“არც უსახლკარო იყო, არც შეშლილი და არც ვინმე გზააბნეული ავლევის გზაზე… ჩემი უნივერსიტეტელი იყო, ფილოლოგი” – რას წერს ქმრის მიერ მოკლულ ქალზე სტუდენტობის მეგობარი?

237

სოფელ ავ­ლევ­ში, ქმრის მიერ მოკლულ ახალგაზრდა ქალს მისი სტუდენტობის მეგობარი, გიორგი ჩუბინიძე სოციალურ ქსელში იხსენებს.

გუშინ ავლევში გოგო მოკლეს (,,30 წლამდე ქალი”, როგორც მედიამ გაავრცელა). ქმარმა გაგუდა. ერთგან ისიც ითქვა ქალს სახლი არ ჰქონდა და მინდვრებში ცხოვრობდნენო (არ ვიცი საიდან მოიტანეს). მერე ამას პოლიტიკური კბილიც გაკრეს და იჭვნეულად იკითხეს – როგორ მოხვდნენ სოფელ ავლევში, იქ შესვლა ხომ შეზღუდული უნდა ყოფილიყოო (თითქოს ეს ამ გოგოს რამეს უშველიდა). ერთგან ითქვა ფსიქიური პრობლემები ჰქონდათ და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდნენო (თითქოს მკვლელობას ეს ამართლებდეს). ჰო, ზოგიერთ მედიას არც ჭირისუფალი მამის კომენტარი გამორჩა…

 საზოგადოება მწუხარებას გამოთქვამს, ხვალ ახალი დღე გათენდება და ახალი ადამიანები გაიზიარებენ მსგავს ბედს, თუ ძალადობაზე კვლავ ვიღლიცინებთ და ასეთ ყოფას გავაგრძელებთ.


მოკლედ, ეს გოგო არც უსახლკარო იყო, არც შეშლილი და არც ვინმე გზააბნეული ავლევის გზაზე მიმავალთაგანი. ჩემი უნივერსიტეტელი იყო, ის ფილოლოგი, მე ისტორიკოსი, ინგლისურის ჯგუფი კი ორივეს გვაერთიანებდა.

სტუდენტობა მატარებელში გავლიეთ პარასკევობით… ერთი გზა გვქონდა ხოლმე… სოფელ ვაყაში ცხოვრობდა… მერე წლები გავიდა, მასწავლებლის მოსამზადებელი კურსი დაუმთავრებია… დიდი ხანია კონტაქტი არ გვქონია…

რა უცნაური ბედი ჰქონია. მერე გავიგე რომ რაღაც შეემთხვა, რამაც ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩინა… იქნებ საზოგადოება რომ ასეთი ჩაკეტილი და ინდეფერენტული არ ყოფილიყო ამ გოგოს რამე შველოდა… უკეთესი გზაც ჰქონოდა, სამსახურიც ეშოვა თავისი პროფესიით და ეცხოვრა იმ თავის სოფელში ბედნიერად…

არ ვიცი, ვერ ვიტყვი ვისი და რისი ბრალია, მაგრამ ეს გოგო ასეთ ამქვეყნიურ დასასრულს არ იმსახურებდა. მშვიდად განისვენე, სტუდენტობის მეგობარო!
ფოტო: 2013 წელი, ტარიელ ფუტკარაძის საჯარო ლექცია საპატრიარქოს უნივერსიტეტში”, – წერს ჩუბინიძე.

სოფელ ავლევში 30 წლამდე ქალი მეუღლემ გაგუდა. შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. ფაქტზე სამართალდამცავებმა 1988 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს.