ტელეჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს იმ დიდი რეზონანსის შესახებ, რაც ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ბოლო დროს ტრიალებს:
„რაც ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ ხდება ჩვენს ქვეყანაში, უკვე სრულ მარაზმში გადავიდა. უფრო მეტიც, უზნეობაში!
როგორც იქნა, გამოჩნდა ქართველი ფეხბურთელი, ვისაც დიდი ფეხბურთის თამაშის არა მარტო პერსპექტივა აქვს (ასეთი ოხრად გვყოლია), არამედ უკვე თამაშობს 21 წლის ასაკში და ვიღაცებმა მისი ეგრევე პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაქცევა გადაწყვიტეს.
ჯერ იყო და ოპოზიციურად განწყობილმა ტიპებმა მისგან პოლიტიკური განცხადებების კეთება მოითხოვეს უკრაინის ომთან დაკავშირებით და რადგან ამ ეტაპზე ხვიჩამ თავი შეიკავა (დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან სათქმელსაც იტყვის), მაშინვე მისი ლანძღვა დაიწყეს, ისე რომ სულის მოთქმაც არ აცალეს ცხოვრების და კარიერის ახალ ეტაპზე, თითქოს თავად არასდროს არაფრისგან თავი არ შეუკავებიათ.
მაგრამ რაც ამის მერე ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერებმა ქნეს, ყოველგვარ ეთიკურ და მორალურ ზღვრებს გასცდა. ხელისუფლებამ ხვიჩას და მისი წარმატებების დასაკუთრება დაიწყო და ამის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში პროპაგანდისთვის გამოყენება. აქოდა, მისი წარმატება მარტო ჩვენ გვიხარია, ოპოზიციაში კი ისეთი ბოღმები არიან, სპორტსმენების წარმატებაზე კი გულზე სკდებიანო.
საქმე იქამდე მივიდა, რომ მმართველმა პარტიამ საშემოდგომო სესიაზე პოლიტიკური განცხადებების სეზონი სწორედ ხვიჩაზე საუბრით გახსნა. პარლამენტში გუშინ დებატების მთავარი თემა ის იყო, ვის მეტად უხარია ხვიჩას წარმატებები.
ხელისუფლების პროპაგანდისტებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ისეთი მაგარი თემაა (რატომაც არა? დღეს საქართველოში ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობს), ძირს არ უნდა დავუშვათ, სულ აგდებული უნდა გვქონდეს და ვურტყათ ოპოზიციას ხვიჩას წარმატების ხარჯზეო. ჰოდა, ყოველ დღე ახალ-ახალ სიმაღლეებს თუ სიდაბლეეებს იპყრობენ. გუშინ კი საერთოდ ფსკერი ჩახიეს: იტალიელ გულშემატკივრებს ხვიჩას კრიტიკოსი ქართველი ჟურნალისტის გინება ჩააწერინეს ქართულ ენაზე და ამ ვიდეოს ატრიალებენ მთავრობის მხარდამჭერი პროპაგანდისტული გვერდები…“