“19 წლის ბიჭი მოკლეს გამოძახებულმა მოძალადეებმა და ჩვენ მოვახერხეთ, იუბილარი გველანძღა”

1,207

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება.

„ბავშვმა თავი მოიკლა პოლიციის დაკითხვის მერე და ერთი ბიძგი და გადავერთეთ სკოლის ლანძღვაზე და დაგვავიწყდა დაკითხვაზე ძალადობის ამბავი…

სკოლის ბავშვებმა თავიანთი თანატოლები დაჩეხეს სკოლის ეზოში და იმაზე ვლაპარაკობდით, რომ მამამ, თურმე როგორ აგინა მთავრობას, ვისთან ერთად დადგა პროტესტისას და სრულებით დაგვავიწყდა სკოლის უკანა ეზოდან გამქრალი ფარდული, ვიღაც ბიძების დაკითხულ-დამუშავებული თინეიჯერები….

კაცს შვილი მოუკლეს ლოგინში და იმაზე ავვიშვიშდით, როგორ თქვა, მთელი სოფელი თავს ავიფეთქებთ, თუ სიმართლეს ვერ ვიპოვითო…

19 წლის ბიჭი მოკლეს გამოძახებულმა მოძალადეებმა და ჩვენ მოვახერხეთ, იუბილარი გველანძღა და დაგვვიწყებოდა, რომ ქურდული გარჩევებია მთავარი სატკივარი და არა დაქირავებული ბინა…

ოდესმე ხომ უნდა ვისწავლოთ მთავარის მეორეხარისხოვნისაგან განსხავება? ოდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი ემოციებით მანიპულირება ჩვენსავე მომავალზე აისახება და გვატრიალებენ, როგორც უნდათ…

კაი, ბატონო, ვიჩხუბოთ იმაზე, რომ ახალგაზრდებმა უფროსების ზედამხედველობის გარეშე არ უნდა იქეიფონ და ნუ დავინახავთ, რომ უფროსების დატრიალებულია ეს ტრაგედია… იმასღა ველოდები, რომ მთავარი პრობლემა შეიძლება იყო დაბადების დღეზე მოწვეული გოგონების კაბის სიგრძე, ან მუსიკის ტემპი ან ნიგვზიანი ბადრიჯნის გემო…” – წერს რუსუდან გოცირიძე.