“180 გრადუსით შევცვალე ჩემი ცხოვრება – ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, რაც არასდროს გამიკეთებია”

388

ბოლო პერიოდში, მსახიობ ლევან სუხიტაშვილის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რამაც მასზეც დიდი გავლენა იქონია.

ლევან სუხიტაშვილი: თბილისში კარგა ხანია, არ ვყოფილვარ და ახლა ჩამოვედი დასასვენებლად. სულ კაპროვანში ვარ, იქ რუტინული ცხოვრება არ მაქვს და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ყოველდღიურობა მსიამოვნობს. თბილისში რომ ჩამოვდივარ, აქ ერთი კვირის შემდეგ უკვე რუტინა იწყება და ეს დამღლელია.

– იქ ოჯახიც კომფორტულად აეწყო?

– არა, მთლად ასე დალაგებული არ გვაქვს ყველაფერი. თუმცა, ჩემი და ჩემი მეუღლის დიდი სურვილია, რომ არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დაწესებულებები. ელემენტარული, სკოლა რომ გვქონდეს ახლოს, დიდი სიამოვნებით გავატარებდით მთელ დროს. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ბავშვებს არ მოსწონთ სულ იქ ყოფნა. რაღაც დროის შემდეგ იწყენენ და თბილისში ურჩევნიათ. ესეც იმიტომ, რომ არ არის შესაბამისი გარემო. იქ რომ იცხოვრო, მინიმუმ, საქმე უნდა გქონდეს. ჩემი პროფესიითაც რომ შემეძლოს იქ მუშაობა, ძალიან კარგი იქნებოდა. შესაძლებელი რომ იყოს, იქ ვაკეთო საქმე, რომლიდანაც შემოსავალს ვიღებ, სიამოვნებით სულ იქ ვიცხოვრებდი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონების განვითარება.

– არ გიჭირთ ოჯახის „გაყოფა“?

– არ არსებობს კვირა, რომ თბილისში არ ჩამოვიდე. ახლა ზაფხულია, გადაღებები არ არის და ამიტომაც თვეზე მეტია, აღარ ჩამოვსულვარ, თორემ მანამდე კვირაში ერთხელ აუცილებლად ჩამოვდიოდი.

– ჩპს-ში (ჩვენი პირველი სერიალი) საინტერესო კაცის როლი მოირგე – ერთ მხარეს რომ ერთი ცოლი უზის და მეორე მხარეს – მეორე. როგორ წარმოგიდგენია ასეთი ცხოვრება?

– მე – რატომ, მე ხომ ლევანი ვარ (იცინის). გიუშისთვის საერთოდ არ არის ეგ პრობლემა. რო რამე, მესამე ცოლსაც დაიმატებდა და მეოთხესაც (იცინის). მე მეორე მეზარება, ერთი არ მეყოფა? (იცინის) გიუშკი, ჩემთან შედარებით, ცოტა უფრო „პოხუისტია“. მისთვის არც ერთია პრობლემა და არც ცხრა იქნება. ერთადერთი პრობლემა შეაწუხებდა, სახელები აერეოდა.

– შენმა პერსონაჟმა სერიალში შვილი გაათხოვა და რეალურ ცხოვრებაშიც რომ გადმოვიდეთ, შენი შვილიც დაქორწინდა. რამხელა შვილი გყავს და სიმამრის ამპლუაში როგორია ლევანი?

– კი, ასე მოხდა. ჩემი შვილი ოცი წლის არის. სიმამრის ამპლუაშიც ისეთი ვარ, როგორიც ნებისმიერ სხვაში. დრო გადის, წლები გემატება, თორემ რა მნიშვნელობა აქვს სიმამრის ამპლუაში ხარ თუ ვის, შენ ხომ შენ ხარ, საკუთარი აზრითა და მორალით. საკუთარი პრინციპები გაქვს და მისგან გამომდინარე უყურებ ყველაფერს, მათ შორის, ცხოვრების განმავლობაში შემომატებულ ადამიანებს. წესით, ადამიანი სხვებთან მიმართებაში არ უნდა იცვლებოდეს. მგონია, რომ მეც არ ვიცვლები, მათ შორის არც ახლად გაცნობილ ადამიანებთან.

– თქვი – გავბრაზდი, როცა შვილმა ეს ნაბიჯი გადადგაო.

