NBA-ში მოასპარეზე ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია უკვე 13 წელია დაოჯახებულია. მისი მეუღლე “სუხიშვილების” ყოფილი მოცეკვავე თიკა ალავიძეა. წყვილს 4 შვილი ჰყავს. ისინი ძირითადად ამერიკაში ცხოვრობენ.
ფაჩულია ალავიძესთან პირველ შეხვედრას იხსენებს და ჰყვება, თუ როგორ მოხდა მათი დაოჯახება:
“პირველ ცდაზე არ გამოვიდა. პირველად რომ შევხვდით, ხელი ჩამოვართვი, ჩემი სახელი ვუთხარი და აუტყდა სიცილი. ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო (იცინის). თურმე სიმაღლეზე გაეცინა. ეს მოხდა ივნისში და რამდენიმე თვის მერე, სექტემბერში სწორ დროს სწორ ადგილზე მოვხვდით. მქონდა ღონისძიება მერიაში, ვხვდებოდი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების შვილებს. საკმაოდ ემოციური დღე იყო ჩემთვის. ამიტომ ძალიან ბევრს ვფიქრობდი, რომ სწორი მესიჯები მეთქვა მათთვის და მოტივაცია მიმეცა…
ამ ღონისძიებაზე უნდა შევიდე, გადმოვდივარ მანქანიდან და ამ დროს გამიარა თიკამ. ოღონდ იმ დროს ვერავის ვხედავდი, მხოლოდ ვფიქრობდი ამ ბავშვებზე. თურმე თიკას ეგონა, რომ დავაიგნორე, ამ დროს ასე არ იყო. მაშინვე დაურეკია ჩვენს სერთო მეგობართან და გაულანძღივარ, ცუდი ადამიანი ყოფილაო, უთქვამს.
შემდეგ ჩემმა მეგობარმა გამოასწორა ისევ სიტუაცია – უთხრა, ზაზას ნომერი დავკარგე და აუცილებლად უნდა დაველაპარაკო მას და ტელეფონი მიუტანეო. დიდხანს თიკა უარზე იყო. მე ამასობაში ბავშებთან ფოტოები გადავიღე, ვისაუბრე და ამ დროს მოვიდა თიკა, რომ ტელეფონზე შენს მეგობარს საუბარი უნდაო. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ყველა იმსახურებსო მეორე შანსსო… და მეორე შანსი წარმატებული აღმოჩნდა, წელიწადნახევარში დავოჯახდით… დღეს ოთხი შვილი გვყავს” – იხსენებს ფაჩულია გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან”.