“ჯერ საკუთარი თავი უნდა მოგწონდეს და მერე გაეპრანჭო სხვებს”

262

მომღერალი ნინო ძოწენიძე, ყოველთვის ფორმაშია, თუმცა იმიჯის ცვლილებას ერიდება. როგორც თავად ამბობს, ექსპერიმენტები არ უყვარს და უპირატესობას ბუნებრიობას ანიჭებს. ცხოვრებაში არ უყვარს წინაღობები და რაც წლები ემატება, ცდილობს, გვერდით ისეთი ადამიანები ჰყავდეს, ვის გვერდითაც თავს ბედნიერად და პოზიტიურად იგრძნობს.

ნინო ძოწენიძე: გაზაფხულზე დავიბადე, აპრილის თვეში, მაგრამ ზაფხული ჩემი სეზონია, განსაკუთრებულად მიყვარს. ამ პერიოდში სხვა ენერგია შემოდის, მზე და დასვენების დღეები ემოციით გავსებს. პანდემიის გამო ორი ზაფხული არ შეგვერგო, დათრგუნული, შეშინებული, პირბადეებით ვიყავით და ამ ზაფხულს განსაკუთრებულად ველოდი. ამ დროს კონცერტებიც არის დაგეგმილი და დიდი ენთუზიაზმით ველოდი. დავჯდე მშვიდად და მონოტონურად მზეს მივეფიცხო, ეს ჩემთვის დასვენება არ არის. მოკლედ, მე ზაფხულის აქტიურად გატარება მიყვარს.

– ეს ზაფხული იმითაც იყო შენთვის განსხვავებული, რომ შვილმა სკოლა დაამთავრა და უმაღლეს სასწავლებელში გამოცდები ჩააბარა. ინერვიულე?

– ვინერვიულე-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ემოციურად დაძაბული ვიყავი, თუმცა მაინც სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. არ მიყვარს რამის გართულება და არც ისეთი დედა ვარ ზედმეტ განცდებში გადავვარდე. დავყვებოდი ბავშვს გამოცდებზე და რომ ვუყურებდი, დასტრესილი მშობლები როგორ განიცდიდნენ და ნერვიულობდნენ, ცოტა მიკვირდა. მივხვდი, ზედმეტია ამაზე ამდენი ნერვიულობა. იმდენად სტრესულია ბავშვებისთვის გამოცდები, მშობლებისგან კიდევ დამატება, ცოტა მეზედმეტება. რასაკვირველია, სანდრო რომ განიცდიდა, მეც ვნერვიულობდი, მაგრამ არ ვაჩვენებდი. მთავარია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

– მითხარი, ზაფხული ძალიან მიყვარსო. დასვენება მოასწარი?

– ყოველთვის აგვისტოს თვეში გავდივარ დასასვენებლად, თან, ყოველთვის აჭარაში. წელსაც ორი თვე თბილისში გავატარე და აგვისტოს გატარებას ისევ აჭარაში ვგეგმავ. თან, კონცერტებია დაგეგმილი. ორი წელია, აჩიკო მეფარიძესთან ერთად ვმუშაობ პროექტზე – „მსოფლიოს ოქროს ჰიტები“ და ამ ზაფხულს შედგება ამ მაგარი კონცერტის პრემიერა ბათუმში. სცენაზე რომ ვდგავარ და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, უფრო ვისვენებ. ასე რომ, 18 აგვისტოს ბათუმში დამსვენებლებს, სტუმრებს და ადგილობრივებს მართლა საოცარ სიურპრიზს მოვუწყობთ. ისედაც დიდი ხანი ვიჯექით სახლში და ახლა დასვენების, გართობისა და დადებითი ემოციებით დატვირთვის დროა.

– ამ დროს ყოველთვის გარუჯული ხარ. წელს კი ნამზეურს ვერ გატყობ.

– პირველი ზაფხულია, როცა რუჯი არ მაქვს. ამ მხრივ, ეს ზაფხული გამონაკლისია. ჯერჯერობით ვერ მოვახერხე ნამზეურის მიღება. ახლა ვაპირებ შევიფერო, ჯერ დრო მაქვს, ბუნებრივი რუჯით გავანებივრო ჩემი სხეული. სხვათა შორის, ადრე ინტენსიურად კი ვირუჯებოდი, მაგრამ ახლა ვცდილობ, მზის მწველ სხივებს მოვერიდო და კანი დამცავი კრემებით დავიცვა. იმდენი რამ ითქვა და დაიწერა გადამეტებული რუჯის მავნებლობაზე, ზომიერებას ვიცავ, ვფრთხილობ და ალბათ, ეს ასაკმა მოიტანა (იცინის). ადრე ხშირად დავმწვარვარ, განსაკუთრებით ცხვირი მეწვებოდა (იცინის). სამ დღეში გაშავება საკუთარი თავის, კანისა და ორგანიზმის დასჯაა და მე ჩემს ორგანიზმს არ დავსჯი.

– ნინო, ყოველთვის ფორმაში ხარ, გიყვარს მაკიაჟის გაკეთება. ამ მხრივ, ზაფხულში საკუთარ თავს შეზღუდვებს უწესებ?

– მაკიაჟი წლის ნებისმიერ სეზონზე მიყვარს. შეიძლება, მკვეთრი მაკიაჟი არ გავიკეთო, მაგრამ მსუბუქად შეღებილი აუცილებლად ვარ. ყოველდღიურად ვიყენებ ტუშს, „რუმიანას“ და ტუჩს ფანქრით ვიფერადებ, პომადას არ ვხმარობ. ტონალური კი საერთოდ არ მჭირდება. კანი კარგი მაქვს და ამიტომ, ზედმეტად არ ვტვირთავ და არც ზედმეტ პროცედურებს მივმართავ. ორი-სამი თვეა, სახეზე ბავშვის კრემს ვისვამ და არაჩვეულებრივია. ძვირად ღირებული კრემებიც მიხმარია, მაგრამ ბავშვის კრემი სასწაულად მომიხდა. მიყვარს ფორმაში რომ ვარ. ჯერ შენი თავი უნდა მოგწონდეს და მერე სხვებს გაეპრანჭო. ვცდილობ, ფორმაში ვიყო და ამიტომ ვვარჯიშობდი, ცურვაზეც დავდიოდი, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი ცოტა ვზარმაცობ და წონას სახლის პირობებში ვარჯიშით ვინარჩუნებ. გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელად დანაყრება და თუ ორი-სამი კილო მოვიმატე, ჩემი თავი ხელში ამყავს და ზედმეტ კილოგრამებს ორ დღეში ვიკლებ.

– ამას შენეული დიეტით ახერხებ თუ ვარჯიშით?

– უბრალოდ, ვიზღუდავ კვებას, ვვარჯიშობ ან სახლში ცეკვა-ცეკვით დავდივარ. თუ მოტივაციაა, ანუ კონცერტები მაქვს დაგეგმილი, წინა დღეებში კვებას ვზღუდავ – ღამე არ ვჭამ და ვიკლებ. შემიძლია, მარტივად დავიკლო და მარტივად მოვიმატო. ვარჯიშზე ძალიან ცეკვა მიყვარს, განწყობაც მოაქვს და თან ვიკლებ (იცინის).

– თმის სტილსა და ფერს იშვიათად იცვლი. ექსპერიმენტებს ერიდები თუ ცვალებადი ხასიათი არ გაქვს?

– თმის იმიჯის ცვლილება დიდად არ მიყვარს. თუმცა, ადრე წითლადაც მქონდა შეღებილი, ქერადაც, ყავისფრადაც, კარეც მქონდა შეჭრილი. ღებვისგან დავიწვი და გავიუბედურე თმის სტრუქტურა. ახლა ჩემი ფერის თმა მაქვს. ინტენსიურად ვერიდები თმის სტილისა და ფერის შეცვლას. კარე რომ შევიჭერი, ზევით ჩემს ჭკუაზე ვერ ავიწიე, გრძელი თმით კი ნებისმიერ ვარცხნილობას ადვილად გაიკეთებ. თან, ბუნებრივად ხუჭუჭა ვარ და მოსავლელად ადვილია. მარტო თმაზე კი არა, ექსპერიმენტები არაფერში არ მიყვარს.

– რაც ასაკი გვემატება, ბევრი რამის გადაფასება ხდება, კონკრეტულად შენ რა გადააფასე, რა ცვლილებები მოხდა შენს ცხოვრებაში?

– წლების მატებასთან ერთად, ბევრი რამ გადავაფასე – ადამიანები, ურთიერთობები… აღარ შემიძლია ურთიერთობა დაძაბულ, წუწუნა, ნეგატიურ ადამიანებთან. ადრე არ ვიყავი ასეთი, შემეძლო, დიდხანს მესმინა ადამიანის წუწუნისთვის. ახლა კი თავს ვარიდებ. ამის არც ნერვები მაქვს და ტყუილად დაკარგული დროც მენანება. ისედაც რთული ცხოვრებაა, არც მე მიყვარს, როცა ვინმეს ვღლი და არც ის მინდა, რთული და დაძაბული ტიპები ჩემ გვერდით იყვნენ.

– ამის გამო მოგიხდა მეგობრებისა და ნაცნობების „გაცხრილვა“?

– ყველა ადამიანს თავისი ნაკლი აქვს და არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ ვცდილობ „გავფილტრო“. ზოგადად, ადამიანების დაკარგვა არ მიყვარს და არც ვკარგავ. უბრალოდ, დისტანციას ვიცავ.

– ნაკლი ახსენე და რა არის შენი ყველაზე დიდი ნაკლი და შეცდომა?

– ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი სიზარმაცეა და ცოტა ზედმეტად ფრთხილი ვარ. რაღაცას ვიწყებ და მერე ბოლომდე მიყვანა მეზარება. პატარა წინაღობა თუ შემხვდა, ეგრევე ვჩერდები, არ შემიძლია რქებით მივაწვე და გადავლახო. ჩემი მეუღლეც მეუბნება და მეგობრებიც, ასე არ შეიძლებაო, მაგრამ მე ასეთი ვარ და ვერ შევიცვლები. მშვიდობიანი ტიპი ვარ და დისკომფორტთან ერთად მოქმედება, ხმის აწევა და კონფლიქტში შესვლა არ შემიძლია. რაც შეეხება შეცდომას, ყველა ვუშვებთ ცხოვრებაში, თუმცა გამოუსწორებელი შეცდომა ნამდვილად არ დამიშვია. ადამიანი სხვისი შეცდომით ვერ ისწავლი, შენს შეცდომაზე უნდა ისწავლო და მე ასე ვარ. თუ რამე არ გამოდის, სხვაზე არ უნდა გაბოროტდე, მხოლოდ – საკუთარ თავზე.