– კი, მაგრამ ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სხვა მხრივ, არ მინდა, სხვის ცხოვრებაზე ვილაპარაკო. ჩემი შვილია, ძალიან მიყვარს, კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს მისი ცხოვრებაა.

– კაპროვანში გადასვლით ჩემმა ცხოვრებამ მიმართულება შეიცვალაო. შეგცვალა ახალი ცხოვრების სტილმა?

– კი, შემცვალა. როცა ცხოვრებას იცვლი, შენც უნდა შეიცვალო რაღაც მხრივ. 180 გრადუსით მაინც შევცვალე ჩემი ცხოვრება. გადავედი ახალ გარემოში და ისეთ რამეებს ვაკეთებ, რაც ცხოვრებაში არ გამიკეთებია. მაგალითად, გასკდა კანალიზაცია და ადგილზე რომ მივდივარ, ვიცი, რა უნდა გავაკეთო. აქამდე ამაზე არც მიფიქრია. ახალმა გამოცდილებებმა დადებითისკენ შემცვალა. ბევრი ადამიანის შრომა დავაფასე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც ძალიან ბევრ პროფესიასთან მქონდა შეხება, ახლა მათგან რადიკალურად განსხვავებული საქმეების კეთება ვისწავლე, თანაც, როგორც მასპინძელმა, სტუმრებთან ურთიერთობაც. თან, მე ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ამის გარეშე თითქმის არ შემიძლია. ურთიერთობები ჩემთვის ნარკოტიკივითაა. თუ ადამიანებთან არ ვურთიერთობ, შეიძლება, გამოვიფიტო, დავიშალო. როგორც ელემენტი ჯდება, მეც ასე მემართება და ასეთ მდგომარეობაში, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა მმუხტავს. ეს საქმე ამაში მეხმარება და მგონია, რომ ძალიან კარგად მოვირგე. ამიტომაც არ მაკლია თბილისი, კაპროვანში ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. თან ჩემს საქმესაც არ ვაფუჭებ და პროფესიულადაც აქტიური ვარ. ბედნიერი ადამიანი ვარ, ამ ყველაფერთან ერთად, ირგვლივ ბევრი საყვარელი ადამიანი მყავს. ფული თუ ბედნიერება, ეს კითხვა ხომ მარადიულია და ალბათ, ყველა ნორმალური ადამიანი ბედნიერებას აირჩევს, მათ შორის, მეც. ბევრი ფული არც არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს, მაგრამ იმით, რაც მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ.

– შენ და მამუკა ღლონტი კაპროვანში შრომობთ და კარგადაც ერთობით.

– მამუკა ძალიან მიყვარს. მოვიკითხავ, ახლა სამოგზაუროდ არის წასული. სადღაც გერმანიაში მოტოციკლეტი იყიდა და აქ მიმატოვა. ვეჭვიანობ კიდეც, იქ სოლო კარიერა არ დაიწყოს (იცინის). ძალიან შევეჩვიეთ კაპროვანში ერთმანეთს, ხშირად, ზამთარში, მარტო მე, მამუკა და ძაღლები ვყოფილვართ. როცა რომელიმე მივდივართ, გვაკლია ხოლმე ერთმანეთი. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ მე კაპროვანში არ მიჭირს. ძალიან მაგარი ადამიანია, მალე ჩამოეთრიოს, დავიღალე მის გარეშე (იცინის).

– სიახლეები და გამოწვევები გიყვარს?

– მაგიტომაც ვსწავლობდი ხუთ ინსტიტუტში. რამე თუ არ მომეწონებოდა, ყველაფერს ვანგრევდი და ნულიდან ვიწყებდი ახალს. სულ ძიების პროცესში ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ, ეს ჩემი ხასიათია. ახალი გამოწვევები, ახალი ურთიერთობები და თავგადასავლებია, რაც ძალიან მსიამოვნებს.

– ამ პროცესს სირთულეები ახლავს. როგორი ხარ მათ წინაშე?

– გააჩნია სირთულეს. არის სირთულეები, რომელსაც ვიცი, რომ ვერ გავართმევ თავს. როცა ამას ვხვდები, ვაღიარებ და სხვას ვთხოვ დახმარებას ან საერთოდ ვანებებ თავს. ზოგადად, მიყვარს სირთულეები, მაგრამ არა – უაზრო. უაზრო რისკზე არ მივდივარ.