორო-მეთქი. როცა იმწამსვე კარგად ვერ ვიმღერებდი, ჩემი თავით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. სოფო მეუბნებოდა, შენ და კიდევ ორი მონაწილე ხართ, ვინც ძალიან სწრაფად მომყვებით, ნუ ნერვიულობო. პირველივე შეხვედრაზე მითხრა, რას ჰქვია, ვერ მღერი, ძლიერი ხმა გაქვს და ბევრი რამის გაკეთება შეიძლებაო.
– პროექტებიდან გამომდინარე, სცენაზე საკმაოდ რისკიანი და თამამი ჩანხარ. როგორია რეალური ანკა?
– არ ვიცი, რამდენად თამამი ვარ. ზოგადად, უფრო მორცხვი ვარ. სცენაზე გამბედაობა მემატება, მაგრამ კოსტიუმის შიგნით კიდევ სხვა ადამიანი ვიყავი. თითქოს ბოლომდე პერსონაჟად უნდა დარჩე და არავინ იცის, ვინ ხარ, არწივმა ხულიგნობა შემმატა. ისე, სულ მეუბნებიან, რომ თავდაჯერებულობა მაკლია და ცოტა გამბედაობაც. შეიძლება, ითქვას, სცენაზე სხვა ადამიანი ვარ და ასეცაა, სცენაზე ყოველთვის სხვას ვთამაშობ, თეატრში, სიმღერისა თუ ცეკვის დროსაც სხვადასხვა პერსონაჟი ვარ.
– ძალიან აქტიური და დატვირთული სეზონის შემდეგ, რა გეგმები გაქვს ზაფხულისთვის, სად აპირებ დასვენებას და ძალების აღდგენას?
– დასვენება ნამდვილად მჭირდება, რაც, ჯერჯერობით, ვერ მოვახერხე. მადრიდში და ალიკანტეზე მივდივართ მე, ჩემი ქმარი, ჩემი და და სიძე. გავერთობით, დავათვალიერებთ და იმედია, კარგად. დავისვენებთ. შემდეგ ისევ სერიალის გადაღებები იგეგმება.
– არ შემიძლია, არ გკითხო ვიზუალზე – სულ უფრო და უფრო კარგ ფორმაში ხარ, გენეტიკის გარდა, რისი დამსახურებაა ეს?
– სხვათა შორის, ნელა დავიკელი. ბავშვის დაბადების შემდეგ, ერთი წელი დამჭირდა ფორმების დასაბრუნებლად. გულწრფელად რონ გითხრათ, დატვირთული გრაფიკის წყალობით ჩავდექი ფორმაში.